Accessibility links

logo-print

ვინ და რატომ ახლო ხელი კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“


ცვლილებების სამიზნე ხდება კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და ეს არის იმ საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის სტატუსის მინიჭების წესის შეცვლას უკავშირდება. ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკუთვნის. "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის ხელის ხლებას ცუდ სიმპტომად მიიჩნევენ ხელისუფლების ოპონენტები. რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ კანონის გამარტივებას?

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან მხოლოდ თავშესაფრის ის მაძიებლები, რომლებიც საქართველოში გადმოვიდნენ უშუალოდ იმ ქვეყნიდან, სადაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. გარდა ამისა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება უცხოელს, რომელიც გადმოვიდა უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა. აუცილებელია, რომ ამ პირმა თავშესაფარი დადგენილი წესით სთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით გამოცხადდეს და ხელისუფლების ორგანოებს სათანადოდ განუმარტოს თავისი გადაწყვეტილების საფუძველი.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს ცვლილებები შესაბამისად აისახება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონშიც და, კერძოდ, ესა თუ ისპირი გათავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან, თუ იგი შემოვიდა უშუალოდ იმ ქვეყნიდან, სადაც მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას.

ცვლილებების პაკეტი 23 ივნისს მთავრობის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა წარადგინა და მედიასთან კომენტარიც გააკეთა:

"ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში იყო გარკვეული შენიშვნები, რომლებიც გულისხმობს ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის სტატუსის მინიჭების წესში გარკვეულ ცვლილებებს. სწორედ ეს ცვლილებები შემოგვაქვს დღეს. ამ შემთხვევაში ზოგი მიმართულებით არის გამარტივება, ზოგი მიმართულებით კი, პირიქით, – გამკაცრება”.

ერთი შეხედვით ვითომდა საერთაშორისო ნორმებს მორგებული ცვლილებით, ხელისუფლებას, ჩემი აზრით, აქვს მცდელობა გახსნას ამ კანონის შეცვლის ახალი სერია და ამის აუცილებლობა არ არსებობს...

წინასწარი განმარტებების თანახმად,გამკაცრებაში იგულისხმება ის ფაქტი, რომ, თუკი დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მაგალითად, ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანს შეეძლო, ცვლილებების შემდეგსტატუსის მოპოვება შესაძლებელი იქნება უშუალოდ იმ ქვეყნიდან შემოსული ადამიანისთვის, სადაც მას დევნიდნენ და ავიწროებდნენ, ხოლო რაც შეეხება გამარტივებას, მაგალითად: მცირდება და კონკრეტდება ამა თუ იმ პირის განაცხადის განხილვის ვადები და იზრდება გასაჩივრების ვადები.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გარდა, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეეხება ასევე „სისხლის სამართლის კოდექსს“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს“, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ კანონს და „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტთა ყურადღება ძირითადად მაინც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონისკენაა მიპყრობილი. როგორც, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ამ კანონის ხელის ხლება არ შეიძლება, რადგანაც რუსეთისთვის ეს უკან დახევის სიგნალი იქნება. საქმე ის არის, რომ მოსკოვმა თბილისს არაერთხელ მოსთხოვა ამ კანონის გაუქმება:

იქ იყო მითითება, რომ ჰუმანიტარულ საფუძველზე ვიზის გაცემის პროცედურები შეეცვალათ და, ზოგადად, თავშესაფრის მიცემის პროცედურები გამარტივებულიყო, მაგრამ ამ კანონზე არასოდეს უთქვამს ევროკავშირს, რომ შეცვალეთ, შეარბილეთ ან მსგავსი რამ...

„ერთი შეხედვით ვითომდა საერთაშორისო ნორმებს მორგებული ცვლილებით, ხელისუფლებას, ჩემი აზრით, აქვს მცდელობა გახსნას ამ კანონის შეცვლის ახალი სერია და ამის აუცილებლობა არ არსებობს... ეს იქნება ერთგვარი ბზარი ამ კანონში იმისათვის, რომ შემდეგ ნაპრალი რუსეთის წნეხის ქვეშ გადიდდეს და რუსეთმა ეს კანონი აქციოს ფარატინა ფურცლად“.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა, დიდწილად, პასუხობს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რაც მიზნად ისახავს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას. როგორც ექსპერტი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ევროკავშირის რეკომენდაციებში პირდაპირ არ არის მოთხოვნილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის შეცვლა, მაგრამ ასეთი ცვლილება სავსებით ჯდება საერთაშორისო ჰუმანიტარული მოთხოვნების კონტექსტში:

„იქ იყო მითითება, რომ ჰუმანიტარულ საფუძველზე ვიზის გაცემის პროცედურები შეეცვალათ და, ზოგადად, თავშესაფრის მიცემის პროცედურები გამარტივებულიყო, მაგრამ ამ კანონზე არასოდეს უთქვამს ევროკავშირს, რომ შეცვალეთ, შეარბილეთ ან მსგავსი რამ. ეს, ალბათ, უფრო ქართული მხარის ინტერპრეტაციაა. თუმცა, ჩემი პირადი აზრით, აქ რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ, რადგანაც თუკი საქმე შეეხება თავშესაფრის მაძიებელ ადამიანს, საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით ისეა, რომ მას მაქსიმალურად უნდა შევუქმნათ თავშესაფრის მიღების პირობები და გადაწყევტილებაც იოლად უნდა იყოს მიღებული“.

ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა მსჯელობა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამარტივების მიმართულებით. ასეთ საჭიროებაზე პერიოდულად ლაპარაკობს, მაგალითად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. აპრილში, ბრიუსელში ყოფნისას, მან ისიც თქვა, რომ ამ კანონის გამარტივება თითქოს ევროკავშირის „ცალსახა და მკაფიო“ მოთხოვნა იყო. თუმცა მაშინ როგორც პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ასევე ექსპერტებმაც განმარტეს, რომ ასეთ საქმეებში ევროკავშირი არასოდეს ერევა.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით 2013 წლის 17 მაისს დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, რომლებიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მხრიდან შესვლის წესების დარღვევისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები 400 ლარით დაჯარიმდებიან და აღარ დაექვემდებარებიან სისხლისსამართლებრივ დევნას, რომლის დროსაც სასჯელი ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ პარლამენტში ამ ცვლილებების განხილვის პროცესი შეჩერდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG