Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ტრამპი და ნაციონალების "ხელმეორედ დაბადება"


გასული კვირა პოლიტიკურად დატვირთული იყო როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის. შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა, საზეიმო ფიცი დადო. იმავე დღეს საქართველოში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სპორტის სასახლეში შეკრებილ "ნაციონალური მოძრაობის" დელეგატებს სიტყვით მიმართა. საქართველოს მთავრობის დელეგაცია კი დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფებოდა.

გადმოწერა

გასული კვირის დასაწყისში ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოების განწყობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხული 3 000-ზე მეტი ადამიანიდან უმეტესობას აწუხებს სამუშაო ადგილების არარსებობა, ინფლაცია, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და პენსიები. კვლევამ აჩვენა ასევე, რომ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების აზრით, ქვეყანა წინ მიდის, ხოლო კრიტიკული განწყობა უფრო "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს აქვთ.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საქართველოს ოფისის უფროსი ლორა თორნტონი ლაპარაკობს საზოგადოების განწყობაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართაც, ანუ მისაღებია თუ არა მოსახლეობისთვის მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი:

„თქვენ ხედავთ, რომ 72 %-ისთვის ეს მისაღებია, ხოლო 18 %-ისთვის - არა. იგივე სურათია სხვადასხვა რეგიონების მიხედვით. მხოლოდ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არის პასუხი მეტად უარყოფითი, თუმცა იქ დიდია იმ ხალხის რიცხვი, 24 %, რომელთა პასუხიც ამ კითხვაზე არის „არ ვიცი“. რაც შეეხება ნატოს მიმართ დამოკიდებულებას, 61 %-ისათვის მისაღებია, რომ საქართევლო გახდეს ნატოს წვერი, 25 %-ისთვის კი მიუღებელია. ჩვენ ვხედავთ მცირე ვარდნას, ნატოს მხარდაჭერის თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წელში“.

16 იანვარს განახლდა სასამართლო პროცესი ე.წ. "კაბელების საქმეზე". სხდომის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს კოლეგია სათათბიროდ გავიდა და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა გამოაცხადოს. ეს პროცესი ეხება თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის 5 ყოფილ თანამშრომელს, რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ბრალდებით.

ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს, დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

„თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც დაიკითხა, მათ შორის, მინისტრის მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირები ერთხმად ადასტურებენ, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის უაღრესად დიდი მოგებისა და სარგებლის მომტანი ხელშეკრულება... და, ფაქტობრივად, წარმოჩნდა, რომ არავითარი პოზიცია ბრალდების მხარეს ამ მიმართულებით არ გააჩნია. თანაც, ისინი (დაკავებულები) იყვნენ ქვედა რგოლი ამ საქმეში: გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, თანხის გამოყოფას პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი, ხოლო დაკავებულთაგან არც ერთს არ მიუღია და არ გაუცია ეს თანხა. მათ ამ თანხაზე არ ჰქონიათ წვდომა“, ამბობს დაკავებულთა ერთ-ერთი ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი.

თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის 5 თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააპატიმრეს, 5 თვეში კი თავდების საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა 2016 წლის 16 მაისს სასამართლომ ისინი ბრალდებულებად ცნო და 7-7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ეს საქმე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში მოექცა. "ჰიუმან რაიტს ვოჩის" 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ „ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმართულმა რამდენიმე საქმემ წარმოშვა შეკითხვები შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით".

17 იანვრიდან დაიწყო ე.წ. "ლარიზაციის" პროცესი, რომლის მიხედვითაც, 27 ათას ადამიანს შეეძლება 2015 წლამდე დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანა. დადგინდა ასევე, რომ 2017 წლის 15 იანვრიდან ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ 100 000 ლარზე ნაკლები ოდენობის სესხის გაცემა უცხოური ვალუტით. ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია მოსახლეობა დაიცვას ვალუტის კურსის რყევისაგან.

17-20 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში გაიმართა ეკონომიკური ფორუმის 47-ე შეხვედრა, რომელსაც საქართველოს სამთავრობო დელეგაციაც ესწრებოდა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად.

სხვადასხვა წყარო იტყობინებოდა, რომ ამ ფორუმზე ასი ქვეყნის 3 ათასამდე წარმომადგენელმა მოიყარა თავი.

ერთ-ერთ დისკუსიაზე, რომელიც აბრეშუმის გზის ეფექტიანობას ეხებოდა, მონაწილეობა მიიღო გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ეს გზა ერთდროულად კონკურენციასაც გულისხმობს და თანამშრომლობასაც და უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა:

„საქართველომ უკვე გააფორმა თანამშრომლობის შეთანხმებები თავის პარტნიორ ქვეყნებთან. დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ნაწილი აბრეშუმის გზისა - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით. ვიწყებთ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პორტის - ანაკლიის პორტის - მშენებლობას. უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კონსორციუმი, ქართულ-ამერიკული კონსორციუმი, რომელიც რეგიონის მასშტაბით ეძებს პორტის ოპერატორებს. საქართველოში მიმდინარეობს რკინიგზის განახლება, სიჩქარის მომატების მიზნით. მასშტაბური ინვესტიცია იდება, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი თანამშრომლობის შეთანხმებას ჩინეთთან. უკვე დავასრულეთ მოლაპარაკებები და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას უახლოეს მომავალში მოვაწერთ ხელს“.

როგორც საქართველოს ელჩმა შვეიცარიაში ირაკლი ყურაშვილმა აღნიშნა, საქართველო ბევრს ელოდება ამ ფორუმისა და მის ფარგლებში გასამართი ოფიციალური შეხვედრებისგან.

დავოსში შეხვედრების პარალელურად საქართველოში გაიმართა კიდევ ერთი აქცია რუსული კომპანია "გაზპრომის" წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, "გაზპრომთან" მიღწეულია ოპტიმალური ხელშეკრულება, თუმცა ეს დოკუმენტი არ საჯაროვდება.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ ამ დოკუმენტის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი ხელოვნურია და განგაშის საფუძველი არ არსებობს:

„ეს არის 2 წლით გაფორმებული შეთანხმება. პირველ წელს ჩვენ ნაწილობრივ ისევ ნედლეულის სახით მივიღებთ ბუნებრივი აირის გატარების საფასურს. პირველ წელს არანაირ განსხვავებას არ ვღებულობთ, მეორე წელს კი ეს განსხვავება იქნება, თუმცა ეს ახალი ხელშეკრულება, იმ არსებული რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს, მაქსიმალური შედეგია, რაც შეიძლებოდა გვქონოდა, გინდ პოლიტიკური თვალსაზრისით და გინდ ეკონომიკური თვალსაზრისით. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ენერგოდამოკიდებულება არ გაზრდილა არც ერთი პროცენტით, ხოლო ტარიფები ამ კონკრეტული შეთანხმების შედეგად ნამდვილად არ მოიმატებს“.

თუმცა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მთავრობას არ ეთანხმება და მოითხოვს "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, ისიც კი გაურკვეველია, ნამდვილად არსებობს თუ არა ხელმოწერილი ხელშეკრულება და რომ მთავრობა ტრანსპორტირების ტარიფს მალავს, რადგან ის წამგებიანია.

კვირის ბოლოს, 20 იანვარს, სპორტის სასახლეში გაიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, რომელსაც 7 000-მდე დელეგატი დაესწრო. აირჩიეს პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე და სამომავლო გეგმები დასახეს.

სპორტის სასახლეში შეკრებილებს პირდაპირი ტრანსლაციით მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომლის თქმითაც, პარტია დღეს მზადაა დაიბრუნოს ხელისუფლება.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ, თავის გამოსვლაში თქვა, მათ "ქელეხს უმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ".

სანამ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ "მეორედ დაბადებას" აღნიშნავდა, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებოდნენ. თბილისის დროით საღამოს 9 საათზე დონალდ ტრამპმა საზეიმო ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

საინაუგურაციო სიტყვაში მან თქვა, რომ მუდამ პირველ რიგში დააყენებს ამერიკას, დაიცავს ქვეყნის საზღვრებს, გააძლიერებს ძველ ალიანსებს და შექმნის ახლებს. ასევე, დაემუქრა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს", რომ "აღგვის პირისაგან მიწისა".

ტრამპის პრეზიდენტობის გასაპროტესტებლად მთელი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართა ქალთა მარში, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მეტი მგრძნობელობა გამოიჩინოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ და აქტიურად დაუჭიროს მხარი საერთაშორისო მოძრაობებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG