Accessibility links

logo-print

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემულ ლაშა ბუღაძის პიესას, „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ რომ გადაშლით, ეგრევე გხვდებათ სპექტაკლის პროგრამა ორ ენაზე, ინგლისურად და ქართულად, საიდანაც ვიგებთ, რომ პრემიერა შედგა 2014 წლის 11 ივნისს ლონდონის თეატრ "როიალ ქორთში", მთარგმნელია დონალდ რეიფილდი, და აქვე არის რეჟისორისა და როლების შემსრულებელ მსახიობთა ჩამონათვალიც. ცხადია, სასურველია პიესა დაიდგას, მაგრამ თუ ასე მოხდა და წიგნიც პირველი პრემიერის შემდეგ გამოიცა, საქართველოში ასეთ კრებულებში სპექტაკლის პროგრამებს არავინ ბეჭდავს. ამან მაფიქრებინა, რომ განსაკუთრებულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, და რომ ეს პიესა სპეციალურად ამ ლონდონური თეატრისთვის იქმნებოდა. ასეთ შემთხვევაში ავტორზე უკეთ ვერავინ გაგარკვევს იმაში, თუ როგორ ხდებოდა ყოველივე ეს, როგორ მიმდინარეობდა დრამატურგისა და თეატრის თანამშრომლობა, რამდენად იყო პიესის თემატიკა თეატრის მიერ ნაკარნახევი... სწორედ ამიტომ სტუდიაში სასაუბროდ თავად ლაშა ბუღაძე მოვიწვიე.

იქ როგორ არის იცი? ისე არ არის, როგორც საქართველოში: დრამატურგი სახლში წერს პიესას, მერე მიდის რა და აბა დადგი და, აბა მომეწონა, არ მომეწონა. არა, თეატრი მუშაობს ტექსტზე. დრამატურგი წერს მაგალითად, პირველ ვერსიას ან რამდენიმე სცენას. ამას ისინი თამაშობენ, სივრცეში აცოცხლებენ და დრამატურგი ხედავს ხელოვნურობებს, ლიტერატურიზმებს, რაღაც ნაკლოვანებებს...

პიესა 2008 წლის ომის შესახებაა. ტექსტში პირდაპირაა მითითებული აგვისტოს იმ დღეების თარიღები და პრეზიდენტი-პერსონაჟიც თავისი ქცევებით და მეტყველების მანერით ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტისგანაა აშკარად გამოძერწილი. სიუჟეტის მთავარ ინტრიგას ქმნის დამფრთხალი პრეზიდენტი, რომელიც ქალაქში დამპყრობლების შემოსვლას ელის და მათგან რომ თავი დაიძვრინოს, უსაფრთხო სამალავს ეძებს. მისი აზრით კი ასეთ სიტუაციაში ყველაზე უსაფრთხო სამალავი რიგითი მოქალაქეების არაფრით გამოჩეული ბინებია. ამიტომ ის მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობს უბნიდან უბანში და ხან ერთ ოჯახს ადგება მოულოდნელად თავზე სტუმრად და ხან მეორეს. პიესას აქვს მეორე სიუჟეტური ხაზიც: ერთ-ერთი ტელევიზიის ლაივ-შოუ, სადაც ერმა საუკეთესო ნინო და საუკეთესო გიორგი უნდა აარჩიოს. ეს ორი ხაზი ფინალში ერთმანეთთან იკვეთება. საბოლოოდ პრეზიდენტი ამ შოუს პირდაპირ ეთერში აღმოჩნდება. პირველი შეკითხვა, რაც მაშინვე გამიჩნდა და რაც ლაშასაც დავუსვი, იყო ის, თუ რამდენად ეფექტური იყო სიუჟეტის მიბმა კონკრეტულ მოვლენებზე, ვინაიდან პიესა, მიუხედავად ამ კონკრეტიკისა, მაინც საკმაოდ მეტაფორულია და სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა მისი გადაწყვეტა პოლიტიკური იგავის ჟანრში, თანაც ისე, რომ მკითხველისთვის თუ მაყურებლისთვის მაინც ცხადი დარჩებოდა, რომ იგი 2008 წლის ომის მოვლენების გადათამაშებას წარმოადგენდა.

ლაშა ბუღაძე:გარკვეულწილად იმ თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე, რა თეატრისთვისაც დაიწერა ეს პიესა, რომელიც არის სოციალურ დრამაზე ორიენტირებული თეატრი, და არა მხოლოდ სოციალურზე, არამედ პოლიტიკურზეც, იმიტომ რომ ის ცნობილი პიესები, რომლებიც დაიწერა და დაიდგა "როიალ ქორთში", დაწყებული 60-იანელი ოლბის დრამატურგიით, სარა კეინი, ტომ სტოპარდი, პინტერი და სხვები და სხვები, ეს იყო ძალიან პოლიტიკური. და მერე „როიალ ქორდს“ აქვს ძალიან საინტერესო პრინციპი, რომელიც ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა ჩვენი თეატრისთვისაც და საერთოდ, დრამის თეორიისთვისაც. პრინციპი აქვს ასეთი: გეუბნებიან, მე საერთოდ პიესა არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს თემა. რა თემით მოდიხარ, რა პრობლემით მოდიხარ შენ, როგორც დრამატურგი, რაზე უნდა მელაპარაკო, რომ მე დავაინტერესო ჩემი მაყურებელი, რომელიც ორიენტირებულია, რაკი „როიალ ქორდში“ დადის, რაღაცნაირ თემატურ პიესებზე, და ეს ბუნებრივია. და აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ პიესის დაწერა მოყვა ვორქშოფს, რომელიც ერთობლივად ჩატარდა უკრაინელ და ქართველ დრამატურგებთან ერთად. ჩვენ სულ ვიყავით თოთხმეტი, უბრალოდ ჩემი პიესა აარჩიეს საბოლოოდ. ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენ, ეს დიდი ჯგუფი. რასაკვირველია, ყველას თემა იყო პოლიტიკა, ყველას თემა იყო ომი - ჩვენ შემთხვევაში; ეს ხდებოდა 2010-2011 წლებში და უკრაინელებისათვის ეს რაღაცნაირად პროვიდენციალურიც კი აღმოჩნდა, იმიტომ რომ რაღაცნაირი, გარკვეული თანაგრძნობით, მაგრამ დისტანციით უყურებდნენ ჩვენს თემებს უკრაინელი ავტორები მაშინ.

იქ როგორ არის იცი? ისე არ არის, როგორც საქართველოში: დრამატურგი სახლში წერს პიესას, მერე მიდის რა და აბა დადგი და, აბა მომეწონა, არ მომეწონა. არა, თეატრი მუშაობს ტექსტზე. დრამატურგი წერს მაგალითად, პირველ ვერსიას ან რამდენიმე სცენას. ამას ისინი თამაშობენ, სივრცეში აცოცხლებენ და დრამატურგი ხედავს ხელოვნურობებს, ლიტერატურიზმებს, რაღაც ნაკლოვანებებს. ეს არ არის მაინცადამაინც ყველა დრამატურგისთვის მისაღები ფორმა, მაგრამ პრინციპში, როცა რაღაც აქტიურ პროცესში ხარ ჩართული, სადაც ყოველთვე ახალ-ახალი პიესით, საკვებით უნდა ამარაგო ეს მაყურებელი და თეატრი, როგორც სუპერმარკეტში დადიან, ასევე ითხოვენ ასეთ სოციალურ საკვებს: მომეცი სოციალური საკვები კავკასიის შესახებ!“

ალბათ სულ არ იყო შემთხვევითი, რომ ვორქშოფის მონაწილეთაგან თეატრმა ლაშა ბუღაძის პიესა აარჩია. ერთია ცალკეული მცდელობები კონკრეტული ავტორისა, სოციალურად თუ პოლიტიკურად აქტუალურ თემატიკას შეეხოს, და მეორეა, როდესაც ავტორი უკვე დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს და ეს მისი ორგანული სივრცეა. ლაშა ბუღაძე ის ფენომენია დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში, რომელიც თვალმოუშორებლად აკვირდება საზოგადოებას, ხელისუფლებას და ურთიერთობებს მათ შორის, რაც ხშირად პერვერტულ სახესაც კი იღებს. თავის პიესებში, მოთხრობებში თუ ბლოგებში იგი ახერხებს მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებიდან ექსტრაქტის სახით გამოწუროს მთელი სიგიჟე, აბსურდი და შემზარაობა ყველაზე დამღუპველი ტენდენციებისა. მისთვის ბუნებრივად დამახასიათებელი ლაღი იუმორი საჭიროების შემთხვევაში მწარე ხდება, ხშირად შავიც და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიღებთ ასე საჭირო მაღალი ხარისხის იმ „სოციალურ საკვებს“, რის დეფიციტსაც ჩვენი საზოგადოება მუდამ განიცდის, მაგრამ ამას სამწუხაროდ ვერც გრძნობს, რადგან ძირითადად უხარისხო „სოციალური საკვებითაა“ გამძღარი. ამას ხვდები, როცა უსმენ არა რაღაც შოუების მდარე იუმორს სოციალურ-პოლიტიკურ თემატიკაზე, არამედ ლაშა ბუღაძის ტექსტებს ეხები და მისი მძაფრი პოლიტიკური სატირის ძალას გრძნობ. თუმცა, ამ პიესაში ალაგ-ალაგ რაღაცები მაინც ზედმეტად პირდაპირ გადმოტანილი ჩანს იმ პოლიტიკური რეალობიდან თუ ჭორებიდან, რაც ჩვენს მეხსიერებაში ჯერაც მყარადაა გამჯდარი. მეორე მხრივ იმასაც ხედავ, რომ თანდათანობით, როცა დრო ამ დეტალებს დავიწყებას მისცემს, ტექსტი ახალ პლასტებს შეიძენს და უფრო ალეგორიული გამოჩნდება. ასეთი იყო იგი, ცხადია, ინგლისელი მაყურებლისთვისაც, რომელმაც პრეზიდენტის ცხოვრების ის ნიუანსები ნაკლებად იცოდა, რომელსაც ლაშა ბუღაძე აქ დასცინის.

ლაშა ბუღაძე

ლაშა ბუღაძე

ლაშა ბუღაძე: „ეს თემა ავიღე, რატომ: იმიტომ რომ, პრინციპში, ეს თემა - პრეზიდენტის, ხელმწიფის, რომელიც კარგავს ერთ დღეში ძალაუფლებას და პირობით ძალაუფლებას ფლობს, რაღაცნაირად ბრიტანული თემაა და შექსპირული. არ ჩამოვთვლი იმ მეფეებს, რომელთაც ეს ამბავი გადახდათ შექსპირის ტექსტებში, და მეორე მხრივ, მედიის მომენტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთმა ბრიტანელმა რეჟისორმა გვითხრა: ყველა თქვენს პიესაში, -ის გულისხმობდა უკრაინელ ავტორებსაც და ქართველ ავტორებსაც, - ისმის ან ტელევიზორის, ან რადიოს ხმა. და რატომ, რატომ? იმიტომ, რომ - ჩვენ ვუპასუხეთ - ჩვენ შთანთქმულები ვართ მედიისაგან, შემოვარდნილია პოლიტიკა ჩვენ სახლებში: დაკეტავ ფანჯარას - კარიდან შემოვა, კარს დაკეტავ - ბუხრის მილიდან შემოვა. პოლიტიკა გივარდება ბიოგრაფიაში პროტაგონისტის სახით. პროტაგონისტი არის პრეზიდენტი, რომელიც არ გინდა, რომ შენში იყოს და შენთან იყოს, მაგრამ ის მაინც მოვა, სახლში მოვა. ამიტომ ჰქვია პიესას „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“, თუმცა მისი მოსვლა არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ის თვითონ აღარ ატარებს იმ ძალაუფლების რაღაც ატრიბუტიკას, როგორც მისტიკურს, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით, რაკი არის ასეთი კლაუსტროფობიული სიტუაცია, ომის პირობები. პრინციპში აქ არის ერთი ისტორიაც, რომელიც რაღანაირად დაიკარგა უკვე დადგმაში და რომელიც აქ არის გამკრთალი. ერთ-ერთი რეზერვისტი სიმულირებს სიგიჟეს, რათა არ წაიყვანონ ომში. ეს ხარმსის ისტორიაა, რომელსაც ავადმყოფურად ეშინოდა ჯარში გაწვევის და შემდეგ ლენინგრადის ბლოკადის დროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა კიდეც და რომელმაც ღილები დაიკერა კანზე და მის დღიურებში არის მთელი ჩამონათვალი, იგონებს სიგიჟის მიზანსცენებს და ეპიზოდებს. მაგრამ შეკითხვა აქ დგას: ის სიგიჟე, რომელსაც ის სიმულირებს, ეს მართლა სიმულაციაა, თუ უკვე სიგიჟეა? ამ შემთხვევაში პრეზიდენტისა და ამ ლადოს პერსონაჟების შეპირისპირებაც ეს არის: ეს ხელისუფალი რაციონალურია თუ არანორმალურია. ყოველთვის, საქართველოში ეს პრობლემა დგას: დღესაც ასე ვართ, სააკაშვილის დროსაც ასე ვიყავით, 90-იან წლებშიც ასე იყო, ყოველთვის...

დაბოლოს: ამ პიესამ რაღაცნაირად მე მაინც გამახსენა ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი“. იმ მასპინძლებიდან, ვინც მოულოდნელად სტუმრად მოსულ პრეზიდენტს იღებს, ზოგი მისი თაყვანისმცემელია, ზოგი გულგრილია მის მიმართ და ზოგსაც სძულს იგი. როგორ უნდა მოექცე ადამიანს, რომელიც გძულს და უცებ კარზე გადგება? მითუმეტეს, იმ ადამიანს, რომელიც ძალმოსილი პრეზიდენტიდან უცებ ერთ დამფრთხალ არსებად გადაქცეულა. ეტყობა გენიოსების მიერ შემოგდებული მარადიული თემები ცნობიერად თუ არაცნობიერად სულ მუშაობს, აბსოლუტურად სხვა გარემოშიც და ლიტერატურულ ჟანრებშიც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG