Accessibility links

logo-print

გორელი ახალგაზრდები მთავარი მოედნისთვის ევროპის სახელის მინიჭებას ითხოვენ


გორში 64 ახალგაზრდა გამოდის ინიციატივით ქალაქის მთავარ მოედანს ევროპის მოედანი ეწოდოს. ეს ინიციატივა „ახალგაზრდა ლიდერთა ქსელის“ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოზე გაჟღერდა. პეტიცია უკვე შედგენილია, ახლა ახალგაზრდებმა დაახლოებით 450 ხელმოწერა (ამომრჩეველთა რაოდენობის 1 პროცენტი) უნდა შეაგროვონ, რომ საკითხი საკრებულოს სხდომაზე გავიდეს. 2010 წლის ივნისამდე გორის მთავარ მოედანზე იოსებ სტალინის მონუმენტი იდგა და ამ მოედანსაც გორელები სტალინის მოედანს უწოდებდნენ.

ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ მას შემდეგ, რაც იქიდან ძეგლის დემონტაჟი მოხდა, მოედანი უსახელო დარჩა. ლიდერთა ქსელის წარმომადგენელი ანა კორინთელი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება იყო და ამიტომ ამ მოვლენის ხაზგასმა, მისი აზრით, ამ ფორმით უნდა მოხდეს.

ლიდერთა ქსელის კურსდამთავრებული ვიკა ქალდანი აცხადებს, რომ იდეა ჯგუფში მომზადდა და მას მხარი ყველა კურსდამთავრებულმა დაუჭირა.

არაფორმალური განათლების ცენტრი „ახალგაზრდა ლიდერთა ქსელი“ გორში 6 თვის წინ გაიხსნა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივობის გაზრდა იყო. სამოქალაქო აქტივობა, ლიდერობა, პროექტების წერა, სოციალური მედია - ეს იმ ტრენინგების არასრული ჩამონათვალია, რასაც ლიდერთა ქსელში როგორც ადგილობრივი, ისე თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტები ასწავლიდნენ. სულ 18 ტრენინგი ჩატარდა. პროექტის ავტორთა სურვილი იყო ახალგაზრდებისთვის ისეთი განათლება მიეცათ, როგორსაც ისინი ვერც სკოლებში იღებენ და ვერც უმაღლეს სასწავლებლებში. ახალგაზრდებთან ერთ-ერთ ტრენინგს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მაია კაციტაძე ატარებდა. მისი აზრით, პროექტის შედეგი უკვე ისაა, რომ კურსდამთავრებულებმა თვითონვე დაიწყეს აქტივობა და უნდათ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ ქალაქის ცხოვრებაში.

გორის მერიის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ვალიაური აცხადებს, რომ ცენტრი კურსდამთავრებულებთან კონტაქტს არ გაწყვეტს და მათ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში დაეხმარება.

ლიდერთა ქსელის ახალგაზრდები საკუთარ თავს უკვე აქტიურ მოქალაქეებად მიიჩნევენ - აპირებენ, რომ ურთიერთობა ჰქონდეთ სხვა ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანინიზაციებთან და მათთან ერთად ყველა პრობლემატურ საკითხზე ჰქონდეთ რეაქცია, რაც, მათი აზრით, მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი გახდება. მათი პირველი აქტივობა მთავარი მოედნისთვის ევროპის სახელის მინიჭების მცდელობაა. გორში ამ თემაზე დისკუსია ჯერ არ დაწყებულა. ახალგაზრდების იდეას საკრებულომ მხარი თუ დაუჭირა, მაშინ გორში სტალინის ქუჩაზე ევროპის მოედანი გვექნება. ზოგიერთ ორგანიზაციაში შიდა დისკუსია უკვე ქუჩის სახელის შეცვლასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG