Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცუდი საქციელის ოლიმპიელები


ოლიმპიური თამაშები ზეიმია. ასე იყო წარსულში, ასეა ახლაც და როცა ლონდონის ოლიმპიადა იწყება, ბევრმა არც იცის, რომ ამ თამაშებს ათლეტების ცუდი საქციელიც ახსოვს.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ორჯერ, 1980-სა და 1984-ში, თამაშების, სპორტის განსაკუთრებული პოლიტიზება მოხდა. ავღანეთში საბჭოთა კავშირის ჯარების შეჭრის გამო, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის მოწოდებით, 64 ქვეყანა შეუერთდა მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტს, თუმცა ვაშინგტონის არაერთი მოკავშირე - მათ შორის, ბრიტანეთიც და საფრანგეთიც, იტალიაც და ესპანეთიც - „ჩავიდა“ მოსკოვში, მაგრამ თითქმის ყველამ სხვადასხვა სახის საპროტესტო ჟესტის საჩვენებლად გამოიყენა იქ ჩასვლა. მოსკოვის თამაშებზე გუნდი გაიყვანა პოლონეთმაც, რომელიც საბჭოთა კავშირის თანამგზავრი ქვეყანა იყო. და, აი, სწორედ პოლონეთის წარმომადგენელმა, ჭოკით მხტომელმა ვლადისლავ კოზაკევიჩმა მოსკოვში ჩაიდინა გაუგონარი რამ. ალბათ იმის გამო, რომ ის არა მხოლოდ კომუნისტური, არამედ მეამბოხე სულის ქვეყნიდან იყო და, ამასთან, მოსკოველ მაყურებელს თავისი ფავორიტის, ვოლკოვის გამარჯვება სურდა, კოზაკევიჩის გამოსვლას მტრულად, აუტანელი სტვენით და ხმაურით ხვდებოდნენ. პოლონელმა ათლეტმა იმ დღეს, 30 ივლისს, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და თავისი სიხარული და მაყურებლის მიმართ ნიშნის მოგება, ერთობ უხამსი ჟესტით, დაძაბული შემართული მარჯვენით, მომუშტული ხელით გამოხატა.

კოზაკევიჩის ჟესტი მთელმა მსოფლიომ იხილა, ის არ უჩვენებიათ მხოლოდ საბჭოთა კავშირის და მისი მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეთათვის. ხელის შემართვა, რომელიც ბევრისთვის პოლონეთის გრძნობების გამოხატვა იყო მოსკოვის დომინანტი როლის მიმართ, სპორტსმენ კოზაკევიჩს კინაღამ ოქროს მედლად დაუჯდა. მაგრამ პოლონეთის ელჩმა საბჭოთა მოხელეებს აუხსნა, ხელის კუნთი დაეჭიმა და ამიტომ გააკეთა ეს მოძრაობაო.

ოლიმპიადაზე ცუდად მოქცევით სპორტსმენები, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვნებენ ხოლმე და ამ მხრივ გამორჩეული გამოდგა რუსეთის გუნდი, რომელიც ოლიმპიადის დროს ალკოჰოლს მიეძალა.

მაისში გამოაცხადა რუსეთის მთავრობამ, რომ ამ ქვეყნის ოლიმპიური გუნდის ყველა წევრს, სპორტსმენსაც და არასპორტსმენსაც, ეკრძალება თამაშების დროს ალკოჰოლის მიღება. კრემლი არ აზუსტებს რატომ დასჭირდა ასეთი აკრძალვის დაწესება, მაგრამ რუსეთის სპორტის მესვეურებს კარგად და მწარედ ახსოვთ ვანკუვერის ოლიმპიური თამაშები. რუსეთის გუნდმა მაშინ დაგეგმილი და არამარტო თეორიულად შესაძლებელი 50 მედლის ნაცვლად შინ 14 მედალი ჩაიტანა. როგორც ამბობენ, ისინი თავზეხელაღებულ ღრეობებს აწყობდნენ. გავრცელდა ხმა, რომ ერთხელ ბენზინის ჩამოსასხმელი ონკანის მსგავსი მოწყობილობიდან უმასპინძლდებოდა რუსეთის დელეგაცია სტუმრებს არყითა და ვისკით. მაგრამ არა მარტო სმას უკრძალავენ ხოლმე სპორტსმენებს ოლიმპიური კომიტეტები. კომიტეტი ავსტრალიის გუნდის წევრებს, ჩემპიონობის ფავორიტებს, ორ მოცურავეს, დაემუქრა, მართალია, ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, დასჯით. რატომ? იმიტომ რომ ორივემ - ნიკ დ’არსიმ და კენრიკ მონკმა - სოციალური ქსლით - ფეისბუკით - გაავრცელა თავისი ფოტო, სადაც ორივე დგას და ხელში იარაღი უჭირავს - ერთს თოფები, მეორეს პისტოლეტები. ავტრალიის სპორტული უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც არ შეესაბამება ოლიმპიურ სულისკვეთებას, მიუღებელია. ისიც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იარაღის მაღაზიაში გადაღებულ ამ ფოტოზე მათ ხელში უჭირავთ ადრე ორი სხვადასხვა - ვირჯინიისა და პორტ არტურის - ხოცვა-ჟლეტის დროს მკვლელის მიერ გამოყენებული იარაღი. უნდა ითქვას ისიც, რომ ორივე სპორტსმენი ადრეც იყო გახვეული ჩხუბში, სხეულის დაზიანებით, რისთვისაც ერთ-ერთს დიდი ფულადი კომპენსაციის გადახდა მოუხდა.

ცნობილია ზოგიერთი უწყინარი, მაგრამ მაინც სადავო - სულ მცირე, შესაბამისი ქვეყნის სპორტული ისტორიისთვის საზიანო - საქციელი. ასე მაგალითად, 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე ირანელმა ძიუდოისტმა არაშ მირესმაილიმ თავისი ერთ-ერთი გამოსვლის წინა საღამოს დიდი რაოდენობით საკვები მიიღო. მეორე დღეს, აწონისას, ზედმეტი წონა დაუდგინეს და შეჯიბრებიდან მოხსნეს. მირესმაილიმ თავისი საქციელი ასე ახსნა: ეს ჩემი პროტესტი იყო, რადგან ისრაელი სპორტსმენის წინააღმდეგ უნდა გამოვსულიყავიო. როგორც ცნობილია, ისრაელს, როგორც ქვეყანას, ირანი არ აღიარებს. უარესი დაემართა ქართველ - ასევე ძიუდოისტს, ოქროს მედლის უდავო ფავორიტს - დავით ხახალეიშვილს, რომელმაც საერთოდ დაიგვიანა აწონაზე ატლანტის ოლიმპიადაზე და შეჯიბრებიდან მოიხსნა. ეს იყო წინასწარ განზრახული თუ უნებური შეცდომები. რუსი მოფარიკავის, ბორის ონიშჩენკოს თაღლითობის ამბავი მინდა მოკლედ გიამბოთ. 1976 წელს მონრეალის ოლიმპიადაზე საბჭოთა ხუთჭიდელების გუნდი წარმატებით გამოდიოდა. ონიშჩენკომ მეორე სახეობაში, დაშნაში, ყველა მეტოქე დაამარცხა. როცა ბრიტანელ მოფარიკავეს, ჯერემი ფოქსს ხვდებოდა, ერთ-ერთი ჩხვლეტის დროს, როცა ნათურა აინთო, აშკარად გამოჩნდა, რომ რუსი მოფარიკავის დაშნა მოწინააღმდეგეს არ შეხებია. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ონიშჩენკოს დაშნას ჰქონდა ღილაკი, რომელზე დაჭერითაც ის ახერხებდა მსაჯების ნათურის ანთებას, რაც ჩხვლეტას ნიშნავდა და ისიც ქულებს აგროვებდა. ონიშჩენკოს დისკვალიფიკაცია გაუკეთეს, საბჭოთა გუნდმა დაკარგა ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, თვითონ სპორტსმენს საბჭოთა მთავრობა გაუსწორდა: ჩამოართვეს ყველა ჯილდო, სამუდამოდ ჩამოაშორეს სპორტს და კომუნისტური პარტიის რიგებიდანაც კი გარიცხეს. ალბათ, გრძელია სია იმ სპორტსმენებისა, ვინც დოპინგის გამო ჩამოაშორეს შეჯიბრს. მინდა გავიხსენო კანადელი როს რებალიატის შემთხვევა, როცა ნაგანოს ზამთრის ოლიმპიადაზე სნოუბორდისტმა, ისტორიაში პირველმა, ამ სახეობაში ოქროს მედალი მოიგო. რამდენიმე საათში მას მედალი ჩამოართვეს, რადგან გასინჯეს და დაადგინეს, რომ მარიხუანა ჰქონდა მოწეული. მოგვიანებით რებალიატის ოქროს მედალი დაუბრუნეს, რადგან გაირკვა, რომ ნარკოტიკი ოლიმპიადის წესდებით აკრძალული არ იყო. უფრო გვიან კი მარიხუანა აკრძალულ საშუალებათა სიაში შეიტანეს. ბოლოს გიამბობთ შვედ მოჭიდავე აბრამიანზე, რომელმაც იტალიელ მეტოქესთან მარცხის შემდეგ მიღებული ბრინჯაოს მედალი ძირს დააგდო. ამის გამო აბრამიანი დისკვალიფიცირებული იყო. სულ ბოლოს მარცხის გამო განრისხებული სპორტსმენების, ამერიკელი ჰოკეისტების შესახებაც გეტყვით: როცა მათ ნაგანოში მარცხი იწვნიეს და ტურნირს გამოეთიშნენ, სპორტსმენებმა ოლიმპიურ სოფელში ბრაზისგან თავიანთ საცხოვრებელ ოთახებში ავეჯი დალეწეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG