Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერი საქართველოში: მეზობლები რუსეთის ინტერესების ჭრილში


სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი

23 თებერვალს საქართველოში დაიწყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი. სომხეთის მთავრობის მეთაურს, რომელიც ახლო წარსულში რუსეთის „გაზპრომის“ სტრუქტურებში მაღალ პოსტებს იკავებდა, თავისი ქართველი კოლეგა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მასპინძლობს.

სომხეთის პრემიერი საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:06:11 0:00
გადმოწერა

ხუთშაბათს გამართული შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს. ითქვა, რომ სომხეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში ახალი იდეებით ჩამოვიდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ სომხეთის ინტერესზე, შექმნას მტკიცე სატრანსპორტო დერეფანი რუსეთთან, რაც საფრთხილო საკითხს წარმოადგენს საქართველოსთვის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:39 0:00

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.“ საქართველოსა და სომხეთს აქვთ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა და ჩვენი მომავალი ურთიერთობები ამ საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ“, - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრის დროს საჯარო გაშუქებისთვის განკუთვნილ ნაწილში და კარენ კარაპეტიანს წარმატებები უსურვა სომხეთის განვითარების პროცესში. თავის მხრივ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და დიდ სამომავლო პერსპექტივებზე ილაპარაკა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თბილისში ხელცარიელი არ ჩამოსულა:

სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივები.
კარენ კარაპეტიანი

„სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივები. ჩვენ გარკვეული იდეებით ჩამოვედით და სიამოვნებით განვიხილავთ მათ თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება. დიდი მადლობა ჩვენი დელეგაციის თბილი მიღებისთვის“.

თუ რას ითვალისწინებს სომხეთიდან თბილისში ჩამოტანილი ახალი იდეები, ამის დეტალები არც პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაუკონკრეტებიათ. უბრალოდ ითქვა, რომ კარენ კარაპეტიანს ჰქონდა „საინტერესო შემოთავაზებები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ერთიანი ბაზრის პოტენციალის ათვისებისა და კოოპერაციის შესახებ“ და რომ საქართველო დაინტერესდა ამ საკითხით. ითქვა ასევე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ასათვისებელი პოტენციალი მასშტაბურია და პირისპირ თუ გაფართოებული ფორმატის ფარგლებში განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებებით.

საქართველოსა და სომხეთის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ბევრს ლაპარაკობენ ექსპერტებიც. მათთვის ცხადია, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთის მშვიდობა და სტაბილურობა აძლევს ხელს და ეს არის ის, რაც აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა როცა მეზობელი ქვეყნების კარგ ურთიერთობებზე ლაპარაკობენ, ანალიტიკოსები ახსენებენ ორ ქვეყანას შორის არსებულ პრინციპულ განსხვავებებსაც, რაც მაგალითად, გამოიხატება სომხეთის აქტიურ სამხედრო თანამშრომლობაში რუსეთთან, მაშინ როცა საქართველოსთვის რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს სომხეთზე, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყანაზე, რომელიც, საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის ნაცვლად, რუსეთის ინტერესების გზას დაადგა:

სომხეთს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა გაეგრძელებინა.

„სომხეთს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა გაეგრძელებინა და თავისებური „სომხური ოცნება“ იყო, რომ სომხეთი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყოფილიყო დაკავშირებული ევროკავშირთან, ხოლო სამხედრო უსაფრთხოება მიეღო რუსეთისგან - მის დაპირისპირებაში აზერბაიჯანთან და ნაწილობრივ - თურქეთთან, მაგრამ პუტინმა, ყველას კარგად გვახსოვს, უკანასკნელ მომენტში სომხეთი რეალურად აიძულა შესულიყო ევრაზიულ კავშირში“.

იმის გამო, რომ სომხეთზე რუსეთის ზეგავლენა დიდია, მალხაზ მაცაბერიძე საქართველოსთვის ხედავს სიფრთხილისა და წინდახედულობის გამოჩენის აუცილებლობას მოლაპარაკებებისას სომხეთის მიზნების ჭრილში შეიქმნას მტკიცე სატრანსპორტო დერეფანი რუსეთთან. ანალიტიკოსი ლაპარაკობს, ერთი მხრივ, ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელ რკინიგზაზე, რაც ბოლო პერიოდში ხშირად გამხდარა მწვავე შიდაპოლიტიკური დაპირისპირების საგანი და ამ პროექტის გარშემო მოლაპარაკებების დაწყებას კატეგორიულად გამორიცხავს თბილისი, და, მეორე მხრივ, მაცაბერიძე ყურადღებას ამახვილებს როკის გვირაბის ამოქმედებასა და ტვირთებისთვის ცხინვალის რეგიონზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის გახსნაზე. ანალიტიკოსის ხედვით, ეს იდეა საქართველოს ინტერესებისთვის სახიფათოდ გამოიყურება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განზრახვის ფონზე, რომ შეუცვალოს სახელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას და დაარქვას მას „რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი - სახელმწიფო ალანია“, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიული ერთეულის მსგავსად, რათა საბოლოოდ დაიმკვიდროს ადგილი რუსეთის ფედერაციაში.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არავითარი რკინიგზის გახსნა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით
ნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი

იმის გამო, რომ სომხეთი იძულებულია ანგარიში გაუწიოს თავისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის, ინტერესებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, იმისათვის, რომ არ გაგრძელდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოდან ჩამოცილების პროცესი, გამოყენებულ უნდა იქნეს ერთადერთი კანონიერი მარშრუტი:

„არსებობს ერთადერთი ლეგიტიმური საზღვარი ზემო ლარსში და, შესაბამისად, სომხეთი რუსეთიდან იღებს ტვირთს სწორედ ზემო ლარსის გავლით და ამავე გზით ახორციელებს ექსპორტს. მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნულმა სასაზღვრო და საბაჟო პუნქტმა უნდა იფუნქციოს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში, სადაც საქართველო თამაშობს სატრანზიტო ქვეყნის როლს. ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არავითარი რკინიგზის გახსნა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით და ქართულმა მხარემ არ უნდა დაუშვას, ასევე, საავტომობილო მიმოსვლა როკის გვირაბის გავლით“.

სავაჭრო-ეკონომიკური მიზნებისთვის ზემო ლარსის ალტერნატიული მარშრუტების ამოქმედება სომხეთისთვის მნიშვნელოვან საკითხს რომ წარმოადგენს, ეს ცხადია სომხეთის სახელმწიფო მართვის აკადემიის რეგიონალური კვლევების ცენტრის წარმომადგენელ ჯონი მელიკიანისთვისაც, თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯერ პირი არ უჩანს რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ, რომლის წყალობითაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამ შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის მოძრავი ტვირთები ნეიტრალურმა კომპანიამ უნდა გააკონტროლოს. შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო ზედამხედველობა სამ ”სავაჭრო დერეფანზე” უნდა გავრცელდეს. ეს დერეფნები მოიცავს აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონსა და ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტს. უშუალოდ მონიტორინგი ”სავაჭრო კორიდორების” საწყის და ბოლო პუნქტებზე განხორციელდება და, ამგვარად, მონიტორები სეპარატისტულ რეგიონებში არ შევლენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა შვეიცარიულ კომპანიასთან.

დაბოლოს, ცოტა რამ კარენ კარაპეტიანის შესახებ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი მან 2016 წლის სექტემბერში დაიკავა. ანალიტიკოსებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ სომხეთის ახალი პრემიერი რუსეთის ენერგოკომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელობის ყოფილი წევრი იყო და „გაზპრომის“ სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG