Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი კობრავა და გიორგი კარტოზია


12 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ირაკლი კობრავა, "საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის" (N21) თავმჯდომარე და გიორგი კარტოზია, თავმჯდომარის მოადგილე. "ჩვენი მთავარი მიზანი არის საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა", - აცხადებს ირაკლი კობრავა და თვლის, რომ საქართველოს გადარჩენა ამაზეა დამოკიდებული. "მეფე იქნება ის გარანტი, რომელიც იქნება მედიატორი ხალხსა და ხელისუფლებას შორის და იქნება ის ადამიანი, რომელიც თავის ქვეყანას მოუვლის ისე, რომ დაუტოვოს შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს", - ირაკლი კობრავა თვლის, რომ რამდენიმე წლით ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ და "ქვეყანას არ ჰყავს პატრონი". გიორგი კარტოზიამ კი განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მათი პარტია "რეალურ ნაბიჯებს" გადადგამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად დაასახელა "სახალხო დიპლომატია": "ჩვენი პირველივე წასვლა იქნება არა მოსკოვში, ბრიუსელში და ვაშინგტონში, არამედ პირველივე წასვლა იქნება დელეგაციის სოხუმში". ირაკლი კობრავამ რუსეთთან ურთიერთობაზე ილაპარაკა: "ხალხს აჩეჩებენ, რომ რუსეთი არის ზიუგანოვი, ჟირინოვსკი, პუტინი - ეს დე ფაქტო ხელისუფლება. ხალხის ნებას არავინ არ კითხულობს. მარტო პუტინი ხომ არაა რუსეთი? რუსეთი ხალხი ხომ არის?". ირაკლი კობრავა თვლის, რომ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოში მონარქიის აღდგენაზე. "ჯერ საქართველოს უნდა მივხედოთ, შიდა პრობლემები მოვაგვაროთ და საგარეო ვექტორები მისით დალაგდება", - ასე ფიქრობს "საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის" თავმჯდომარე, რომელსაც საპარლამენტო ტრიბუნა სჭირდება იმიტომ, რომ ჩაატაროს რეფერენდუმი და ქვეყანაში მოიყვანოს პატრონი - მონარქის სახით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG