Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში დღეს ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. იურისტებმა მედიის წარმომადგენლებს იმ რეკომენდაციების ჩამონათვალი გადასცეს, რომლებიც ჟურნალისტებს არჩევნების გაშუქებისას გამოადგებათ. „ხალხის გაზეთის“ რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი საინფორმაციო შეხვედრები აუცილებელია მედიის წარმომადგენლების სამართლებრივი განათლებისთვის.

არჩევნების გაშუქებისას მედიისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები ეხება ჟურნალისტების უფლება-მოვალეობებს - აკრედიტაციის მოთხოვნით დაწყებული, ხმების დათვლით და გასაჩივრების პროცესებით დამთავრებული. საიას მედიის სამართლებრივი ცენტრის ხელმძღვანელის ნათია კაპანაძის აზრით, ეს შეხვედრები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტები არჩევნებზე უფრო მომზადებულები წავლენ.

საუბარი საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის საქმიანობასაც შეეხო. ცენტრის მიზანია დაიცვას ჟურნალისტის უფლებები, როცა მას ხელი ეშლება პროფესიულ საქმიანობაში, პრობლემები ექმნება საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღებისას და სხვა. უფლებების დარღვევის შესახებ ცნობებით გორის ოფისს ჟურნალისტები ხშირად მიმართავენ. არაერთი იურიდიული კონსულტაციის გარდა, ორგანიზაციას ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე, მხოლოდ გორში, 15-მდე საქმე აქვს წარმოებაში.

დღესვე საიას გორის ოფისში მეორე პროექტზე, „იცოდე ვის და რისთვის ირჩევ“, საუბარი გაიმართა. ეს პროექტი ამომრჩევლებთან შეხვედრებს და მათთვის საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ამ პროექტის ხელმძღვანელი ნოდარ ჯიქია ამბობს, რომ შეხვედრები არაერთ მუნიციპალიტეტში მოეწყო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საინფორმაციო შეხვედრებს ჟურნალისტებთან, მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და საზოგადოებასთან სხვა ქალაქებში გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG