Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის „კონსტიტუცია ყველასია“


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

„კონსტიტუცია ყველასია“ - ამ სახელწოდებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იწყებს კამპანიას, რომლის მიზანი კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობის გაზრდა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციის ცვლილებების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობის კამპანიას 13 მარტს თელავიდან იწყებს, პროცესი კი საკონსტიტუციო რეფორმის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს.

პრეზიდენტის „კონსტიტუცია ყველასია“
please wait

No media source currently available

0:00 0:06:05 0:00
გადმოწერა

კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ყველა სოფელსა და ქალაქს მისწვდება და მისი მიზნობრივი აუდიტორიაც ფართო იქნება - სტუდენტებიდან და აკადემიური წრეებიდან დაწყებული, ეთნიკური უმცირესობებითა და სამოქალაქო და პოლიტიკური წრეებით დამთავრებული. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, განაცხადა, კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ არც ალტერნატიული საკონსტიტუციო პროცესია და არც კონსტიტუციური ცვლილებების ალტერნატიული პროექტის შექმნის მცდელობა. იგი ამბობს, რომ კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საზოგადოების აზრის უკეთ გაგებაში დაეხმარება.

“ჩვენ ვეხმარებით კომისიას იმ თვალსაზრისით, რომ მომავალი პროექტის განხილვის პროცესში ქართული საზოგადოება იქნება ბევრად უფრო მობილიზებული, ორგანიზებული, გათვითცნობიერებული საკონსტიტუციო საკითხებში და ბევრად უფრო კვალიფიციურ დიალოგში შევა მომავალი პროექტის განხილვისას. ასე რომ, ჩვენ დღეს ვიწყებთ თანხმობის პროცესს, პროცესს გაერთიანებისა ღირებულებების ირგვლივ, დისკუსიისა ღირებულებების ირგვლივ და პროცესს, რომელიც მიგვიყვანს საბოლოოდ იმ მიზნამდე, რომ კონსტიტუცია, რომელიც იწყება სიტყვებით „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“ , ამ კონსტიტუციის ხელის მომწერი იქნება ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი“, განაცხადა პროექტის „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაციაზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მოქალაქეები უფრო მეტად ჩართოს ქვეყნის სადამფუძნებლო დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ცხადია, რომ ნეგატიური გავლენა არ ექნება...
ვახტანგ ნაცვლიშვილი

პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ საზოგადოების, პოლიტიკური და სამოქალაქო წრეების, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლები.

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ხედვის პრეზენტაციას, როგორც მოსალოდნელი იყო, საკონსტიტუციო კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან არ დასწრებიან. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ, კამპანიის პრეზენტაციამდე განაცხადა მედიასთან, მანამ, სანამ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე მუშაობა არ დასრულებულა, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული შეხვედრები მხოლოდ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში უნდა წარმოებდეს, პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ კი საჯარო განხილვების ფორმატში დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან უნდა გაიმართოს. ერთ-ერთი დამატებითი არგუმენტი კი, რომლითაც უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანიის პრეზენტაციაზე დაუსწრებლობა ახსნა, პრეზენტაციის საპარლამენტო სესიის დღეს დანიშვნა იყო:

“ბუნებრივია, უმრავლესობის წევრები ვერ გავაცდენთ სესიას, მნიშვნელოვანი კანონპროექტები განიხილება ამავდროულად. რაც შეეხება მის ჩართულობას საკონსტიტუციო კომისიის პროცესში, კიდევ ერთხელ ვამბობ, დღესაც საკონსტიტუციო კომისიის კარი ღია არის და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არც ერთი ოფიციალური მოთხოვნა ან წერილი პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე არ ყოფილა გაკეთებული, რომ მას სურს ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში“.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვის კამპანიის დაწყების უფლება არ ჰქონდა. 9 მარტს ამ საკითხს კიდევ უფრო რადიკალურად გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც პრეზიდენტი პარლამენტის მიმართ „შემაშფოთებელ უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა. უმრავლესობის აზრით, პრეზიდენტი პარლამენტთან შეუთანხმებლად კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის კამპანიის შესახებ ხედვის წარდგენით არღვევს საკანონმდებლო ორგანოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. ითქვა ისიც, რომ პრეზიდენტის ინიციატივის მიზანი, შესაძლოა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის დაბრკოლების შექმნა იყოს, თუმცა ეს რიტორიკა მოგვიანებით, კამპანიის არსის წარდგენის შემდეგ, ნაწილობრივ შეიცვალა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა, მაგალითად, განაცხადა, რომ გზავნილები, რომლებიც გიორგი მარგველაშვილის გამოსვლაში გაისმა, მისთვის კარგი მოსასმენი იყო და მისი სიტყვების სიმართლეში დასარწმუნებლად კარგი იქნება, თუ პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის სხდომებს დაესწრებიან და მის საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას.

თავის მხრივ, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ დაწყების გამო პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე დაპირისპირების საფუძველს ვერ ხედავს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელი, ვახტანგ ნაცვლიშვილი. იგი ამბობს, რომ კამპანია თავისი არსით არ წარმოადგენს კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას:

“დღეს რაც ვნახეთ ჩვენ, ეს არ არის საყოველთაო სახალხო განხილვა. ეს არის დისკუსიებისა და განხილვების ორგანიზება, რომლის უფლებაც აქვს არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ რადიო თავისუფლებასაც, მაგალითად, თუ ეს მას მოუნდება. რა შედეგს გამოიღებს ეს? მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივები გაჟღერდა, მე მგონია, რომ ეს მაინც ძალიან ზოგადი იყო და ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ, რამდენად პროდუქტიული იქნება ეს კომისიისთვის. თუმცა ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მოქალაქეები უფრო მეტად ჩართოს ქვეყნის სადამფუძნებლო დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ცხადია, რომ ნეგატიური გავლენა არ ექნება“.

გიორგი აბაშიშვილი
გიორგი აბაშიშვილი

კამპანიისგან მხოლოდ პოზიტიურ შედეგს - კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების ფართო კონსენსუსის საგნად ქცევას - ელის, თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი. იგი ამბობს, რომ ხალხთან დისკუსიის დროს არც ერთ კონკრეტულ თემას არ მიენიჭება პრიორიტეტი, საზოგადოებასთან შეხვედრების დიდ ნაწილს კი სპონტანური, არაორგანიზებული ხასიათი ექნება. გიორგი აბაშიშვილი აქვე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ საკონსტიტუციო კომისიას საერთო-სახალხო განხილვების ორგანიზების პროცესში დახმარებას სთავაზობს.

“ვთავაზობთ ახლავე, აქვე, რომ დავეხმარებით ტექნიკურ და შინაარსობრივ მომზადებაში ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით. რატომღაც გვგონია, რომ რესურსი იქნება ძალიან ძლიერი, გამომდინარე იქიდან, რომ ვიდრე საკონსტიტუციო კომისია ამ საქმიანობას დაასრულებს და დადებს ეგრეთ წოდებულ სამუშაო ვერსიას, მანამდე ჩვენ მივდივართ რეგიონებში, ვხვდებით მოსახლეობას, ვააქტიურებთ ამ თემებზე, ვთხოვთ, რომ იყვნენ მომავალში აქტიურები და, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი რესურსის გამოყენება უკვე განხილვების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ამ პროცესში დაგეხმარებით, ბატონებო, ჩვენ მზად ვართ ამისათვის“, განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა წინადადებით, 13 მარტს პრეზიდენტთან ერთად ჩავიდნენ თელავში და მონაწილეობა მიიღონ კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ პირველ სახალხო ღონისძიებაში.

XS
SM
MD
LG