Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართა ხუდონჰესის პროექტის საჯარო განხილვა


ცხარე დისკუსია მოჰყვა 11 ნოემბერს სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საჯარო განხილვას. შეხვედრაში, რომელიც ჰესის მშენებელი კომპანიის, Trans Electrica Limited-ის ინიციატივით გაიმართა, ათეულობით ექსპერტი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დასრულებულა მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც ასახავს სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შედეგებს, მშენებელი კომპანიის მიერ გავრცელებულ ბროშურაში მშენებლობის დაწყების თარიღად 2012 წლის აპრილია მითითებული.

დარბაზი სავსეა. დაგვიანებით მოსულები ფეხზე დგანან. ფეხზე დასადგომი ადგილიც რომ აღარ რჩება, დარბაზის კარი იღება და ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საჯარო განხილვაზე მოსული დაინტერესებულები პირები დისკუსიას დარბაზის გარედან ადევნებენ თვალყურს.
საქართველო გახდება სუფთა განახლებადი ენერგიის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი რეგიონში...

ჰიდროელექტროსადგურის მშენებელი კომპანიის, Trans Electrica Limited-ის წარმომადგენელი ვიმალკუმარ შარმა მონდომებით ცდილობს დარბაზში შეკრებილები დაარწმუნოს, თუ რა სარგებლობას მოუტანს საქართველოს - და, კიდევ უფრო კონკრეტულად, სვანეთს - ხუდონჰესის მშენებლობა. ეკრანზე სლაიდი სლაიდს ცვლის, მშენებელი კომპანიის მთავარი გზავნილები კი, შეიძლება ითქვას, ერთმანეთს დარბაზში პოზიტიური განწყობის შექმნაში ეჯიბრებიან:

”საქართველო გახდება სუფთა განახლებადი ენერგიის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი რეგიონში; კერძო ინვესტორის მიერ საქართველოში ჩადებული ერთი მილიარდი დოლარის ტოლი ინვესტიცია საქართველოს წარმოაჩენს სტაბილური ეკონომიკის მქონე და ინვესტორებისათვის ხელსაყრელ ქვეყნად; ხუდონჰესის მშენებლობა ხელს შეუწყობს სვანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას”...

დანარჩენის შესახებ თავად Trans Electrica Limited-ის წარმომადგენელი, ვიმალკუმარ შარმა ლაპარაკობს:
ღირს თუ არა ჰესის მშენებლობად ხაიშის მოსახლეობის დეპორტაცია და ფლორისა და ფაუნისთვის ჰოლოკოსტის მოწყობა?..

”მშენებლობის პროცესში ბევრი ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება, რაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ხუდონის მშენებლობა აგრეთვე დაგვეხმარება წყალდიდობების კონტროლში. განვითარდება ინფრასტრუქტურა. გაკეთდება ახალი გზები, აშენდება სკოლები, სამედიცინო ცენტრები, გაიმართება საკომუნიკაციო სისტემა.”

ვიმალკუმარ შარმას გამოსვლას თან ახლავს დარბაზიდან შეძახილები. დარბაზში შეკრებილი ექსპერტები თითოეული გზავნილის დაზუსტებას ითხოვენ. იქვე არიან სოფელ ხაიშის მკვიდრნიც, სწორედ იმ სოფლის მკვიდრნი, რომელიც ხუდონჰესისთვის დაახლოებით 200 მეტრის კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობის შედეგად უნდა დაიტბოროს:

- ღირს თუ არა ჰესის მშენებლობად ხაიშის მოსახლეობის დეპორტაცია და ფლორისა და ფაუნისთვის ჰოლოკოსტის მოწყობა?..

- რღვევის შემთხვევაში, რა მასშტაბის დატბორვა მოხდება მიმდებარე ტერიტორიაზე?

- მე, როგორც ეთნოგრაფი, ვიტყვი, რომ ერთი სოფელი ნებისმიერ ჰესზე მეტია - ხაიში, თავისი მიმდებარე ტერიტორიით, თავისი წინაპართა საფლავებითა და სალოცავებით, კულტურით... ასე არ შეიძლება, ხალხო...


მდინარე ენგურზე ხუდონის კაშხლის მშენებლობა ჯერ კიდევ 25 წლის წინ, 1986 წელს, დაიწყო, თუმცა, მოსალოდნელი საფრთხეებისა და საზოგადოების მხრიდან პროტესტის ფონზე, მშენებლობა შეჩერდა. საქართველოს მთავრობამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება 2005 წელს მიიღო. 2009 წლის დეკემბერში კი საქართველოს მთავრობასა და კომპანია Trans Electrica Limited - ს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე. 11 ნოემბერს სასტუმრო „რედისონში“ გამართულ საჯარო დისკუსიაზე ხელისუფლების მხარეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი წარმოადგენდა. ის ვერ მალავდა ემოციებს დარბაზიდან წამოსულ კითხვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ხუდონჰესის მშენებლობა.
მარიამ ვალიშვილი
მარიამ ვალიშვილი

მარიამ ვალიშვილი: ”არავინ არსად არ იძირება. ერთი წუთით, რა... სვანეთზე გული თუ შეგტკიოდათ, სწორედ უშუქობისა და უბედურების პერიოდში განადგურდა იქ ყველაფერი. ეს არის რეალობა.“

- ახლა ხომ აღარ არის უშუქობა?

მარიამ ვალიშვილი: „მართლა? და როგორ ფიქრობთ, მაგიური ჯოხით აღმოჩნდა ის, რომ დღეს სვანეთში 24-საათიანი შუქია? აქ ისეთი განცდაა, რომ არ უნდა აშენდეს ჰესი. ენერგიის მოთხოვნა იზრდება. თუ თითოეული ოჯახი იცხოვრებს ჰაერით, ელექტროენერგიის გარეშე, კი ბატონო, სახლში რომ მიბრძანდებით, ნუ აანთებთ შუქს.“

მანანა ქოჩლაძე, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი, ”რედისონ ბლუ ივერიაში” გამართულ საჯარო განხილვას სამი საათის განმავლობაში ადევნებდა თვალს. ის ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგია და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არც დისკუსიის მსვლელობისას ერიდებოდა. რადიო თავისუფლებას ის იმ მიზეზებზე ესაუბრება, რის გამოც, მისი აზრით, ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება მიზანშეწონილი არ არის. ის „რედისონში“ გამართულ შეხვედრას ფარსს უწოდებს. ამბობს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები არაფერს შეცვლის, საზოგადოების აზრს არავინ გაითვალისწინებს, რადგან ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია.
თუ ხუდონჰესი და აგრეთვე დაგეგმილი „ნესკრა“ აშენდება, მოხდება შეუქცევადი კლიმატური ცვლილებები. ჰესის მშენებლობას ტარიფის გაიაფებასა და ხელმისაწვდომობაზე არანაირი სასიკეთო გავლენა არ ექნება...

”525 ოჯახს, ხაიშის მთელ თემს, მოუწევს გადასახლება. თუ ხუდონჰესი და აგრეთვე დაგეგმილი „ნესკრა“ აშენდება, მოხდება შეუქცევადი კლიმატური ცვლილებები. ჰესის მშენებლობას ტარიფის გაიაფებასა და ხელმისაწვდომობაზე არანაირი სასიკეთო გავლენა არ ექნება”, - მიაჩნია მანანა ქოჩლაძეს.

ზურა ნიჟარაძე ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საჯარო განხილვაზე თბილისში ხაიშიდან ჩამოვიდა. ის ხაიშის სკოლის პედაგოგია. ამ ყველაფერში მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი სატკივარი არ გესმითო, ასე მიმართა მან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს:

”მე ვერ ვგრძნობ თქვენს ტკივილს. პირველ რიგში, უნდა ვილაპარაკოთ ადამიანის ფაქტორზე. ჩვენ იქ წინაპრების საძვალეს ვტოვებთ. მიცვალებულს ყველა ვერ გადაასვენებს. გაითავისეთ ეს პრობლემა. თითქოს თქვენ ხართ ჩვენს ადგილას, თითქოს თქვენ უნდა აიყაროთ იმ ადგილებიდან და, აი, ამ კუთხით შეხედეთ პრობლემას და შემდეგ შევაფასოთ ტექნიკური მხარე, ეკონომიკური მხარე და ა.შ.”

უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით არ არსებობს განსახლების გეგმა. როგორც მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელი ალექსანდრე გვარამია ამბობს, განსახლების გეგმა თებერვლის თვისათვის გახდება ცნობილი. ასევე არ არის მზად ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. დოკუმენტზე ამ დრომდე სხვადასხვა დარგის ოცამდე ექსპერტი მუშაობს, ის კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის კოორდინაციით წლის ბოლოსთვის იქნება მზად. სწორედ აღნიშნული დოკუმენტების შედეგზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა ხუდონჰესის მშენებლობა, რომელსაც კომპანია Trans Electrica Limited 2012 წლის აპრილისთვის გეგმავს.
XS
SM
MD
LG