Accessibility links

logo-print

ცხინვალში მოითხოვენ გორის ტერაქტისთვის გასამართლებულთა საქმეების გადახედვას


ცხინვალში იმ პატიმრების საქმეების გადახედვას მოითხოვენ, რომლებიც სასჯელს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიან. ცოტა ხნის წინ ერევანში გამართული ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის ფარგლებში ჰუმანიტარულ პრობლემებზე მსჯელობისას ეს საკითხი ოსური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გაახმაურეს. ერევანში იმყოფებოდა გორის ტერაქტის მოწყობის ბრალდებით გასამართლებული გიორგი ზასეევის დედა ლუდმილა უსოვიჩი. მან რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის განკუთვნილი მიმართვა გადასცა. მიმართვაში იგი საქართველოს პრეზიდენტს სამუდამოპატიმრობა მისჯილი ეთნიკურად ოსი პატიმრების საქმეების გადახედვას სთხოვს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში უსოვიჩი ამბობს, რომ მისი ვაჟი ციხეში უსამართლოდ ზის და სასჯელს საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ შეკერილი საქმის გამო იხდის. მისი აზრით, თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰუმანურ ნაბიჯს გადადგამს, ეს ოსურ საზოგადოებაში პოზიტიურად შეფასდება და ნდობის აღდგენას ხელს შეუწყობს.

გორში 2005 წლის 1 თებერვალს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოსთან აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ათობით ადამიანი. გამოძიება მაშინვე რუსული სპეცსამსახურების კვალზე ალაპარაკდა. დააკავეს 3 ეთნიკურად ოსი პიროვნება, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ მაშინ გამოძიება ობიექტურად ჩატარდა და ამ საქმეში კითხვის ნიშნები არ არსებობს.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს ეთნიკურად ოსი პატიმრების გათავისუფლების ინიციატივით მიმართა. უჩა ნანუაშვილი ოფიციალურ რეკომენდაციას და პატიმრების სიას პრეზიდენტს რამდენიმე დღეში გადაუგზავნის. ომბუდსმენის ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში საქართველოს 12 მოქალაქე იხდის სასჯელს, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კი 10 ოსი პატიმარი იმყოფება. ნანუაშვილის აზრით, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან პატიმრების გათავისუფლება შერიგების პროცესს ხელს შეუწყობს.

ოსური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერევანშიც აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანური ნაბიჯი ერთხელ უკვე გადადგა, როცა საპყრობილიდან მარეკ დუდაევი გაათავისუფლა, მაგრამ შემხვედრი ნაბიჯი ცხინვალიდან ჯერ არ ყოფილა. თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები კი დიდი ხანია ითხოვენ პატიმრების გათავისუფლებას, პრინციპით, „ყველა-ყველაზე“. ოსური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აზრით, თუ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გადადგამს პოლიტიკურ-ჰუმანურ ნაბიჯს და სამუდამო პატიმრობამისჯილთა საქმეებს გადახედავს, ამით საკუთარ ავტორიტეტს ოსური საზოგადოების თვალში უფრო გაზრდის.
XS
SM
MD
LG