Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტივენ ჰოკინგი: მოერიდეთ უცხოპლანეტელებთან კონტაქტს


სტივენ ჰოკინგი
სტივენ ჰოკინგი
გამოჩენილი ბრიტანელი ასტროფიზიკოსი, სტივენ ჰოკინგი გვაფრთხილებს, მოვერიდოთ უცხოპლანეტელებთან კონტაქტს. როგორც სატელევიზიო არხ „დისკავერის“ გადაცემაში თქვა ჰოკინგმა, დიდია იმის ალბათობა, რომ უცხოპლანეტელები მართლაც არსებობენ. ამავე დროს პროფესორ ჰოკინგის აზრით, სავარაუდოა, რომ უცხოპლანეტელებმა ჯერ რესურსებისთვის მოაკითხონ დედამიწას, შემდეგ კი მის დაპყრობას შეუდგნენ.

უცხოპლანეტელებთან კონტაქტის აქტიური მცდელობების ნაცვლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათთან კონტაქტში არ შევიდეთ, გვაფრთხილებს ჰოკინგი.

დედამიწაზე უცხოპლანეტელთა შესაძლო სტუმრობას ჰოკინგი ადარებს ქრისტეფორე კოლუმბის ჩასვლას ამერიკაში, რაც, როგორც ცნობილია, ამერიკის აბორიგენი მოსახლეობისთვის არც ისე კარგად დასრულდა.

წარსულში კოსმოსში რამდენჯერმე გაიგზავნა მთელი რიგი ნიშნები - ადამიანის გამოსახულება და დედამიწის ადგილსამყოფელის აღმნიშვნელი დიაგრამები. გაიგზავნა რადიოსიგნალებიც იმის იმედით, რომ ისინი ოდესმე მიაღწევდა უცხო ცივილიზაციებს.

მაგარამ ჰოკინგის თანახმად, უცხოპლანეტელებთან საურთიერთოდ ყველაზე ადეკვატური საშუალება არის რიცხვები.

ტელეპროგრამაში დასმულ საკითხთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო ის, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ ეს არსებები. ჰოკინგის აზრით, უფრო საფიქრებელია, რომ ჩვენი პლანეტის გარეთ სიცოცხლე უმეტეს შემთხვევაში მიკრობების ფორმითაა გავრცელებული.

ჰოკინგი ერთადერთი არ არის, ვინც უცხო ცივილიზაციათა არსებობის შესახებ ვარაუდებს გამოთქვამს. უკანასკნელ ხანებში გაკეთებული აღმოჩენები ცხადყოფს, რომ ცოცხალ არსებებს თვით დედამიწაზეც ისეთ გარემოში არსებობის უნარი შესწევთ, რომელიც მანამდე სიცოცხლისთვის გამოუსადეგად მიიჩნეოდა. ეს კიდევ უფრო ზრდის იმის ალბათობას, რომ სხვაგანაც, მაგალითად, მარსზე ან იუპიტერზე შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG