Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქალების მარში“ - ტრამპის ინაუგურაციის პასუხად


ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციის მეორე დღესვე მსოფლიოს დაახლოებით 370 ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, გაიმართა საპროტესტო აქციები ე.წ. „ქალთა მარშის“ სახელით - ტრამპის იდეების მოწინააღმდეგენი ქუჩებში გამოვიდნენ და სექსიზმი, „შიშისა და დაყოფის პოლიტიკა“, არატოლერანტულობა და ქალთა სიძულვილი დაგმეს. პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპის პირველ საჯარო სიტყვას კი სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა ექსპერტთა წრეებში.

ქალების მსვლელობა თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:12 0:00

20 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვზე გამართული საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონიას საპროტესტო აქციების გარეშე არ ჩაუვლია - როგორც Associated Press-ი იუწყება, ვაშინგტონში საპროტესტო აქციების მსვლელობისას 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. „არა ტრამპს!“ - სკანდირებდნენ ისინი და მაღაზიებისა და კაფეების მინებს ამსხვრევდნენ. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი პრეზიდენტის რანგში თავის პირველ სიტყვას წარმოთქვამდა.

ტრამპმა საჯაროდ დადო პირობა, რომ „ამერიკას პირველ რიგში“ დააყენებს, როცა საქმე შეეხება ვაჭრობას, იმიგრაციას და საგარეო ურთიერთობებს. მანვე განაცხადა, რომ პირისაგან მიწისა აღგვის რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს:

„ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში მოქმედი მცირერიცხოვანი ჯგუფი მეტისმეტად დიდხანს ხეირობდა ხელისუფლებისგან, ეს ხალხის ხარჯზე ხდებოდა. ვაშინგტონი ყვაოდა, მაგრამ მისი სიმდიდრით ხალხს არ უხეირია. პოლიტიკოსები ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, მაგრამ დაიკარგა სამუშაო ადგილები, დაიხურა ქარხნები, ისტებლიშმენტი იცავდა საკუთარ თავს და არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მათი გამარჯვებები არ ქცეულა თქვენს გამარჯვებებად, მათი ტრიუმფი არ ყოფილა თქვენი ტრიუმფი. და ვიდრე ისინი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ზეიმობდნენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჭირვებაში მცხოვრებ ოჯახებს საზეიმო ბევრი არაფერი ჰქონდათ. ეს ყველაფერი იცვლება სწორედ აქ და ახლა, იმიტომ რომ ეს დრო თქვენი დროა, ის თქვენ გეკუთვნით. ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანას ახალი ხედვა წარმართავს. ამ მომენტიდან ჩვენ პირველ რიგში ამერიკას დავაყენებთ. ყოველი გადაწყვეტილება ვაჭრობის, გადასახადების, იმიგრაციის, საგარეო ურთიერთობის სფეროებში მიღებული იქნება ისე, რომ ამით ამერიკელმა მშრომელებმა და ამერიკელთა ოჯახებმა იხეირონ. ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ იმ ზიანისგან, რომელიც მოჰყვება ჩვენი პროდუქტების სხვა ქვეყნებში დამზადებას, ჩვენი კომპანიების ძარცვას, ჩვენი სამუშაო ადგილების განადგურებას. შევეცდებით მსოფლიოს ქვეყნებთან მეგობრული, კეთილი ურთიერთობა დავამყაროთ, თუმცა იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, პირველ ადგილზე საკუთარი ინტერესები დააყენოს...ჩვენ ცივილიზებულ მსოფლიოს გავაერთიანებთ რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელსაც სრულად აღვგვით პირისაგან მიწისა. ერთად ამერიკას კვლავ ძლიერად ვაქცევთ. ამერიკას კვლავ მდიდრად ვაქცევთ. ამერიკას კვლავ ამაყად ვაქცევთ. ამერიკას კვლავ უსაფრთხოდ ვაქცევთ. და, დიახ, ერთად ამერიკას კვლავ დიადად ვაქცევთ“.

ტრამპის გაპრეზიდენტებით უკმაყოფილო ხალხის აქციები 21 იანვარს ვაშინგტონსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ისევ გაგრძელდა - ამჯერად ქალთა მარშის სახით, რომელსაც სოლიდარობა 370-მდე ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც გამოუცხადეს.

”სექსიზმისა და დაყოფის რიტორიკამ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ყველა ჩვენგანი შეაშფოთა. ვიდრე მსგავსი რიტორიკა მსოფლიო პოლიტიკისათვის არ არის ახალი, სავსებით შესაძლებელია, რომ 20 იანვარს მას გაუჩნდეს ძლიერი ახალი პლატფორმა… ჩვენ ერთად ვიკრიბებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქალთა უფლებებს და თანაბარ უფლებებს ყველგან და აღვუდგეთ შიშის პოლიტიკას. არა ტოლერანტულობასა და ქალთა სიძულვილს!“ - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩვენი აქცია სოლიდარობის გამოცხადებაა ყველა ქალის, უმცირესობის ყველა იმ წარმომადგენლის მიმართ, რომელთა უფლებებიც ირღვევა დღევანდელ სამყაროში, სადაც ამ ბოლო დროს ულტრამემარჯვენე ძალები იკრებენ ძალას და ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოში ერთად ვიდგეთ ის ადამიანები, რომლებიც ვთვლით, რომ თანასწორობა, ტოლერანტობა და სოლიდარობა არის მთავარი“, - ამბობს „ქალთა მარშის“ მონაწილე დოდი ხარხელი.

პრეზიდენტ ტრამპის პირველი სიტყვის მთავარ აქცენტებს კი არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა საექსპერტო წრეებში საქართველოში. მაგალითად, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი ვასილ კაჭარავა, რომელიც ანალიტიკოსთა იმ ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც ტრამპს მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გულშემატკივრობდა, ფიქრობს, რომ ტრამპი, თავისი ძლიერი გუნდით, შეძლებს ბრძოლა ახალი ამერიკისათვის წარმატებით წარმართოს:

„იმედია, ტრამპმა საკმაოდ ძლიერი გუნდი შეკრიბა. თვითონაც ძლიერი ხასიათი აქვს, მებრძოლი კაცია. ამავე დროს, კარგი ბიზნესმენი და პრაგმატული ადამიანია და, წესით, ბევრი მონაცემი აქვს იმისათვის, რომ თავისი ბრძოლა ახალი, დიადი ამერიკისათვის წარმატებით დაასრულოს“.

დონალდ ტრამპის სიტყვიდან ზოგიერთი აქცენტი არარეალისტურად შეაფასა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ. მისი თქმით, ტრამპის განცხადება, ხელი შეუწყოს ამერიკულ კომპანიებს და დაიცვას შიდა ბაზარი, ნაწილობრივ ეწინააღმდეგება თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდება, მისი განცხადებით, თავად ეწინააღმდეგება პროტექციონისტურ პოლიტიკას, რომლის გატარებასაც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გეგმავს.

რაც შეეხება საგარეო აქცენტებს, კერძოდ, რადიკალურ ისლამურ ტერორიზმთან დაკავშირებით, ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ ტრამპის განცხადებებით რუსეთმა ისარგებლოს და ამერიკას შესთავაზოს გარიგება, ერთად იმოქმედონ ამ მიმართულებით ახლო აღმოსავლეთში, ამ ფაქტორმა კი ამერიკა აიძულოს წავიდეს გარკვეულ დათმობებზე. ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ამერიკამ უნდა დაინახოს, თუ ვინ არის მთავარი საფრთხე დღეს:

„ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ დღეს მთავარი საფრთხე ეს არის რუსეთის ფედერაცია და არა ჩინეთი ან ირანი, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ის გაამკაცრებს სანქციებს ირანის მიმართ და გაზრდის საბაჟო ტარიფებს ჩინურ პროდუქციაზე. ეს, გარკვეულწილად, უბიძგებს ჩინეთს და ირანს ალიანსი გააფორმონ რუსეთთან და ორი ავტორიტარული ქვეყნის ალიანსი არც აშშ-ის ინტერესებში შედის და არც დანარჩენი მსოფლიოს. ამიტომ მგონია, რომ აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა სწორად უნდა შეაფასოს ვითარება“.

თუმცა, ნიკა ჩიტაძის აზრით, გასათვალისწინებელია აშშ-ის ადმინისტრაციის, კონგრესის წევრების დამოკიდებულებაც, რომელიც განსხვავდება ტრამპის ხედვისგან საგარეო პოლიტიკის საკითხებში. რაც შეეხება ურთიერთობასა და თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩიტაძის პროგნოზი ასეთია:

„მე მოველი, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა შენარჩუნდება, გაგრძლდება ის დახმარებაც, რასაც ქვეყანა აშშ-ისგან იღებს. მე ამის იმედი მაქვს, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის საკმარისი, ჩვენთვის აუცილებელია, რომ ამერიკამ პრინციპული პოზიცია დააფიქსიროს რუსეთის მიმართ, რომ რუსეთსაც მოუწიოს ანგარიშის გაწევა ამერიკისათვის კავკასიის რეგიონის, შავი ზღვის რეგიონის საკითხების თაობაზე. მე მაინც დიდი იმედი მაქვს ამერიკის კონგრესის და პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციისა“.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ტრამპის მმართველობის დადებით და უარყოფით მხარეებზე უფრო კომპეტენტური მსჯელობა დაახლოებით ექვს თვეში უფრო ადვილი იქნება, მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება აქამდე თქმულიდან რეალურად რის განხორციელებას შეძლებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG