Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლია გაგლოევა – დამლაგებელი


31 ივლისი, კვირა

დღეს კვირაა და გვიან ავდექი, 9 საათისთვის. გავემზადე, ყავა დავლიე. კვირაობით ერთ ქალბატონს ვეხმარები ოჯახში და მასთან წავედი. უკვე ათი წელია, კვირაობით იქ დავდივარ. ძალიან კმაყოფილი ვარ. არაჩვეულებრივი ქალია, ბანკში მუშაობს. ბევრჯერ მიფიქრია, კვირაობით მაინც აღარ ვიმუშავებ-მეთქი, მაგრამ მაინც მივდივარ, ვერ ვღალატობ. ისიც პატივს მცემს, დედასავით ვუყვარვარ. 8 საათამდე იქ ვიყავი.

სახლში გვიან დავბრუნდი. ძალიან დაღლილი ვარ. შხაპს ვიღებ და ისე ვიძინებ, ტელევიზორს აღარც ვუყურებ.

1 აგვისტო, ორშაბათი

ცოტა მძიმე დღეა ორშაბათი. 5 საათზე გავიღვიძე, ჩავიცვი და წავედი ბარათაშვილის ხიდისკენ. ფეხით მივდივარ, ავტობუსს ხიდთან ველოდები.7 საათზე სამსახურში ვარ. ტანისამოსს ვიცვლი და მუშაობას ვიწყებ. ვცდილობ, სანამ თანამშრომლები მოვლენ, დალაგება მოვასწრო. კომპანია „სუფთა სამყაროში“ ვმუშაობ და ამ შენობის ხუთი სართული მაბარია. დიდი შენობაა და ბევრი ხალხი მუშაობს. ყველა ძალიან თბილად მეპყრობა. ეს ძალიან მსიამოვნებს, უფრო ხალისიანად ვაკეთებ საქმეს.

12 საათამდე ვალაგებ. მერე ცოტას ვისვენებ, მერე ისევ ვალაგებ შენობას, ვასუფთავებ. ჩემი სამუშაო დღე 5 საათზე მთავრდება. დაღლილი მივდივარ შინ. მივალ თუ არა, ტელეფონით ვრეკავ, შვილიშვილებს მოვიკითხავ, ვწყნარდები, როცა გავიგებ, რომ კარგად არიან. მერე ვამზადებ ვახშამს. მეუღლე მყავს სახლში. ერთად ვუყურებთ პოლიტიკურ ტოკშოუებს, ძალიან მაინტერესებს ყველაფერი.

2 აგვისტო, სამშაბათი

ვდგები 5 საათზე, 6 საათზე კი სახლიდან გავდივარ. ისევ ბარათაშვილის ხიდზე მოვდივარ, ველოდები ავტობუსს. სამსახურში მოვდივარ, ვიცვლი ტანსაცმელს. ვსვამ ყავას და ვიწყებ ისევ სამუშაოს, რომ მოვასწრო. ძალიან ვჩქარობ, ძალიან ვიღლები. შრომატევადი სამსახურია. ისე, ცოტა არ იყოს, სათანადოდ არ ფასდება ჩემი სამსახური. ვნერვიულობ ხოლმე, რომ ასეა.

დილიდანვე ვურეკავ შვილიშვილებს – მინდა ვიცოდე, რომ კარგად არიან. მერე ისევ ვაგრძელებ მუშაობას. ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი მყავს. შვილები დიდები არიან, თვითონაც მუშაობენ.

წარმოშობით ცხინვალიდან ვარ, იქ ვცხოვრობდი. მერე თბილისში გავთხოვდი. მაგრამ სამსახური რომ არ მქონდა, ისევ ცხინვალში წავედი. ჯერ მე წავედი, იმიტომ რომ იქ ქართველები ვერ შედიოდნენ. მარტო ვმუშაობდი ბაზარში. ოთხი დღე ვიყავი ხოლმე, მივხედავდი ოჯახს, მეხუთე დღეს უკან ვბრუნდებოდი. მერე, როცა ქართველები ერგნეთის ბაზარში შევიდნენ, ვითარება დაიძაბა. მეუღლეზე ზოგჯერ ვამბობდი, ქართველი არ არის, აზერბაიჯანელია-მეთქი. ერთი თვე მყავდა მეუღლე ოთახში ისე, რომ არავინ იცოდა, რომ ჩემი მეუღლეა და სახლში მყავს დამალული.

ცხინვალში სახლი მაქვს. დავტოვეთ ეს ყველაფერი ომამდე ორი წლით ადრე და წამოვედით. აბა რა მექნა, სამუშაო აღარ იყო, არაფერი აღარ იყო მას მერე, რაც ბაზრობა დაიხურა.

ცხინვალში ვსწავლობდი. ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი, ისინი მეგონა ჩემი მშობლები. 12 წლის რომ ვიყავი, ბებიას ვეძახდი დედას. საშუალო სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ გავიცანი მამა. მამა თბილისში ცხოვრობდა, კარგ ადგილას მუშაობდა, შემპირდა, მე წაგიყვან, სასწავლებელში მოგაწყობო. ასეც მოხდა, კარგად ვსწავლობდი. მძიმეა ჩემთვის ეს ყველაფერი...

საშუალო რომ დავამთავრე, თბილისში წამოვედი, მაგრამ დედინაცვალმა არ მიმიღო. მამიდამ მომაწყო 31-ე ქარხანაში. შვილი არ ჰყავდა მამიდას. ბებია, ბაბუა და მამიდა ერთად ცხოვრობდნენ და მეც მათთან ვცხოვრობდი. სწავლა მინდოდა, საავიაციო განხრით დავამთავრე კოლეჯი. ჩემი სპეციალობაა საფრენი აპარატების ელექტრომონტაჟი. მერე სამი წელი ვიმუშავე სპეციალობით. ამასობაში ბებიამ და ბაბუამ ბინა მიიღეს და მითხრეს: შენ მუშაობ, თავს უვლი და, იქნებ, ქირით გადახვიდეო. ნათესავთან გადავედი ქირით საცხოვრებლად... და სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე – „ხაზეიკის“ ნათესავის შვილი იყო. დედამთილმა რომ დამინახა, მოვეწონე და ასე დამტოვეს. ძალიან პატარა ვიყავი მაშინ, 17 წლის.

საცხოვრებლად კასპში წავედით, ძალიან კარგად მოვეწყვეთ. სამხედრო კომისარიატში დავიწყე მუშაობა. კარგად მიმიღეს, კარგ ადგილზე, საიდუმლო ნაწილის უფროსად დამნიშნეს. ძალიან კარგად ვიყავი, მერე შტატები დაუშვეს და ახალი სამსახური შემომთავაზეს –სამხედრო ვალდებულების აღრიცხვის ინსპექტორი ვიყავი. 15 წელი ვიმუშავე სამხედრო კომისარიატში. მერე კომისარიატები დაიშალა. ხელაფასი აღარ მქონდა – 20 ლარს მიხდიდნენ. დავანებე თავი და ასე დავიწყე ცხინვალში მისვლა-მოსვლა.

ძალიან მძიმე ცხოვრება მქონდა ბავშვობაში, ძალიან მძიმე. მაგრამ მაშინ ქართველსა და ოსს არავინ არჩევდა. ძალიან დიდ პატივს მცემდა მეუღლის ოჯახი, დედამთილი ამაყად იტყოდა ხოლმე, ჩემი რძალი ოსიაო. ყველას ძალიან ვუყვარდი. არეულობა რომ დაიწყო, მოდიოდნენ ნათესავები, მეკითხებოდნენ, თქვენ ხომ არსად წახვალთო? სად წავიდოდი, შვილები დიდები მყავდა. ყველა პატივს მცემდა, მეზობელი თუ უცხო.ძალიან კარგად ვიყავი, მაგრამ, ვითარება რომ აირია, ჩემი ცხოვრებაც აირია. ჩემი მეუღლე წყნარი კაცია, თამამი არ არის და ისევ მე დავიწყე მუშაობა, პროდუქტს ვეზიდებოდი ცხინვალიდან. ცხინვალში რომ მივდიოდი, პრობლემები მქონდა, არ მიშვებდნენ. ბევრჯერ წაურთმევიათ ჩანთები და ყველაფერი.

თავისუფლების დღიურები - ლია გაგლოევა
please wait

No media source currently available

0:00 0:16:25 0:00

3 აგვისტო, ოთხშაბათი

5 საათზე ვდგები, ვორონცოვიდან ბარათაშვილის ხიდამდე ფეხით მივდივარ. სამსახურში არ ვაგვიანებ, ტანსაცმელს ვიცვლი და მუშაობას ვიწყებ. ძალიან ვჩქარობ, რომ სამსახურში არ დავაგვიანო. მინდა, ყველაფერი მოვასწრო, სანამ თანამშრომლები მოვლენ, რომ ყველაფერი სუფთად დახვდეთ.

...ცხინვალიდან რომ დავბრუნდით, ძალიან, ძალიან გაგვიჭირდა. აქ ყველაფერი შეცვლილი იყო, წესრიგი დაგვხვდა. ძალიან მომეწონა და სამსახურის ძებნა დავიწყეთ, მაგრამ არსად იყო სამსახური. ჩემი მეუღლეც უმუშევარი დარჩა, შვილიც უმუშევარი და მეც. დეპრესიაში ჩავვარდი. კასპში ჩემი დედინაცვალი მარტო ცხოვრობდა და მთხოვდა, საცხოვრებლად ჩემთან ჩამოდიო. მოვილაპარაკეთ ოჯახში, დავურეკე ჩემს ძმას და ვუთხარი, ასე გვთხოვს დედაშენი და თუ შეიძლება ჩამოსვლა-მეთქი. მითხრა, კი, როგორ არაო. ჩავედით, მალე დედინაცვალი ლოგინად ჩავარდა. მოვუარე ამ ქალს, ძალიან მძიმე მოსავლელი იყო.

თბილისში რომ დავბრუნდით, ძალიან გაგვიჭირდა. ჩემი ბიჭიც სამსახურს ეძებდა. ვწერდით ყველგან, გაზეთებს ვყიდულობდით და ვეძებდით სამსახურს. ერთხელ თავის მოკვლაც კი ვიფიქრე, ისე ძალიან გაგვიჭირდა. მერე ჩემს მეუღლეს უშოვეს ყარაულის ადგილი. ხუთ დღეში 20 ლარს იღებდა. არა უშავდა, ცოტა წელში გავიმართეთ. ჩემმა ბიჭმაც დაიწყო დაცვაში მუშაობა. მე კი ნათესავებს სულ ვეუბნებოდი: თუ რაღაც გამოჩნდა, ყველაფერზე წავალ, ყველაფერზე ვიმუშავებ-მეთქი.

დამლაგებლად რომ მომაწყვეს, თავიდან მრცხვენოდა. ძალიან მრცხვენოდა. ვიმალებოდი ხოლმე. მაგრამ ძალიან კარგ ადამიანებთან მოვხვდი, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ვმუშაობდი. პატივს მცემდნენ ყველანაირად, საჭმელი რომ მოჰქონდათ თავიანთთვის, ჩემთვისაც მოჰქონდათ. ხელფასიც კარგი მქონდა მაშინ. მერე ეს კომპანია შემოვიდა, „სუფთა სამყარო“, და მასთან დავრჩი, ისევ ამ შენობაში დამტოვეს სამუშაოდ.

საღამოა. სახლში ვბრუნდები. უტელევიზოროდ არ შემიძლია, ახალ ამბებს ყოველთვის ვუყურებ. თუკი რამე გამომრჩა, იმასაც უკან ვახვევ და ვუყურებ. ვვახშმობთ. ბიჭი კასპში ცხოვრობს, იქ, ჩემს ბინაში. იქვე მუშაობს. გოგო გათხოვილია. შვილიშვილები ხშირად მოდიან, ორი დიდი შვილიშვილი მყავს და ორიც – პატარა.

4 აგვისტო, ხუთშაბათი

ისევ ისე იწყება დილა. სამსახურში გავბივარ...

აგვისტოს თვე არ მიყვარს, ძალიან მძიმე დღეები მაქვს გადატანილი. შვილი ჯარში, მსახურობდა. სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა გორის ჰოსპიტალში. რომ გამოგვწერეს, ზუსტად ერთ კვირაში ომი დაიწყო. ჩემმა შვილმა უდიდესი სტრესი გადაიტანა, ეს ამბები რომ გაიგო. ძალიან განიცადა, ბიჭები რომ ომში იყვნენ. გიჟს ჰგავდა, დიდი ჭრილობა ჰქონდა და ხელჯოხით დარბოდა აქეთ-იქით. მისი ამხანაგები წინა ხაზზე იყვნენ... მერე გავიგეთ, რომ ერთ-ერთი ბიჭი დაიჭრა. მანქანით გავვარდით, საავადმყოფოში, მოვინახულეთ და ჩვენთან სახლში გადმოვიყვანეთ. ბათუმელი ბიჭი იყო. თან ყველასი მეშინოდა, ვფიქრობდი, არ დაგვაბეზღონ, ჯარისკაცები ჰყავთ სახლშიო.

ძალიან ცუდად ვიყავით, ჩემი ბიჭი ტიროდა, ბღაოდა. მერე ცხინვალიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ იქ ჩემი ბიძაშვილის შვილი დაუჭერიათ. არაფერი დაუშავებია, მანქანით მოდიოდა და დააკავეს, აქეთ წამოიყვანეს. მისმა ახლობლებმა გვთხოვეს, იქნებ, მოიკითხოთ, ცოცხალია თუ არაო. იაკობაშვილი იყო მაშინ მინისტრი. მივაკითხე სამინისტროში, შემხვდა თევდორაძე და მითხრა, ახლა ისეთი ამბავია ოსებზე, ტყუილად დადიხარ, არავინ არაფერს გეტყვისო. მაგრამ მე მაინც დავდიოდი, ვეძებდი, ვრეკავდი. ვცდილობდი, ოსებისთვის დამემტკიცებინა, რომ ჩვენ მაინც მოვძებნეთ, იმიტომ რომ იქ, ცოტა არ იყოს, ცუდი ამბები დადიოდა ჩვენზე და არ მინდოდა ეთქვათ, იქ ქართველები ცხოვრობენ და ცუდად მოგვექცნენო. მინდოდა მომეძებნა ეს ბიჭი, დაენახათ, რომ დავეხმარეთ. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ეს ბიჭი ვიღაცაში გაცვალეს და გაუშვეს. მე არაფერი ვიცოდი, მაგრამ ამ ბიჭისთვის კი უთქვამთ, ვიღაცები გეძებდნენო. ძალიან გამეხარდა ეს ამბავი.

ისედაც ვცდილობ, სიკეთე ვაკეთო, აქ კი მით უფრო გაფაციცებული ვარ, არ ვათქმევინო იმათ, რომ აქეთი ცუდები არიან. ამიტომაც ბევრი მირეკავს: ხან ექიმთან უნდათ ჩამოსვლა, ხან რა... ყოველთვის ვეხმარები.

5 აგვისტო, პარასკევი

ისევ ისე იწყება ჩემი დილა, სულ სირბილში ვარ... ძალიან ბევრს ვშრომობ, მაგრამ ხელფასი 350 ლარი მაქვს. სამუშაო მძიმეა, ანაზღაურება – პატარა. აღარ ვიცი, თავი როგორ გავიტანო. როცა ფული არა მაქვს, უფრო დასვენებული ვარ, რადგან ხელფასს რომ ვიღებ, არაფერზე არ მყოფნის. როცა ფული არა მაქვს, ნამდვილად უკეთესად ვგრძნობ თავს, იმაზე მაინც არ ვნერვიულობ, რა ვიყიდო და როგორ გავანაწილო ეს ფული. ზოგჯერ, ბაზრიდან რომ ვბრუნდები, მეჩვენება, რომ ფული გზაში დავკარგე. მერე სახლში მოვდივარ, ვითვლი და ირკვევა, რომ თურმე მართლა დამიხარჯავს. ორი კვირაც არ „მიძლებს“ ხელფასი.

მეუღლე დიაბეტიანია, ძალიან ბევრი წამალი და კარგი კვება სჭირდება. დღეს, მაგალითად, ექიმთან ვიყავი. კარგი ადამიანი გამოდგა. კბილი ამომიღო და ფული არ გამომართვა, მაგრამ წამლები დამჭირდა: ათი აბი 25 ლარი ღირდა. ექვსი ცალი ვიყიდე, სამი დღის სამყოფი. ძალიან ძვირია წამლები.

6 აგვისტო, შაბათი

დღეს გვიან ვდგები, 9 საათისთვის, და ჩემს კარგ გოგოსთან წასასვლელად ვემზადები. იმასთან, ოჯახში რომ ვეხმარები. ძალიან მიყვარს ეს გოგო, და დედამისიც. ყველა თბილად მხვდება. თავს ვერ ვანებებ და ეკონომიკური პრობლემაც აღარ არის მიზეზი, ისე ვარ მიჩვეული ამ ხალხს. მთელი დღე ვტრიალებ, ყველაფერს ვაკეთებ საჭმლის გარდა. საჭმელი სახლშიც მეზარება, არა ვარ კარგი დიასახლისი, მარტო დალაგება შემიძლია...

ცხინვალთან მაქვს კავშირი, თვითონ მირეკავენ, ძირითადად ექიმები სჭირდებათ. მეკითხებიან, ესა და ეს წამალი მაქეთ რა ღირსო? მეც მაინტერესებს, იქ რა ღირს. როცა ჩამოდიან, ვეკითხები, როგორ ცხოვრობთ-მეთქი? ვიცი, რომ პროდუქტი ძალიან ძვირია. ამბობენ, რომ შიგ ცხინვალში არის ძალიან ძვირი, იმიტომ რომ პროდუქტი აზერბაიჯანელებსა და სომხებს ჩააქვთ. ჯერ ვლადიკავკაზში მიდიან და იქიდან ბრუნდებიან ცხინვალში. ამიტომ არის ძალიან ძვირი. ვინ ყიდულობს ამ პროდუქტს-მეთქი? ყიდულობენო, ძირითადად რუსი სამხედროები და მათი ცოლებიო.

საღამოს ვისვენებთ მე და ჩემი ქმარი. ერთმანეთს ვეკითხებით: „ბავშვებმა არ დარეკეს?“ თვითონ ვრეკავ. ვეხვეწები, აბა, როდის ჩამოხვალთ, კვირას ჩამოდით-მეთქი... ვიცი, რომ ჩამოვლენ. მირეკავენ, გვნახულობენ თვითონაც. შვილებს და შვილიშვილებს ძალიან ვუყვარვართ.

მერე ტელევიზორს ვუყურებთ. ღამდება და ვიძინებთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG