Accessibility links

logo-print

22 დეკემბერს კოლორადოს შტატის ქალაქ ქრაუფორდში ბრიტანელი მუსიკოსი ჯო კოკერი აღესრულა. რამდენიმე ხნის წინ მას ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და სწორედ ეს სენი გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

ჯონ რობერტ კოკერი 1944 წლის 20 მაისს სამხრეთ იორკშირის საგრაფოს ქალაქ შეფილდში დაიბადა. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ გაზის კვანძების შემდუღებლად მუშაობდა, ხოლო საღამოობით ლუდხანებში ვენს არნოლდის ფსევდონიმით მღეროდა, მეტწილად სოულისა და ბლუზური სიმღერების ქავერებს ასრულებდა. როკმუსიკის აუდიტორიამ კი 1963 წელს აღმოაჩინა, როცა შეფილდის სითი-ჰოლში ჯგუფ „როლინგ სთოუნსის“ კონცერტის წინ წარდგა მსმენელის წინაშე. პუბლიკა კოკერის საშემსრულებლო ხელწერით იმდენად მოიხიბლა, რომ ახალი როკვარსკვლავის დაბადებაზე ალაპარაკდა. ჰოდა, პირველ წარმატებას საკონცერტო ტურნეც მოჰყვა - ჯერ ბრიტანეთის ჩრდილოეთი მოიარა, შემდეგ ევროპის სხვა ქვეყნებშიც იმოგზაურა საკუთარ ბენდთან ერთად. მომღერლის ხრინწნარევი, ენერგიული ვოკალით განსაკუთრებით ფრანგები აღფრთოვანდნენ, რომლებმაც „პატარა რეი ჩარლზი“ შეარქვეს.

საინტერესოა, რომ მსოფლიომ ჯო კოკერი არა საკუთარი, არამედ სხვისი თხზულების შესრულებით გაიცნო. საუბარია ჯგუფ „ბიტლზის“ სიმღერაზე With A Little Help From Friends, რომლის ავტორობაც მაკარტნი-ლენონის დუეტს ეკუთვნოდა და რინგო სტარი ასრულებდა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ „სერჟანტ პეპერის“ ალბომში თავმოყრილი მასალის გვერდზე დრამერის ვერსია ჩრდილში იყო მოქცეული. 24 წლის კოკერმა კი სიმღერას რადიკალურად განსხვავებული ემოციური ელფერი შესძინა და 1969 წლის ვუდსტოკის ფესტივალზე აღგზნებული, აგრესიული ბლუზური მეტყველებით წარმოადგინა.

70-80-იან წლებში ჯო კოკერმა მსმენელებს რამდენიმე ცნობილი სიმღერის საკუთარი ინტერპრეტაცია შესთავაზა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ამერიკელი მუსიკოსისა და სიმღერების ავტორის ბილი პრესტონის ნაწარმოები „You Are So Beautiful“ და, რა თქმა უნდა, „გრემის“ მფლობელი „Up Where We Belong“, რომელიც ბრიტანელმა ჯენიფერ უორნსთან ერთად ჩაწერა ფილმისათვის „ოფიცერი და ჯენტლმენი“. რაც შეეხება ისეთ ჰიტებს, როგორიცაა “You Can Leave Your Hat On”, “Unchain My Heart”, “When the Night Comes” და “Night Calls”, ამერიკული თუ ბრიტანული პოპ-ჩარტების წამყვანი პოზიციები ეკავათ.

ჯო კოკერი სცენაზე იმ პერიოდში გამოჩნდა, როცა ბრიტანული როკი მეტწილად საავტორო ნაწარმოებებით იკვებებოდა, რაც წარმატებისა და როკვარსკვლავად აღიარების ერთგვარი აუცილებელი წინაპირობაც გახლდათ, მას კი ამ გზებით არასოდეს უვლია, არც როკმუსიკოსის სტატუსისთვის უბრძოლია. კრიტიკოსები კოკერის ორიგინალურ ვოკალურ ხელწერას ხოტბა-დიდებას არ აკლებენ, თუმცა საკუთარი თხზულებების უქონლობას მაინც საყვედურობენ. მსმენელების ნაწილს ზემოხსენებული პოპსიმღერები უყვარს, ნაწილს კი მომღერლის ახალგაზრდული პერიოდი ეძვირფასება და მიაჩნია, რომ ბლუზურ სცენაზე გაცილებით ღირებული კვალის დატოვება შეეძლო. ასეა თუ ისე, ჯო კოკერზე მეორეხარისხოვანი ესტრადის მომღერალი ნაკლებად ითქმის. მეტიც, თამამად შეიძლება, რომ ბრიტანული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოვიხსენიოთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG