Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს


„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. 26 დეკემბერს სამეურვეო საბჭოს ცამეტი წევრიდან რვამ ფარული კენჭისყრით ჩატარებულ არჩევნებში ხმა გიორგი ბარათაშვილის კანდიდატურას მისცა. ბარათაშვილთან ერთად, რომელიც წლების განმავლობაში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიას მოადგილე იყო, ამ პოსტისთვის კონკურსის ფინალში კიდევ ოთხი კანდიდატი იბრძოდა. რა ნიშნით შეარჩია სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალ ხელმძღვანელად სწორედ გიორგი ბარათაშვილი და რა ცვლილებებს ელის მისგან საზოგადოება?

მეგი თავდუმაძე, ნათია აბრამია, ნიკოლოზ მახარაშვილი, გიორგი ბარათაშვილი და თიკა რუხაძე - ამ ხუთეულიდან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელად სამეურვეო საბჭომ ტელევიზიის ძველი კადრი, გიორგი ბარათაშვილი აირჩია, რომელიც, ამავე საბჭოს წევრების თქმით, კარგად იცნობს პირველი არხის პრობლემებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ კონკურსის დროს სამეურვეო საბჭოს მოლოდინი იყო ისეთი ხელმძღვანელის მოსვლა, რომელიც, პირველ რიგში, ტელევიზიის ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ, ასევე საკადრო პრობლემებს მოაგვარებდა. ბარათაშვილის კანდიდატურა, გახელაძის თქმით, კრიტერიუმებს იდეალურად თუ არა, საკმარისად აკმაყოფილებს. ლევან გახელაძე თავის პირად არჩევანს სხვა მიზეზებითაც ხსნის:

”ის პროფესიონალია. ბოლო სამი წლის განმავლობაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბარათაშვილმა ორი ძალიან სერიოზული პროექტი ჩააბარა. ეს იყო მესამე არხი, რომელიც თვე-ნახევარში ააწყო ტექნიკურად და ეთერში გაუშვა, და ქუთაისის პროექტი. ყველა მოწმეა, თუ როგორი ხარისხის სიგნალი მოდის ქუთაისიდან. ამიტომ, მე ვფიქრობ, არხის მომავალი შეიცვლება უკეთესობისკენ. გასაგებია, რომ ყველას გვინდა ეს მალე მოხდეს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად ჩვენი სურვილები რეალობას ვერ ემთხვევა”.
გადაწყვეტილება იმის გამოც მივიღე, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა, კონკურსია გამოცხადებული, ძალიან კარგი შოუ დაიდგმება, თუმცა წინასწარ არის გადაწყვეტილი, თუ ვინ გახდება ამ შოუს ფინალის გამარჯვებულიო ...
ნათია აბრამია

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობის ერთ-ერთი კანდიდატი, ნათია აბრამია, რომელსაც სოციალურ ქსელებში არაერთი ჟურნალისტი და მედიაექსპერტი უჭერდა მხარს და რომელმაც არჩევნებში 3 ხმა მიიღო, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ამბობს, რომ, როგორც ჩანს, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ იყო მზად იმ სიახლეებისთვის, რომლებიც მან ტელევიზიას შესთავაზა. აბრამია დარწმუნებულია, რომ ის საზოგადოების დაკვეთას შეასრულებდა და ამ ტელევიზიას უკეთესობისკენ შეცვლიდა:

”ამწუთშიც მჯერა, რომ ტელევიზიის შეცვლა შემეძლო. ცხადია, ერთ დღეში ყველა პრობლემას ვერ გადავჭრიდი, მაგრამ იმდენად მართლა ძირისძირამდე ჩავწვდი და გავიაზრე ყველაზე მტკივნეული რა არის ამ ტელევიზიისათვის, რომ შველა შემეძლო”.

მიუხედად მარცხისა, ნათია აბრამია საკუთარი კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილებას სწორ ნაბიჯად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მისმა კანდიდატურამ ამ პროცესს მეტი სიმწვავე და რეალური კონკურენციის სახე მისცა:

”გადაწყვეტილება იმის გამოც მივიღე, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა, კონკურსია გამოცხადებული, ძალიან კარგი შოუ დაიდგმება, თუმცა წინასწარ არის გადაწყვეტილი, თუ ვინ გახდება ამ შოუს ფინალის გამარჯვებულიო. ლონდონში უკან დასაბრუნებლად ბილეთიც აღებული მქონდა, მაგრამ უცებ ძალიან გავბრაზდი და ვთქვი, რომ არ შეიძლება ასეთი შოუს დადგმა, არ შეიძლება უცხოელ კონსულტანტებს უთხრა, რომ აქ დემოკრატიაა და გამჭვირვალე მმართველობა და თან წინასწარ იცოდე, ვინ რა პოსტს დაიკავებს. ამიტომაც ჩავერთე”.
მე, როგორც ამ არხის რიგით მაყურებელს, არჩევნების შემდეგ იგივე შეგრძნება დამრჩა, რაც მქონდა და რაც არ მომწონდა ...
ნინო ზურიაშვილი

ხუთეულში მოხვედრილ კიდევ ერთ კანდიდატს, მეგი თავდუმაძეს, გამარჯვება ბარათაშვილის, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველი ხელმძღვანელობის ნაწილისა, გარკვეულ სკეპტიციზმს უჩენს, თუმცა აცხადებს, რომ ის, ზოგადად, მოვლენებს უფრო ხშირად პოზიტიური კუთხით აფასებს და ამიტომ იმედი აქვს, რომ პირველი არხი სასიკეთოდ შეიცვლება:

”მაინც უფრო იმედი მაქვს, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შეიცვლება რაღაც უკეთესობისკენ. გიორგი ბარათაშვილს ამ არხზე მუშაობის გამოცდილება აქვს და, ალბათ, მეტი ხმაც ამიტომ მიიღო”.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი გენერალური დირექტორისგან ახალს არაფერს ელის ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი. მისი აზრით, გიორგი ბარათაშვილი, რომელსაც არა აქვს ჟურნალისტური გამოცდილება, ვერ შეცვლის იმ მთავარ პრობლემას, რომელიც „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ჰქონდა:

”მე, როგორც ამ არხის რიგით მაყურებელს, არჩევნების შემდეგ იგივე შეგრძნება დამრჩა, რაც მქონდა და რაც არ მომწონდა. ამ ტელევიზიაში, თავისი მოჩვენებითი ბალანსით და მიკერძოებულობით, დაბალი რეიტინგით, მგონია, რომ ახლაც არაფერი შეიცვლება. ამის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს. ეს იყო მართლა ძალიან დიდი იმედგაცრუება და ეჭვი მიჩნდება, რომ გამარჯვებული კანდიდატი შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან. თითქოს ეს იყო ერთგვარი შერიგების მცდელობა. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ეჭვია”.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG