Accessibility links

logo-print

თავის ტვინი, ძვლები, გული, ფილტვი, კუჭი, გენეტიკა, ჰორმონები... თამბაქოს მოწევა ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უბანს აზიანებს - „ამერიკის ხმის“ რუბრიკა „გალილეო“ აგრძელებს ციკლს თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ.

გენეტიკა

ნიკოტინის შემცველი კვამლის თითოეული ყლუპის შესუნთქვა უჯრედის შემადგენელ გენეტიკურ მასალას, დეენემს აზიანებს. უჯრედი უკონტროლოდ იზრდება და ხშირად კიბოს უჯრედების წარმოშობას უწყობს ხელს. სხეული თავიდან ნიკოტინით დეენემზე მიყენებული ზიანის გამოსწორებას ცდილობს, მაგრამ დროთა განმავლობაში ნიკოტინი მას ბრძოლის უნარსაც აკარგინებს. ამერიკის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, კიბოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების თითქმის მესამედი თამბაქოს მოწევით არის განპირობებული. ნიკოტინი სპერმის გენეტიკურ მასალასაც აზიანებს, რაც შვილებში გენეტიკური დეფექტების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

თავის ტვინი

სიგარეტში არსებული ნიკოტინი ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორც ნარკოტიკი ჰეროინი. დამოკიდებულებისგან გათავისუფლება რთულია, რადგან მოწევის გამო თავის ტვინი იცვლება, ის ნიკოტინის რეცეპტორებს გამოიმუშავებს, რათა თამბაქოს მოწევისგან მიღებული ნიკოტინის დიდ დოზებს გაუმკლავდეს. შემდეგ კი, როცა თავის ტვინი ნიკოტინის ჩვეულ დოზას ვეღარ იღებს, იწყება აბსტინენციის, აღკვეთის სინდრომი, ე.წ. „ლომკა“. ამ დროს ადამიანი შფოთავს, დაღლილია, მოთენთილი, გაღიზიანებული, ზოგჯერ აგრესიულიც კი და კონცენტრირება, ჩვეული საქმიანობით დაკავება უჭირს. ამას გარდა შესაძლოა ჰქონდეს თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება. კუჭში შეკრულობა ან აშლილობა, მადის ზრდა, გულისცემის შენელება, უძილობა და ასე შემდეგ.

კუჭი და ჰორმონები

მწეველებს უფრო დიდი მუცელი აქვთ და შედარებით ნაკლები მოცულობის კუნთები, ვიდრე არამწეველებს. მეტი შანსია მეორე ტიპის დიაბეტი განუვითარდეთ და დიაბეტთან გამკლავებაც ბევრად უფრო რთულია, რის გამო მწეველს მეტი შანსი აქვს მხედველობა დაკარგოს, დაუავადდეს გული, თირკმელები, ან ამპუტაცია დასჭირდეს. მწეველ ქალებში დაორსულების და ჯანმრთელი შვილის ყოლის შანსი იკლებს. თამბაქოს მოწევა ქალებში ხშირად ნაადრევ მენოპაუზას/კლიმაქსს იწვევს, რაც ზოგიერთი დაავადების, მათ შორის გულის დაავადებათა რისკსაც ზრდის. ქალებში მოწევა ესტროგენის დონეს აგდებს, რაც მეხსიერების პრობლემებს იწვევს, მკვეთრად უარესდება კანის და თმის ხარისხი.

ძვლები

სიგარეტის კვამლში შემავალი ნივთიერებები ძვლის ჯანმრთელობასაც აზიანებს. მწეველის ორგანიზმი ახალ, ჯანსაღ ძვლოვან ქსოვილს ნაკლებად წარმოქმნის და არსებული ქსოვილის დაზიანებასაც ხელს უწყობს. თამბაქოს მოწევა ძვლოვანი ქსოვილის გათხელებას უწყობს ხელს. საბოლოო ჯამში მწეველები მოტეხილობის განვითარების მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე არამწეველები. შეხორცებაც ბევრად უფრო რთულად და ხანგრძლივად ხდება.

სისხლი და იმუნური სისტემა

1. მოწევისას სისხლის თეთრი ნაწილაკების (რომელიც სხეულს ინფექციებისგან იცავს) დონე იზრდება. ორგანიზმი გამუდმებით სტრესშია და თეთრი ნაწილაკები ჯარისკაცებივით თამბაქოსგან მიყენებულ ზიანს ებრძვიან. ორგანიზმის ასეთ მდგომარეობაში ხანგრძლივი ყოფნა გულის შეტევებს, ინსულტებს და კიბოს უკავშირდება.

2. ქსოვილების ნუტრიენტებით, მინერალებით და ჟანგბადით კვება სისხლის მიმოქცევის საშუალებით ხდება. ნიკოტინი სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს, რაც მათ კვებას ამცირებს. ჭრილობის შემთხვევაში ეს შეხორცების პროცესის შენელების და ინფიცირების, თუ ქსოვილის დაღუპვის შანსებს ზრდის.

3. ნიკოტინის და სიგარეტში შემავალი სხვა ნივთიერებების გამო იმუნური სისტემა სუსტდება და ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლა უჭირს. შესაბამისად იზრდება აუტოიმუნური დაავადებების შანსი, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, რევმატოიდული ართრიტები და სხვა. რა თქმა უნდა, ადამიანის კიბოსთან ბრძოლის უნარიც ქვეითდება.

თავი და სახე

სმენის, ღამის მხედველობის და ზოგადად მხედველობის დაზიანება, პრობლემები პირის ღრუში, კარიერისი, ღრძილის ანთებები - ეს ძალიან ხშირად მოწევის თანამდევი მოვლენებია, რომ აღარაფერი ვთქვათ პირის და ყელის კიბოს განვითარების რისკებზე.

ფილტვის და გულის დაავადებებზე აქ აღარაფერს ვიტყვით, რაც საყოველთაოდ არის ცნობილი. დღეს ყურადღება მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაზე გავამახვილეთ. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით თამბაქოს მოწევა ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ორგანოს აზიანებს, იწვევს უამრავ დაავადებას, მათ შორის ქრონიკულს და ზოგადად, მთლიანად ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს.

XS
SM
MD
LG