Accessibility links

logo-print
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა ე.წ. „ჯიჰადის მუქარის საქმე“. ლაპარაკია 2013 წლის 4 ივნისს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეორგოლზე (TALIBAN JIHAD AGAINST GEORGIAN TROOPS IN AFGANISTAN), რომელიც ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მუქარას შეიცავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ვიდეორგოლი სოციალურ ქსელ იუტუბში (www.youtube.com) ჰამად ზამანის (Hammad Zaman) სახელით ატვირთა ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევმა, რომელიც სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის კომპანია Aquafon-ში მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 1989 წელს დაბადებულ სამარ ჩოკუტაევს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, ანუ „ტერორისტული აქტის ჩადენისკენ მოწოდების მიზნით საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელებაში, რაც წარმოშობს ასეთი დანაშაულის საფრთხეს“.

ქართველი ჯარისკაცებისა და საქართველოს პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული მუქარის შემცველი ამ ვიდეორგოლის სოციალურ ქსელში ატვირთვის გამო, სამარ ჩოკუტაევს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით, დანაშაული ჩადენილი იქნა აფხაზეთის ტერიტორიაზე:

საქართველოში მოქმედი სამივე GSM ოპერატორის ანძები მდებარეობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო მათი დაფარვის ზონა სწვდება არაკონტროლირებადი ტერიტორიის ნაწილზე. ბრალდებული დაშიფრული არხის საშუალებით დაუკავშირდა მალაიზიაში არსებულ დისტანციურად მართვად სერვერს...
„კვალის დაფარვის მიზნით, სამარ ჩოკუტაევმა გამოიყენა ქართული GSM ოპერატორების ("მაგთიკომი", "ჯეოსელი", "მობიტელი") USB ინტერნეტმოდემები. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება საქართველოში მოქმედი სამივე GSM ოპერატორის სიხშირე, თავად ანძები კი, რომლებითაც ბრალდებული სარგებლობდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ასევე გაავრცელა გრაფიკული ვიდეორგოლი, რომელშიც თვალსაჩინოდ არის ახსნილი დანაშაულის ტექნიკური დეტალები:

„საქართველოში მოქმედი სამივე GSM ოპერატორის ანძები მდებარეობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო მათი დაფარვის ზონა სწვდება არაკონტროლირებადი ტერიტორიის ნაწილზე. ბრალდებული დაშიფრული არხის საშუალებით დაუკავშირდა მალაიზიაში არსებულ დისტანციურად მართვად სერვერს, საიდანაც არასანქცირებული წვდომა განახორციელა თბილისში განთავსებული ორი ორგანიზაციის როუტერთან, საიდანაც ინტერნეტში ატვირთა მუქარის შემცველი ვიდეორგოლი. სწორედ ამ გზით სცადა ბრალდებულმა გამოძიებისათვის კვალის არევა და თავისი რეალური ადგილსამყოფელის დამალვა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დაშიფრული არხებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენების მიუხედავად, გამოძიებამ მაინც მოახერხა ბრალდებულის იდენტიფიცირება. სამარ ჩოკუტაევის ფეისბუკ-გვერდიდან ირკვევა, რომ მას, პროფესიით ქსელის ინჟინერს, დამთავრებული აქვს ყირგიზეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ბოლო დრომდე უმუშავია სოხუმში, აკვაფონის ოფისში. რადიო თავისუფლებას კომპანიის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს კომენტარზე, თუმცა სხვა წყაროდან ცნობილი გახდა, რომ სამარ ჩოკუტაევმა ერთი კვირის წინ დატოვა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა დეტალს არ ახმაურებს, თუმცა, საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, ზურაბ აბაშიძე, ამბობს, რომ საქმე ოპერატიულად გაიხსნა:

„რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის საქმეების გახსნა არ არის ადვილი, მაგრამ მხარდაჭერა გვქონდა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მხრიდან. იმ სკეპტიკოსების გასაგონად, რომლებიც საპარლამენტო ოპოზიციაში იმყოფებიან და საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს საქმე არ იხსნება და არ მიმდინარეობს გამოძიებაო, მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ყველა დანაშაული იქნება აღკვეთილი“.

თუ ასე კონკრეტულად დგას საკითხი, რომ საქმე გახსნილია, მაგრამ თბილისში მდებარე ის ორი ორგანიზაცია, რომელთა როუტერების გამოყენებითაც აიტვირთა ვიდეორგოლი, არაფერ შუაშია, რა აზრი აქვს და რა ლოგიკაა იმაში, რომ მათ ვინაობას არ ასახელებენ...
თუმცა, ზურაბ აბაშიძის ამ განცხადების პასუხად, საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქმის გახსნასთან დაკავშირებთი ეჭვები ბოლომდე არ გაფანტულა. დეპუტატ გოგა ხაჩიძის თქმით, ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ გახსნილმა საქმემ პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა შემცირების ნაცვლად გაამრავლა:

„თუ ასე კონკრეტულად დგას საკითხი, რომ საქმე გახსნილია, მაგრამ თბილისში მდებარე ის ორი ორგანიზაცია, რომელთა როუტერების გამოყენებითაც აიტვირთა ვიდეორგოლი, არაფერ შუაშია, რა აზრი აქვს და რა ლოგიკაა იმაში, რომ მათ ვინაობას არ ასახელებენ. კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: გასაგებია, რომ ბრალდებული არის მაღალი დონის IT-სპეციალისტი, ცხოვრობს ისეთ ადგილზე, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ, უცნაური ქვეყნების გავლით უკავშირდება რაღაც სერვერებს, მაგრამ რა ვუყოთ კლიპების შინაარსობრივ გაფორმებას, ანუ იმას, რომ კლიპის დამამზადებელმა იცის, რომ 7 ნოემბერს ქართველმა ქართველზე ასწია ხელი, იცის ქართული ღვინო რა არის და ასე შემდეგ. შესაძლებელია მართლაც ჩოკუტაევმა ატვირთა, მაგრამ მარტო იყო კი ის? ვისი შეკვეთა იყო? ვინ და სად დაამზადა?“ - უთხრა გოგა ხაჩიძემ რადიო თავისუფლებას.

გოგა ხაჩიძის მსგავსად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკითხვები აქვს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტ უჩა ზაქაშვილსაც. მისი თქმით, თბილისში მდებარე კერძო სტრუქტურათა ქსელში შეღწევა და მათი როუტერების გამოყენება ვერ მოხდებოდა ქსლის ადმინისტრატორის შეუმჩნევლად:

არსებობს მრავალი ინდიკატორი, დაწყებული გეოლოკაციით, საიდანაც ეს მოხდა; ასევე ის, თუ რომელ ქვეყანას წარმოადგენს სამარ ჩოკუტაევი, რომ ეს ქვეყანა (ყირგიზეთი) დესეთეს დიდი ხნის წევრია...
„ადმინისტრატორის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა უყუროს სერვერიდან გამავალი და შემომავალი ინფორმაციის ბალანსს, ანუ აკონტროლოს. ამაში უხდიან ხელფასს. ასე რომ, საინტერესოა რომელ ორგანიზაციას ჰყავდა ისეთი მძინარე ადმინისტრატორი, რომ ვერაფერი გაიგო. და კიდევ: ეს ამბავი, გარდა 330-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა, ასევე შეიცავს 284-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა. ლეგალურად ამ კომბინაციას ვერ განახორციელებდა. თუ ქართული კომპანიების ნების საწინააღმდეგოდ შეაღწია მათ სისტემაში და შსს არ აღძრავს საქმეს 284-ე მუხლით, მაშინ თვითონ ოფიციალური ვერსია დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. გამოდის, რომ ქართული კომპანიები თანახმა იყვნენ?“

მუქარის შემცველი ვიდეოს გამავრცელებელი რომ მარტო არ მოქმედებდა, ამაში ეჭვი არ ეპარება ლაშა პატარაიას, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორს, რომლის თქმითაც, ყველა ინდიკატორი იმაზე მიუთითებს, რომ მოქმედებდა კონკრეტული სპეცსამსახური, რათა შეექმნა ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაპირისპირების ნიადაგი და ნეგატიური ემოციური ფონი.

„არსებობს მრავალი ინდიკატორი, დაწყებული გეოლოკაციით, საიდანაც ეს მოხდა; ასევე ის, თუ რომელ ქვეყანას წარმოადგენს სამარ ჩოკუტაევი, რომ ეს ქვეყანა (ყირგიზეთი) დესეთეს დიდი ხნის წევრია და რომელიც დიდ კონტროლს არის დაქვემდებარებული რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან. დაბოლოს, მთავარი არგუმენტი არის ის, თუ ვის აწყობდა დაძაბულობა და ის შედეგი, რომელიც გარკვეულწილად გამოიღო ამ ვიდეორგოლის გავრცელებამ“, უთხრა ლაშა პატარაიამ რადიო თავისუფლებას.

ჯიჰადის სახელით მუქარის შემცველი ვიდეორგოლი მიმდინარე წლის ივნისშ, ჰელმანდის პროვინციაში ქართველი ჯარისკაცების დახოცვის ფონზე გავრცელდა.
XS
SM
MD
LG