Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოჩა გაბოძე - სამოქალაქო აქტივისტი


4 დეკემბერი კვირა

მაღვიძარა მაღვიძებს. 12 საათია, სახლში საშინელი უწესრიგობაა − მარტო ვცხოვრობ. ვცდილობ, დავიწყო სახლის მოწესრიგება: გავრეცხო ჭურჭელი, გავაკეთო საჭმელი (უფრო სწორად, ეს უკვე მეზარება), გავიდე მაღაზიაში, ვიყიდო საჭმელი, მოვემზადო, გავიდე სახლიდან.

ვამოწმებ ელექტრონულ ფოსტას, შემდეგ − ფეისბუკს. წერილები მხვდება. მწერს ლია ტაბატაძე რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელია, სოციალური საწარმო „ბაბალეს“ დირექტორი. კვირის განმავლობაში დიდი სამზადისი გვაქვს: სოციალური საწარმო ახალი მაღაზიის გასახსნელად ემზადება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ და პირველი პრეცედენტი შევქმნათ საქართველოში ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირთა დასაქმების. პროდუქცია, რომელსაც სოციალური საწარმო „ბაბალე“ ამზადებს, კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, ხოლო სივრცე, სადაც ეს ხალხი მუშაობს, არ უნდა იყოს სეგრეგირებული. არ უნდა იყვნენ ისინი მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დასაქმებული, ჩვენ დიდი გზა გავიარეთ, რათა ეს ადამიანები საიმისოდ მოგვემზადებინა, რომ მათ სრულყოფილად შეეძლოთ საქმიანობა. ჩვენ ვემზადებით...

სამოქალაქო აქტივიზმში დაახლოებით შვიდი წლის წინ ჩავერთე. პირველად ფეისბუკის ღონისძიება ვნახე, სადაც აქტივისტები აქციას აწყობდნენ და პროტესტს გამოთქვამდნენ ირანში ქალის მოსალოდნელი ჩაქოლვის წინააღმდეგ. ამბავმა შემძრა, კამპანიაში, მთელი მსოფლიოს ლიდერები იყვნენ ჩართულები და ამ ქალის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე მეც წავედი. იქ დამხვდნენ. ჩემი იმჟამინდელი სივრცისგან განსხვავებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, რომლებიც დღეს საქართველოში სამოქალაქო სექტორს ქმნიან. მათი გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ მეც ეს გზა უნდა გამეგრძელებინა, უნდა მებრძოლა ჩემი და სხვა ადამიანების უფლებებისთვის.

დღეს რამდენიმე ორგანიზაციაში ვმუშაობ, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ, ვგეგმავ კამპანიებს და ვცდილობ, გავზარდო საზოგადოების ინფორმირებულობა სხვადასხვა თემის გარშემო, კამპანიებით მოვახდინო ცნობიერების ამაღლება და ეს ადამიანები სხვა კუთხით დავანახვო ყველას − მათი ძლიერი მხარეებით, შესაძლებლობებით, უნარებით, შევძლო მათი დასაქმება. შევძლო, რომ ეს ხალხი − დაუნის სინდრომის მქონე პირები, ინსტიტუციებში მცხოვრები პირები, ადამიანები სხვადასხვა შეზღუდული უნარებით, ლგბტ პირები, აივ-ინფიცირებულნი, ისინი, ვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს ცხოვრებაში − საზოგადოებისთვის იყვნენ არა სტიგმის ობიექტები, არამედ მხარდაჭერის მიმღებნი, მათი თანასწორი და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები.

საზოგადოება უნდა ხვდებოდეს, რომ სამყარო განსხვავებული და მრავალფეროვანი ადამიანებისაგან შედგება და ეს ადამიანები ჩვენი თანასწორები არიან.

თავისუფლების დღიურები - გოჩა გაბოძე
please wait

No media source currently available

0:00 0:17:30 0:00

5 დეკემბერი, ორშაბათი

დღე, ტრადიციულად, ფეისბუკის შემოწმებით დავიწყე. ფეისბუკზე სხვადასხვა ჯგუფში ვარ გაწევრიანებული, სადაც განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანები არიან გაერთიანებული. ერთ-ერთი ჯგუფი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა ჯგუფია, სადაც, ძირითადად, დედები და მამები საუბრობენ საკუთარი შვილების პრობლემებზე, უზიარებენ ერთმანეთს შვილების ამბებს, იხსენებენ იმ სტრესს, რომელიც ექიმებმა დიაგნოზის შეტყობინების ფორმით მიაყენეს; იმ ტკივილს, რომელიც ამ დღიდან მათ ცხოვრებას გაჰყვა და იმ ბედნიერებას და სიხარულს, რასაც მათი შვილების ყოველდღიურობა ანიჭებთ. ისინი ყველაზე ძლიერი დედები არიან საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვთვლი. ისინი იბრძვიან დღეს, რათა საკუთარი შვილების მომავალი შეცვალონ. ისინი იბრძვიან საზოგადოებისთვის, რომელიც ვერ ეგუება სხვადასხვა, მათგან განსხვავებული ჯგუფების წარმომადგენლებს. ისინი იბრძვიან იმით, რომ თავიანთი შვილები დაჰყავთ საბავშვო ბაღში, საჯარო სკოლაში, იბრძვიან იმისთვის, რომ მათმა შვილებმა პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარონ. ეს მათი ყოველდღიური რუტინაა.

კამპანიამ ჭრელი წინდებით, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი მეც გავხდი, მნიშვნელოვნად გაზარდა დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმირებულობის დონე. ძალიან ბევრი ვინმე ჩაერთო ამ ფერად კამპანიაში, ბევრმა ცნობადმა სახემ, რიგითმა ადამიანმა გადაიღო ფოტო ჭრელი წინდებით და გამოხატა სოლიდარობა დაუნის სინდრომის მქონეთა მიმართ. საზოგადოებაც, სახელმწიფოც მეტად დაინტერესდა ამ ადამიანთა ყოველდღიურობით. ისინი უფრო ხილვადები გახდნენ. დღეს აღარ მირეკავს ხალხი, თავის მოკვლას რომ ფიქრობდა იმის გამო, რომ ექიმმა შვილის დიაგნოზი უთხრა. დღეს დედები უფრო ბედნიერები არიან, რადგან საზოგადოება მათ აღარ უყურებს, როგორც გარიყულ ადამიანებს. თანდათან ვსწავლობთ, რომ ცხოვრება მრავალფეროვანია და ჩვენ გარშემო ცხოვრობს უამრავი განსხვავებული ადამიანი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას დიდ სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი მოსმენა, უნდა ვისწავლოთ და დავინახოთ ეს ხალხი. ჩვენ ერთმანეთს ბედნიერება უნდა გავუზიაროთ.

6 დეკემბერი, სამშაბათი

დილიდან თავს ცუდად ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ დეპრესიაც მაქვს. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში თერაპიას ვიტარებ და სტრესის მართვას ვსწავლობ. თუმცა, ამ სტრესის დაძლევაში სხვები მეხმარებიან. ფატიმა ერთ-ერთი მათგანია, ის ტრანსსექსუალია, საზოგადოების ყველაზე გარიყული ჯგუფის წარმომადგენელი. ტრანსსექსუალები ღამის პეპლებივით არიან, მხოლოდ ღამით გამოდიან გარეთ. იცვამენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ლამაზ კაბებს. გარდაისახებიან სხვა ადამიანად და გადიან ქუჩაში. მათ საზოგადოება ყოველდღიურად ატერორებს, ართმევს ბედნიერებას და სიხარულს. მათი ცხოვრება კი გადის. გადის ყოველდღიური დამცირების, ყოველდღიური ჩაგვრის ფონზე. ისინი მიტოვებულები არიან − მეგობრებისგან, მშობლებისგან, ახლობელი ადამიანებისგან. ისინი მარტო იბრძვიან, იბრძვიან გაუსაძლის პირობებში. მათი ყოველდღიურობა ტანჯვასთან არის დაკავშირებული, ტანჯვასთან, იყო ადამიანი.

ფატიმა ბედნიერი და ლაღი გოგოა. ის თავის ამბებს მიზიარებს. მიყვება და ცდილობს, რომ ჩემი მდგომარეობა დამავიწყოს. ცდილობს, რომ საკუთარი სიხარული გამიზიაროს, ცდილობს, რომ მეც ბედნიერ ადამიანად ვიგრძნო თავი. მეუბნება, რომ ყოველდღიურად, ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ ბედნიერებისთვის და რომ გაქცევა გამოსავალი არ არის; რომ დღეს უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ხვალ ბედნიერები ვიყოთ.

7 დეკემბერი, ოთხშაბათი

დღეს ძალიან ცივა. დუშეთში ვგეგმავ წასვლას, ინსტიტუციაში, გიორგისთან ერთად. მინდა, მისი ცხოვრება გავიხსენო და შემდეგ ეს ამბები დავწერო, დავწერო ერთ-ერთი ჟურნალისთვის. საზოგადოებას მოვუყვე, რა გზა გაიარა გიორგიმ დუშეთის პანსიონატიდან საოჯახო საცხოვრისამდე. გიორგი ჩემი მეგობარია. შეიძლება ითქვას, ახლო მეგობარიც კი. მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ის საკუთარ დაავადებასთან ერთად ცხოვრობს. მაგრამ ყველაზე რთული ის არის, რომ მას ცხოვრების ყველაზე რთული გზის გავლა მოუწია: ბავშვთა სახლიდან ქუჩაში, ქუჩიდან − ზრდასრულთა პანსიონატში, ზრდასრულთა პანსიონატიდან − საოჯახო საცხოვრისში. ის დღეს ბევრად უფრო ბედნიერია. ის ყოველდღიურად პოულობს საკუთარ თავს. ყოველდღიურად სწავლობს, თუ როგორ იყოს ბედნიერი, და როგორ გაუზიაროს ბედნიერება სხვებს. ის ყველაზე კეთილი ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ. მისი პენსია არც ისე დიდია, თუმცა არ მახსოვს დღე, როდესაც მას პენსია აეღოს და მეორე დღეს საკუთარი თავისთვის თუნდაც სიგარეტის ფული დაეტოვებინოს. ის ბევრს ეხმარება. ეხმარება, რომ ჰქონდეთ საჭმელი. მან ყველაზე უკეთ იცის, თუ რას ნიშნავს, იყო ქუჩაში, ყველასგან მიტოვებული (სახელმწიფოსგან, მშობლებისგან, ადამიანებისგან) − ზამთარში, სიცივეში, და იყო მშიერი. რომ არა კეთილი ადამიანები, ის დღეს ასეთი არ იქნებოდა. რომ არა ეს გზა, ის დღეს ამ სიხარულს სხვას ვერ გაუზიარებდა.

მინდა, რომ გიორგის ამბავი ბევრმა გაიგოს. მინდა, მაგრამ დღეს არ გამოდის. დღეს დუშეთში თოვლი მოვიდა, გზა მოყინულია, ჩვენ მარშრუტკით უნდა წავიდეთ, ეს გზა კი საშიშია. წასვლა მომავალი კვირისთვის გადავდეთ.

8 დეკემბერი, ხუთშაბათი

ყოველდღიური სამზადისია. ვემზადებით სოციალური საწარმო „ბაბალეს“ მაღაზიის გახსნისთვის. დღეს თბილისში სოციალური მეწარმეობის ფორუმი იმართება. სოციალური მეწარმეობა დასაქმების კარგი გზაა. გზა, რომლითაც შეგვიძლია, სახელმწიფოს მნიშვნელოვან გამოწვევებს ვუპასუხოთ და შევძლოთ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელთა დასაქმება. გვინდა, რომ მაღაზიის გახსნაზე ბევრი ხალხი მოვიდეს. გვინდა, რომ ყველაფერმა კარგად და ორგანიზებულად ჩაიაროს.

დღეს ბევრი საორგანიზაციო საქმეა. პარალელურად ფორუმსაც უნდა დავესწროთ. მე, ლია, თამუნა − ისინი, ვინც ყოველდღიურად ვშრომობთ და ვცდილობთ, შევცვალოთ სხვების ცხოვრება. ვცდილობთ, ლამაზი და ფერად-ფერადი ნივთებით, ჩვენს საწარმოში რომ იქმნება, ეს ბედნიერება სხვებსაც გავუზიაროთ. დღის განმავლობაში ბლოგზეც უნდა დავწერო ამბავი „ბაბალეს“ შესახებ, რათა ბევრმა გაიგოს, თუ რას და როგორ ვაკეთებთ.

ბლოგერობა ჩემი ერთ-ერთი ჰობია. ჰობი, რომლის საშუალებითაც ვამბობ იმ სათქმელს, რაც დღეს და ახლა მაქვს. ეს გზა მეხმარება, საკუთარი ამბები სხვებისთვისაც გასაგები გავხადო. და ამ გზაში დაახლოებით უკვე ერთი წელია, ჩართული ვარ. ბლოგმა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი შეცვალა, დასაქმებისა თუ ინტერესების კუთხით. ის არის საშუალება და ინსტრუმენტი, რომელიც თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი ომის მოგების საშუალებას მოგვცემს. ომისა, რომელშიც ადამიანთა თანასწორობაზე ბევრი ამბის მოყოლა შეგვიძლია; ომისა, რომელიც ხვალინდელ ბედნიერებას მოგვიტანს.

9 დეკემბერი პარასკევი

დილას ქრისტინას ზარი მაღვიძებს. ვთხოვე, დილით დამირეკე-მეთქი, რადგან ვიცოდი: თვითონ არ გამეღვიძებოდა. ქრისტინა ცხოვრობს საოჯახო საცხოვრისში სახელწოდებით „ხელი − ხელს“. მეუბნება, მოდიო: საჭმელი გავაკეთე და უნდა გაგასინჯოო. ძალიან გემრიელ საჭმელს ამზადებს ქრისტინა, ძალიან ლაღი გოგოა. უწინ ინსტიტუციაში ცხოვრობდა, ახლა საოჯახო საცხოვრისშია. ისწავლა საჭმლის კეთება, სახლის დალაგება. პარალელურად სოციალურ საწარმოში დასაქმდა და ლამაზ ნივთებს ამზადებს: მძივებს, სუვენირებს, ჩანთებს, ხატვაც ეხერხება. ოღონდ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობს. ვუთხარი ქრისტინას, რომ მასთან მივალ და მის გამზადებულ საჭმელსაც გავსინჯავ.

საოჯახო საცხოვრისი მუხიანშია. უკვე ხუთი წელიწადია, რაც ორგანიზაცია ინსტიტუციებში მცხოვრები პირებისთვის ალტერნატიულ გარემოს ქმნის და მათ მხარდაჭერით სერვისს აწვდის, ოჯახად ცხოვრების სერვისს. ეს ხალხი, მხარდამჭერებთან ერთად, სწავლობს ყოველდღიური რუტინის დაძლევას.

ქრისტინას ძალიან უხარია, როდესაც მასთან მივდივარ. უხარია, რომ მისი შესაძლებლობების რწმენა მაქვს. უხარია, ერთად რომ დავდივართ და ერთად ვსეირნობთ. ქრისტინასთვის გზის სწავლება ერთ-ერთი საქმე იყო, რომელიც დამავალეს. უნდა მესწავლებინა, როგორ გადაადგილებულიყო უსაფრთხოდ სახლიდან სამსახურამდე; როგორ გადასულიყო ქუჩაზე, როგორ ემგზავრა ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით, მეტროთი; როგორ აეღო ბილეთი, როგორ მოქცეულიყო საზოგადოებაში, როგორ ეყიდა ნივთები, როგორ ემართა ფული. ეს ყველაფერი მე უნდა მესწავლებინა მისთვის, თუმცა მან ბევრად მეტი მასწავლა! მასწავლა, ცხოვრება დამენახა პატარ-პატარა ბედნიერებებით, რომლებსაც ბავშვობის შემდეგ ვერ ვხედავდი. ვერ ვხედავდი ლამაზ ყვავილებს, ვერ ვხედავდი მზიან დღეს, ვერ ვხედავდი ბავშვებს და ვერ ვგრძნობდი გაზაფხულის ყვავილების სურნელს. ამით ბედნიერების მიღება ბავშვობის შემდეგ აღარც მიცდია. ქრისტინა კი სწორედ ასეთი პატარ-პატარა ამბებისგან იღებს სიხარულს.

10 დეკემბერი, შაბათი

მზადება სოციალური საწარმო „ბაბალეს“ მაღაზიის გახსნისთვის დასრულდა. მიმდინარე კვირა, საკმაოდ სტრესული და დატვირთული იყო. დღეიდან „ბაბალე“ ახალ მისამართზე იქნება − ყაზბეგის 30ა-ში დაიდებს ბინას.

დღეს ბევრი სტუმარი გვეწვია, წვეულება გვაქვს − ფერადი, ბედნიერი, ლაღი. დღეს ხალხი დასაქმდება. ყველას გაუჩნდება რწმენა, რომ თვის ბოლოს ხელფასი ექნებათ და შეძლებენ საკუთარი სურვილების ასრულებას. წინასწარ აქვთ ჩამოწერილი, თუ რა სურთ და რაზე დახარჯავენ პირველ ხელფასს.

მიზიარებენ შთაბეჭდილებებს. ძალიან მახარებს მათი ამბები, მახარებს, რომ თბილისში იქმნება თანასწორი დასაქმების სივრცე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG