Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონსა და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ექვსი თვით იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების შეჩერებას, რომლებზეც საკუთრება მოპოვებულია სესხის ან იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე. კანონის მიღების შემთხვევაში სააღსრულებო პროცედურები შეჩერდება 2014 წლის 1 თებერვლამდე, თუმცა პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ დეპუტატების ინიციატივამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. გადამწყვეტი აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომლის მიხედვითაც პარლამენტმა გადაწყვეტილება საბანკო სექტორთან შეთანხმებით უნდა მიიღოს. საკითხავია, რა ბედი ელის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ათასობით მფლობელს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ მონაცემებით, 2008 წლიდან მოყოლებული, საქართველოში, დაახლოებით,75 000-მდე ოჯახი დარჩა უსახლკაროდ იმის გამო, რომ ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო პირებისგან აიღეს კრედიტები და დათქმულ ვადაში ვერ დააბრუნეს. პრობლემა იმდენად მწვავე და მასშტაბურია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილმა მისი გადაჭრა საკუთარი პარტიის პროგრამის ნაწილად აქცია:

„საერთო პრობლემები რაც იკვეთება, ეს არის იპოთეკური კრედიტები, რაც ძალიან აწუხებს მოსახლეობას. ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი დრო დავხარჯეთ და ვაგრძელებთ ამ საკითხის კვლევას, რათა რამე მოვახერხოთ ამ დიდი პრობლემის გადასაჭრელად და ნაწილობრივ მაინც შევუმსუბუქოთ მდგომარეობა მოსახლეობას და, მე მგონი, რაღაცას აუცილებლად მივაღწევთ“.

ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება გაუაზრებელია და აბსურდული...
თუმცა ერთი კვირის წინ, როცა საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების ექვსი თვით შეჩერებას, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გასათვალისწინებელია ბიზნესის ინტერესებიც:

„ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება გაუაზრებელია და აბსურდული“.

ბიძინა ივანივშვილის ამ განცხადების პასუხად, პოზიცია შეიცვალეს კანონპროექტის ავტორებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ შესაჯერებელია პოზიციები მთავრობასა, პარლამენტსა და ბიზნესსექტორს შორის:

„ყველა მხარეს თავისი ხედვა აქვს, მაგრამ ვცდილობთ ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღოთ. შესაძლებელია კანონპროექტი არ იყოს მხარდაჭერილი იმ სახით, რა სახითაც ახლა არის დეპუტეტების მხრიდან ინიცირებული. შეიძლება უფრო გონივრული და მოქნილი გადაწყვეტილებაც გამოინახოს, რომელიც არ მოითხოვს რადიკალურ გზებსა და საჭიროებებს“.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პოზიციების დათმობა მტკივნეულად განიცადეს იმ ადამიანებმა, რომელთა ქონებაც იპოთეკით არის დატვირთული და ყოველდღე ელიან ბინებიდან გამოსახლებას:

„ბიძინა ივანიშვილს ჩაფიქრებული აქვს ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ „ნაციონალებს“, რომლებმაც გაგვაუბედურეს, და მეტი უბედურება დაგვიმატოს კიდევ. ერთია ბიძინაც და მიშაც“.

თავის დროზე ბათუმელებსა და ქობულეთელებს, ანუ ოჯახებს, რომლებიც საკურორტო ზოლში ცხოვრობენ, მიმართა თხოვნით, გამოიტანეთ სესხები, ბანკები მოგცემენ შეღავათიან კრედიტებს, განავითარეთ საოჯახო ტიპის სასტუმროები, რადგანაც ჩამოვა ძალიან ბევრი ტურისტიო. მართლაც, გამოიტანეს კრედიტები...
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების შეჩერებას სულმოუთქმელად ელიან აჭარაში, სადაც 2008 წელს ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო 400-მდე ოჯახმა ვერ შეძლო აღებული სესხის დაფარვა. თამაზ ბაკურაძე, რომელიც დაზარალებულთა უფლებებს იცავს, ამბობს, რომ სესხები ხელისუფლების მოწოდებით იქნა აღებული და, შესაბამისად, გარკვეული წილი პასუხისმგებლობისა ხელისუფლებამ თავად უნდა იკისროს.

„თავის დროზე ბათუმელებსა და ქობულეთელებს, ანუ ოჯახებს, რომლებიც საკურორტო ზოლში ცხოვრობენ, მიმართა თხოვნით, გამოიტანეთ სესხები, ბანკები მოგცემენ შეღავათიან კრედიტებს, განავითარეთ საოჯახო ტიპის სასტუმროები, რადგანაც ჩამოვა ძალიან ბევრი ტურისტიო. მართლაც, გამოიტანეს კრედიტები, გამოიტანეს კეთილმოწყობა სახლების, ზოგმა ახალი ააშენა და ყველაფერი კარგად მიდიოდა 2008 წლის 8 აგვისტომდე, ანუ ვიდრე ომი დაიწყებოდა და ტურისტების ნაკადი მკვეთრად შემცირდებოდა“, უთხრა თამაზ ბაკურაძემ რადიო თავისუფლებას.

თამაზ ბაკურაძის თქმით, თუნდაც ექვსთვიანი მორატორიუმის გამოცხადებით, პრობლემა ვერ გადაიჭრება. ამისათვის საჭიროა სპეციალური ფონდის შექმნა, კაპიტალის მოზიდვა და მოლაპარაკება რომელიმე ბანკთან, რომელიც უძრავი ქონების გამოსასყიდად გასცემდა გრძელვადიან და დაბალპროცენტიან კრედიტს. ამგვარი გამოსავალი მიუღებლად მიაჩნიათ ბანკების ასოციაციაში, რომლის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ამბობს:

„საბანკო სექტორიდან ამის მოთხოვნა, ეს იგივეა, რომ ის სესხები, რომლებიც პრობლემურად ითვლება, უნდა გადავადდეს. მაგრამ ისინი გადავადებულიც არის, რესტრუქტურიზებულიც და ასე შემდეგ. პარლამენტმა უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება“.

თუმცა, როგორც ჩანს, პარლამენტს უჭირს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც, ერთდროულად, არც იპოთეკარებს დააზარალებდა და ათობით ათას მოვალესაც კმაყოფილს დატოვებდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კარს მომდგარია არჩევნები და, როგორც „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, ათასობით ადამიანი თავს მოტყუებულად და დამცირებულად მიიჩნევს.

„ეს ძალიან ცუდად შემოუტრიალდება ქვეყანას. ამ ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდია და მათი ასე აბუჩად აგდება და დაცინვა არ შეიძლება“, უთხრა ნიკოლოზ მჟავანაძემ რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG