Accessibility links

logo-print

ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებთან


ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი

25 აგვისტოს მონტე-კარლოში, უეფა და ევროპის სპორტული გამოცემების გაერთიანება (ESM) გამოაცხადებენ კონტინენტის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას. ამ წოდებას ერთმანეთს ეცილებიან უელსელი გარეთ ბეილი, ფრანგი ანტუან გრიზმანი თუ პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ. უეფამ რადიო თავისუფლებას მიანიჭა ექსკლუზიური უფლება, გამოაქვეყნოს მოკლე ინტერვიუები სამ კანდიდატთან. ოთხშაბათს ეს ინტერვიუები უეფას ვებსაიტზეც გამოქვეყნდება.

რა იგრძენით, როცა გაიგეთ, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში დაგასახელეს?

გარეთ ბეილი

გარეთ ბეილი

გარეთ ბეილი: ცხადია, ჩემთვის ეს საოცარი პატივია. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ამ ინდივიდუალურ პრიზებს მხოლოდ შენ არ იღებ, მათ გუნდში თამაშისთვის განიჭებენ. ამიტომ უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე. ძალიან მიხარია, რომ კანდიდატთა შორის ვარ.

ანტუან გრიზმანი: ძალიან ბედნიერი და ძალიან ამაყი ვიყავი. კანდიდატობა ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ სწორ გზას ვადგავარ და საუკეთესოებს ვუახლოვდები. ახლა მთავარია, ამ გზას არ ავცდე, განვაგრძო დაუღალავი მუშაობა და ჩემი თამაშით სიამოვნება მივანიჭო მაყურებელს. ტრაბახად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ, ვფიქრობ დავიმსახურე ასეთი აღიარება, რადგან ძალიან წარმატებული სეზონი მქონდა როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებში. შესაძლოა, პრიზის მოგებაც კი დავიმსახურე.

კრიშტიანუ რონალდუ: ჩემთვის ეს დიდი პატივია. რაც პრიზი დაარსდა, თითქმის ყოველთვის გამარჯვების კანდიდატთა შორის მასახელებენ. მაგრამ ეს არის არა მარტო ჩემი ინდივიდუალური, არამედ ჩვენი კოლექტიური წარმატების აღიარებაც – მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და ამიტომ ეს ჩემს კარიერაში მეტად ლამაზი მომენტია. ბედნიერი ვარ.

გასული სეზონის რომელ წარმატებას გამოყოფდით განსაკუთრებით?

გარეთ ბეილი: რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას. გრძელი, მძიმე სეზონი გვქონდა, რომელშიც ბოლომდე ვიბრძოლეთ. ფინალური მატჩი მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ძალიან მძიმე გამოდგა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავიღეთ გასამარჯვებლად და საბოლოოდ მოვიპოვეთ კიდეც სასურველი ჯილდო. ახლა ეს უკვე სასიამოვნო მოგონებად იქცა.

ანტუან გრიზმანი (მარცხნივ)

ანტუან გრიზმანი (მარცხნივ)

ანტუან გრიზმანი: გამოვყოფდი ყველა მოგებულ თამაშს, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალსა და ნახევარფინალს. და, ცხადია, მთელს ევროპის ჩემპიონატს, რადგან ის საფრანგეთში ჩატარდა. მართლაც ბრწყინვალე დღესასწაული იყო და, სამწუხაროდ, ასეთ რამეს ვეღარასოდეს გამოვცდით. მარცხმა ძალიან დაგვწყვიტა გული ჩვენც და, იმედია, ჩვენს ქომაგებსაც.

კრიშტიანუ რონალდუ: განვლილ წელიწადს ცოტ-ცოტა ყველაფერი გამოვცადეთ. დიდად წარმატებული სტარტი არ გვქონია. უფრო სწორად, სეზონი ისე ვერ დავიწყეთ, როგორ გვინდოდა. მაგრამ დასასრული კარგი გამოდგა და, როცა მთელ სეზონს ვაფასებთ, მთავარი სწორედ ეს არის. ვფიქრობ, გუნდში ზინედინ ზიდანის მოსვლამ ვითარება ბევრი თვალსაზრისით გააუმჯობესა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება შევძელით, მე ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. მოკლედ, ეს, ალბათ, ჩემი საფეხბურთო ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესი წელიწადი იყო.

მთელ კარიერას თუ გადახედავთ, სად მიუჩენდით ადგილს განვლილ სეზონს?

გარეთ ბეილი: სულ ზემოთ. დაუვიწყარი სეზონი მქონდა, განსაკუთრებით მისი დასკვნითი ფაზა: ჯერ იყო და ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, მერე კი უელსის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე წავედი და ძალიან კარგადაც ვითამაშეთ. ეს ჩემი ცხოვრების, ჩემი საფეხბურთო კარიერის დაუვიწყარი მომენტებია და მუდამ მემახსოვრება.

ანტუან გრიზმანი: ვფიქრობ, განვლილი სეზონი ჩემს საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო იყო. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ მეტ წარმატებას მივაღწევ, მეტ გოლს გავიტან, მეტ საგოლე გადაცემას გავაკეთებ და – რატომაც არა! – ჯილდოებსაც მოვიპოვებ.

კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუ: ჯილდოების თვალსაზრისით ეს, ალბათ, საუკეთესო წელი იყო ჩემს კარიერაში. ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას დაემატა ევროპის ჩემპიონატის მოგება ჩემი ქვეყნის ნაკრებთან ერთად. ამ მხრივ უკეთესი წელიწადი არასოდეს მქონია. ეს ეხება როგორც გუნდურ შედეგს, ისე ჩემს პირად მიღწევებს. ჩემპიონთა ლიგაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდი და ევროპის ჩემპიონატზეც კარგად ვითამაშე. ორი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება მოვიგეთ. მოკლედ, ჩემთვის ეს საუცხოო სეზონი იყო.

რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა თქვენთვის ევროპის საუკეთესი ფეხბურთელად დასახელება?

გარეთ ბეილი: ბუნებრივია, გამარჯვება ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ მე უმთავრესად იმაზე ვფიქრობ, როგორ ვითამაშო უკეთ, როგორ გამოვადგე ჩემს გუნდს. თუ ამ პროცესში რაიმე ინდივიდუალური ჯილდოც მოვიპოვე, მოხარული ვიქნები, მაგრამ ჩემთვის მთავარი ეს არ არის. ჯილდოების მოპოვება ჩემს გუნდთან ერთად მინდა, კლუბთან და ჩემი ქვეყნის ნაკრებთან ერთად. როცა ამას ახერხებ, ინდივიდუალურ ჯილდოებსაც სწორედ მაშინ განიჭებენ.

ანტუან გრიზმანი: თუ ჯილდო მე მომანიჭეს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ თანდათან ვუახლოვდები ჩემს მიზანს, ჩავდგე საუკეთესო მოთამაშეთა რიგში; და, რომ უნდა არ უნდა მოვადუნო ძალისხმევა, თუ მინდა, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება მივიღო როგორც მინდორზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კრიშტიანუ რონალდუ: ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. მაგრამ, ამასთანავე, ეს ინდივიდუალური ჯილდოა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც გუნდური გამარჯვებებია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG