Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაი: ავღანელი ხალხის უსაფრთხოება უმთავრესია


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ რამდენიმე მოთხოვნა დააყენა, როგორც აუცილებელი წინაპირობა იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს აშშ-თან უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას, რომელიც 2014 წლის შემდეგ ქვეყანაში საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის ყოფნის პირობებს განსაზღრავს. ავღანეთის დიდი ეროვნული კრების - ლოია ჯირგას -დასრულების შემდეგ რადიო თავისუფლების ავღანურმა სამსახურმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა ჰამიდ კარზაის.
ჩვენი პირობაა, უზრუნველყოფილი იქნეს ავღანელთა სახლების დაცვა. ამერიკელმა სამხედოებმა უნდა შეწყვიტონ იერიშები ავღანელთა საცხოვრებლებზე. კიდევ ერთი პირობაა მშვიდობა ავღანეთში. თუ მშვიდობა არ გვექნა, ეს შეთანხმება, სიკეთის ნაცვლად, უბედურებად შემოუბრუნდება ავღანეთს...
ჰამიდ კარზაი

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი იყო ინიციატორი დიდი ეროვნული კრების - ლოია ჯირგას - მოწვევისა, რომელსაც ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ უნდა ემსჯელა. ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, გასულ კვირაში, ლოია ჯირგამ შეთანხმების პროექტს 36 ახალი პუნქტი დაამატა. რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი ავღანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის ბოლომდე მოაწეროს და არა 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორც ეს ავღანეთის პრეზიდენტს სურდა. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ჰამიდ კარზაიმ, არსებობს რამდენიმე პირობა, რაც შეთანხმების ხელმოწერამდე აშშ-მა უნდა შეასრულოს:

„ავღანელ ხალხს დღეს სურს აშშ-თან შეთანხმების გაფორმება და ლოია ჯირგამ კარგად იმუშავა მის მხარდასაჭერად. ვფიქრობთ, შეთანხმება ავღანელი ხალხის ინტერესებს უპასუხებს. მაგრამ ჩვენი პირობაა, უზრუნველყოფილი იქნეს ავღანელთა სახლების დაცვა. ამერიკელმა სამხედოებმა უნდა შეწყვიტონ იერიშები ავღანელთა საცხოვრებლებზე. კიდევ ერთი პირობაა მშვიდობა ავღანეთში. თუ მშვიდობა არ გვექნა, ეს შეთანხმება, სიკეთის ნაცვლად, უბედურებად შემოუბრუნდება ავღანეთს“.

ავღანეთის დიდ ეროვნულ კრებაზე, ლოია ჯირგაზე გამოსვლის დროს ჰამიდ კარზაიმ მოუწოდა აშშ-ს, მისმა სამხედროებმა შეწყვიტონ იერიშები ავღანელთა სახლებზე, ხელი შეუწყონ ქვეყნის თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს. გარდა ამისა, როდესაც კარზაი ამას წინათ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში სიუზან რაისს შეხვდა, ავღანეთის პრეზიდენტმა გუანტანამოს ციხის რამდენიმე პატიმრის განთავისუფლების საკითხიც დააყენა:

„ეს მოთხოვნა ლოია ჯირგას ეკუთვნის. თუ გაეცნობით რეკომენდაციების 29-ე მუხლს, მასში ლაპარაკია იმაზე, რომ აშშ-მა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს გუანტანამოს ციხის პატიმრები და ისინი ავღანეთს გადასცეს. ამგვარად, თუ აშშ-ს სურს ლოია ჯირგას რეკომენდაციების შესრულება (ხოლო ამ რეკომენდაციების ერთ-ერთი მუხლი შეთანხმების დაუყოვნებლად ხელმოწერაა), მაშინ აშშ-მა არ უნდა უგულებელყოს ამ მოთხოვნის სხვა ასპექტი, რომელიც ავღანელი პატიმრების განთავისუფლებას ეხება. ასეთი რამ დაუშვებელია“.

25 ნოემბერს ჰამიდ კარზაისთან შეხვედრაზე სიუზან რაისმა, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, თქვა, რომ თუკი ავღანეთის ხელისუფლება ხელს არ მოაწერს უსაფრთხოების შეთანხმებას,
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვმუშაობდი და დავინახე, როგორ დატოვა დასავლეთმა ავღანეთი საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ. მე მივედი მათთან და ვთხოვე, საელჩოში ერთი უბრალო მოხელე მაინც დაეტოვებინათ. მაგრამ მათ დაკეტეს საელჩო და წავიდნენ...
ჰამიდ კარზაი
ვაშინგტონი 2014 წელს გაიყვანს ყველა სამხედრო დანაყოფს ავღანეთიდან. რა მიზეზით უნდა უღირდეს ავღანეთის მთავრობას მოვლენათა ასეთი განვითარება, თუკი ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფების გასვლასთან ერთად ავღანეთი დაკარგავს იმ 8 მილიარდ დოლარს, რაც ვაშინგტონმა ავღანეთის უსაფრთხოების გაძლიერებისათვის უნდა დახარჯოს?

„ათას შეთანხმებასაც რომ მოვაწეროთ ხელი, მაინც ამერიკელთა გადასაწყვეტია, დარჩებიან აქ თუ გავლენ. თუ დოკუმენტი არ დააკმაყოფილებს მათ ინტერესებს, ისინი გავლენ, ისევე როგორც ეს მოხდა 1990-იანი წლების ჯიჰადის შემდეგ, როდესაც მათ დატოვეს ავღანეთი. მე მაშინ ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვმუშაობდი და დავინახე, როგორ დატოვა დასავლეთმა ავღანეთი საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ. მე მივედი მათთან და ვთხოვე, საელჩოში ერთი უბრალო მოხელე მაინც დაეტოვებინათ. მაგრამ მათ დაკეტეს საელჩო და წავიდნენ. თუ აშშ-ს სურს დღეს ავღანეთში ყოფნა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მათ ინტერესებშია, იქნება ეს ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ინტერესები, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ჩვენც გვაქვს უფლება დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი ინტერესები“, – ამბობს ჰამიდ კარზაი.

ავღანეთის პრეზიდენტი შენიშნავს, რომ მის ქვეყანას გარედან მოახვიეს თავს ომი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელშიც ავღანელები იღუპებიან. რაც შეეხება თალიბანთან ურთიერთობას, კარზაი ამბობს, რომ ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა: „ჩვენ ავღანელები ვართ და ჩვენვე გადავწყვეტთ, უნდა ვეომოთ თალიბანს თუ მათთან ზავი შევკრათო“, - აცხადებს ის რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG