Accessibility links

19 აგვისტო, კვირა
დილა ყველაზე სასიამოვნო მოულოდნელობით - ტემპერატურის მკვეთრი აგრილებით - დაიწყო. ნამდვილი ფერისცვალებაა - ვერ ვმალავ აღფრთოვანებას! ზაფხულის პაპანაქება, ალბათ, ყველაზე რთულად მე გადავიტანე. არჩევნების გადამკიდე თბილისიდანაც ვერ გავედი, თან ფეხმძიმედ ვარ და, როგორც ამბობენ, ამ დროს უფრო რთულია სიცხის ატანა.

ავდექი თუ არა წუხელ, ღამის ოთხ საათზე, ჩაკეცილ კომპიუტერს მივუჯექი: საარჩევნო მონიტორინგის მეოთხე ანგარიში მაქვს კიდევ ერთხელ, საგულდაგულოდ გადასახედი. ორ დღეში უნდა გამოვაქვეყნოთ.

ანგარიშში ძირითადად პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, ფიზიკური ანგარიშსწორების, სამსახურიდან გათავისუფლების და სხვა მსგავსი ფაქტები ხვდება, რასაც ჩვენი დამკვირვებლები საქართველოს ყველა რაონიდან გვაწვდიან. ვკითხულობ ანგარიშს და ვცდილობ, რაც შეიძლება კრიტიკული თვალით შევხედო. ყველა წინადადებას და ფრაზას ვუკირკიტებ.

ანგარიშის სამუშაო ვერსიაში ბევრი ფაქტი წავშალე, რაც არასაკმარისად დამაჯერებლად მომეჩვენა. არის კიდევ რამდენიმე, რომელთა დატოვებაზეც ვყოყმანობ. საბოლოოდ, ფაქტებმა ჩემში „შინაგანი რწმენის ტესტი“ გაიარეს და გადავწყვიტე, დავტოვო ანგარიშში.

მიმაჩნია, რომ უტყუარ მტკიცებულებებს სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა ეყრდნობოდეს, ჩვენი, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მისია კი იმაში წარმომიდგენია, რომ ყველა საეჭვო ფაქტი ქართული საზოგადოების, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების სამსჯავროზე გამოვიტანოთ, გამოვიწვიოთ დისკუსიები და თავისუფლად ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. სამწუხაროა, რომ ჩვენ, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, საკუთარ თავს დასაბუთებისა და მტკიცების უფრო მაღალ სტანდარტებს ვუწესებთ, ვიდრე საქართველოს სასამართლო.

...დღემ პროდუქტიულად და სასიამოვნოდ ჩაიარა. საღამოს გუკაც დაბრუნდა ბაკურიანიდან, სადაც კატო ბებიასთან ერთად დააბინავა. მიხარია, რომ ისევ ერთად ვართ, უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს.

20 აგვისტო, ორშაბათი
„ფეისბუკი გაგვიტეხეს!!!“ - დილა თანამშრომლების „შემაშფოთებელმა“ მესიჯებმა დამიფრთხო. შევვარდი ინტერნეტში, ყველა გვერდი მუშაობდა, ჩვენი კი მიუწვდომელი იყო. მაშინვე შემიპყრო ეჭვებმა: ნუთუ ვინმემ განზრახ გააკეთა? რატომ მაინცდამაინც დღეს? ხომ არ არის ეს დაკავშირებული იმასთან, რომ ხვალ ანგარიშის გამოქვეყნებას ვაპირებთ?

სანამ ჩვენი IT გვერდის გათიშვის მიზეზებს დაადგენდა, ვეცადე, ეჭვებს არ ავყოლოდი. სამსახურში მისულს კი კარგი ამბავი დამახვედრეს: პრობლემა ფეისბუკის ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული და გვერდი არავის „გაუტეხავს“. ამოვისუნთქე! მიუხედავად კარგი დასასრულისა, ამ ამბავმა მაინც ყველანი დაგვაფიქრა, რომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ.

ამასობაში დღის „სკანდალიც“ გამოიკვეთა: ცენტრალური საარჩევნო კომისია ბლოკ „ქართულ ოცნებას“ #7 საარჩევნო ნომრის მინიჭებაზე უარს ეუბნებოდა და საბაბად კანონის ნორმას იშველიებდა. მალე „ოცნებიდან“ არასამთავრობოებს შეხვედრა გვთხოვეს, რათა ცესკოს საწინააღმდეგო არგუმენტები წარმოედგინათ, სანამ კომისიაში სხდომა დაიწყებოდა. შეხვედრაზე ნინო გავაგზავნე, მასვე ვთხოვე, კომისიის სხდომას დასწრებოდა.

ამასობაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციასთან შეხვედრის დროც მოვიდა. დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მისი წევრების მიერ გაკეთებულ შეფასებებსაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. ვისაუბრე ჩვენს ანგარიშებში მოხვედრილ კანონსაწინააღმდეგო ტენდენციებზე, კონტროლის პალატის შერჩევით მიდგომაზე და სასამართლოს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემებზე სოფლებში, სადაც საკაბელო ტელევიზიები ხელმისაწვდომი არ არის, Must Carry-ს პრინციპის გაგრძელების აუცილებლობაზე და სხვა.

მომეჩვენა, რომ საკმაოდ გათვითცნობიერებულები იყვნენ არსებულ სიტუაციაში. „დღეს ჩვენი მეათე შეხვედრაა“ - ამიხსნეს შეხვედრის ბოლოს და მივხვდი, რომ შეხვედრის დასრულება ჩემზე მეტად გაეხარდებოდათ.

დღის ბოლოს კიდევ ერთხელ გადავხედე ხვალინდელი ანგარიშის საბოლოო ვერსიას და პრესრელიზი ჩავასწორე.

21 აგვისტო, სამშაბათი
პრესკონფერენცია 12 საათისთვის იყო დანიშნული. ანგარიშის პრეზენტაციაზე თითქმის ყველა მედიის წარმომადგენელი მოვიდა „იმედის“ გარდა, რომელიც არასოდეს, არც ერთ მსგავს ღონისძიებას არ აშუქებს. ანგარიშის ძირითადი შედეგების მოკლე მიმოხილვის შემდგომ, თითოეულმა ჟურნალისტმა ცალ-ცალკე მთხოვა კომენტარის ჩაწერა. დაახლოებით ათამდე ერთი და იგივე შინაარსის კომენტარი მივეცი. ხშირ შემთხვევაში ეს დამღლელია, მაგრამ მედიას არასამთავრობო სექტორის მთავარ მოკავშირედ მივიჩნევ. რომ არა მათი დაინტერესება, ჩვენი საქმიანობა გაცილებით ნაკლებად ეფექტიანი იქნება. ამიტომ ჟურნალისტის ინტერესები ჩემთვის ყველაზე მაღლა დგას.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეცხრე თვეში ვარ და აქტიური ცხოვრება ჩემთვის არც მთლად მოსახერხებელია, მაქსიმალურად ვცდილობ, არც ერთი ჟურნალისტის თხოვნა უყურადღებოდ არ დამრჩეს.

პრესკონფერენციის შემდგომ რადიო „უცნობში“ ვიყავი სტუმრად, შემდგომ ცესკოში გავიქეცი - თავმჯდომარეს სურდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა.

ცესკოს წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი თემა, ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ და მეშვიდე ნომრის მინიჭების საკითხი იყო. როგორც გვიხსნიან, 2010 წელს მსგავს სიტუაციაში ცესკომ სასურველი ნომრები ბლოკებს იმიტომ მიანიჭა, რომ წევრებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი არსებობდა, წელს კი ეს კონსენსუსი აღარ არსებობს. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ 2010 წელს ცესკომ ნომრების მინიჭების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, წელს კი მიიღო ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მსგავს სიტუაციაში ბლოკისთვის საარჩევნო ნომერი არ მიენიჭებინა. ცესკოს წარმომადგენლები არ მეთანხმებიან და ამბობენ, რომ 2010 წელს გადაწყვეტილება მართლაც პოლიტიკური იყო, მაგრამ წელს ცესკომ აღარ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამჯერად უკვე კანონის შესაბამისად იმოქმედა.

საოცარია ლოგიკა! როგორც გინდა, ისე გამოიყენებ...

საღამოს „მეცხრე არხს“ ვესტუმრე და კიდევ ერთხელ შევაჯამე ჩვენი ანგარიშის შედეგები.

22 აგვისტო, ოთხშაბათი
დღის პირველი ნახევარი ექიმთან ვიზიტში და გამოკვლევებში გავატარე. როგორც წესი, დიდი დრო მიაქვს, რადგან ყველგან რიგებია. ჩაწერას აზრი არა აქვს, მაინც უნდა ელოდო. მიუხედავად ამისა, ქართულ სამედიცინო სისტემაში ის გარემოება მომწონს, რომ ექიმთან ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე, როცა დაგჭირდება - განსხვავებით ამერიკულისგან, სადაც წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა და შენი ექიმი, შესაძლოა, ისეთ დროს აღმოჩნდეს თავისუფალი, როცა მისი საჭიროება აღარც არსებობდეს.

მეორე ნახევარში დავით პაიჭაძესთან ვიყავი სტუმრად რადიოში. ისევ ანგარიშზე ვისაუბრე.

დღის ბოლოს ოფისში ვბრუნდები. ვამჩნევ, ნერვიული სიტუაციაა. ხვალ ტრენინგების კიდევ ერთი სერია გვეწყება და, როგორც წესი, ბოლო წუთამდე ბევრი რამაა მოსასწრები. უკვე აღარ ვიცი, ბართო და მაკა მერამდენე დღეა, თავაუღებლად მუშაობენ ჩაკეტილ ოთახში, შუაღამეს მიდიან სახლში. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ნინოს წუხანდელი ღამე ოფისში გაუტარებია ტრენინგის სახელმძღვანელოს წერაში და უკვე მეორე დღეა, არ დაუძინია. მაინც ნერვიულობს, რომ ვერ ასწრებს. ნამდვილი საგიჟეთია, ყველას ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე გვიწევს გავლა. ნინოს ვამშვიდებ და ერთად ვასწორებთ სახელმძღვანელოს.

23 აგვისტო, ხუთშაბათი
დილით საინტერესო შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი: მე, თამუნა ჩუგოშვილი და ეკა გიგაური ბიძინა ივანიშვილს ვხვდებით. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღე გვიწევს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან, პოლიტიკოსებთან შეხვედრა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა პირისპირ ვხვდებით ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერს. შეკითხვები და სათქმელი, რა თქმა უნდა გვაქვს. პირველ რიგში, გვსურს გავიგოთ, გვაქვს თუ არა ერთნაირი ხედვა ქვეყანაში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლისა და მისიის თაობაზე. გვაწუხებს ის, რომ ოპოზიციის მიმართ გაკეთებული ცალკეული კრიტიკული განცხადებების გამო, პერიოდულად ვგრძნობთ მცდელობას, წარმოგვაჩინონ, როგორც ხელისუფლების მხარდამჭერი ორგანიზაციები. დღემდე მსგავსი ბრალდებები, რომ ოპოზიციის ინტერესებს ვატარებთ, მხოლოდ ხელისუფლებისგან მოგვისმენია, ეს კი რაღაც ახალია. მე მაინც ვცდილობ, პოზიტიური დავინახო ამაში და ვფიქრობ, კარგია, როცა ყველა მხარე გრძნობს, რომ მხარე არ ხარ.

შეხვედრამ „ქართული ოცნების“ ოფისში საქმიან და კეთილგანწყობილ გარემოში ჩაიარა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, არასამთავრობო სექტორს ის ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის განვითარების საქმეში და ჩვენი ორგანიზაციების წვლილს განსაკუთრებით აფასებს. მიუხედავად ამისა, ვიკამათეთ კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე. გამოვთქვით მოსაზრება ფონდ „ქომაგის“ საქმიანობაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნების არსებობის თაობაზე. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ვერ ვთანხმდებით და ყველანი კვლავ ჩვენს აზრზე ვრჩებით.

შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა. ვფიქრობ, მოვასწარით ერთმანეთისთვის სათქმელი გვეთქვა. ვისაუბრეთ, ასევე, ჩვენს გეგმებსა და მოლოდინებზე 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის; გამოვთქვით სურვილი, რომ მომავალში ერთმანეთის საქმიანობის მიმართ შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში, კომუნიკაცია უკეთესი გვქონდეს.

შეხვედრიდან პირდაპირ ცესკოში გავიქეცი, სადაც ჩვენ და საიას გვსურდა, ცესკოს თავმჯდომარისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენი ერთობლივი პროექტის თაობაზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგს გულისხმობდა და, ამასთანავე, მონიტორინგის პროცესში ცესკოს ხელშეწყობა გვეთხოვა. შეხვედრა შედეგიანი იყო, რადგან შევთანხმდით კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კონკრეტულ სქემაზე.

ღამე ოფისში გუკამ გამომიარა. გზა რომ დავიგრძელოთ, სახლში ვაკის გავლით მივდივართ. ამასობაში დღის განმავლობაში თავს გადახდენილ ამბებზე ვასწრებთ საუბარს.

24 აგვისტო, პარასკევი
დღემ სტანდარტულად ჩაიარა, ოფისში ისევ ტრენინგები მიმდინარეობდა. დღის განმავლობაში რამდენიმე მეგობრულ-სამუშაო შეხვედრა მქონდა პარტნიორ ორგანიზაციებთან, საღამოს „კავკასიის“ და „მაესტროს“ ჟურნალისტები მოვიდნენ და ჩემი კომენტარები ჩაიწერეს.

გვიან საღამოს თანამშრომლებთან ერთად ვჯდები და გასული დღის მოვლენებს განვიხილავთ. ვმსჯელობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ: ბართო ტრენინგის მონაწილეების „უწესო“ ქცევით არის ანერვიულებული; ნინო ჩაფიქრებულა იმაზე, რატომ დაურეკა ჩვენს ერთ-ერთ კოორდინატორს კუდის თანამშრომელმა და ჩვენი დამკვირვებლების კოორდინატები სთხოვა; ელენე იმაზე ნერვიულობს, რომ დონორი ორგანიზაცია თანხის გადმორიცხვას აგვიანებს, ამის გამო კი კოორდინატორებისთვის ჰონორარების გაცემა გვიანდება; მიშა საარჩევნო პორტალის კლიპის საბოლოო ტექსტი აქვს ჩემთან სასწრაფოდ შესათანხმებელი; ლია შეშფოთებულია თიანეთის საოლქო კომისიის ქმედებებით; ნანას სკამები და ქსეროქსი სჭირდება გურჯაანის ოფისისთვის; მადონას აინტერესებს ჩვენი გეგმები აჭარის არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით...

გვიან ღამით დღიურების დასაწერად ოთახში ვიკეტები, გუკამ უყურადღებობა იგრძნო... ვცდილობ ავუხსნა, რომ მთელი კვირის დღიურები მაქვს ხვალისთვის დასაწერი და რომ, როგორც ყოველთვის, ძალიან სასწრაფოა. „რაზე წერ?“ - მეკითხება. ვუხსნი, რომ მთელი კვირის განმავლობაში ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე უნდა დავწერო. „მაშინ ჩვენ ალბათ მაგ დღიურებში ვერ მოვხვდებით“ - დაასკვნა თავისთვის. რა უნდა მეთქვა?..

25 აგვისტო, შაბათი
დილას კატოს სასიამოვნო ხმამ გამაღვიძა. გუკას ტელეფონით ესაუბრებოდა. „გაციებული ხარ?“ - ეკითხებოდა მამას - „რატო გაცივდი, ცივი წყალი დალიე? მე ჩამოვალ და მოგივლი.“

წამოვჯექი თუ არა, ისევ დღიურებს მივუბრუნდი, დღეს აუცილებლად უნდა დავამთავრო, საღამოს უკვე ჩაწერაა რადიოში და უნდა მოვასწრო დასრულება. პარალელურად სამსახურში ისევ ტრენინგები მიმდინარეობს, ვფიქრობ თანამშრომლებზეც, რომლებსაც უკვე მერამდენე თვეა, არც ერთი შაბათ-კვირა არ დაუსვენიათ. ხვალაც მთელი დღე სამუშაო გვაქვს. მაინც იმდენი საქმეა, იმდენი დეტალი მოსასწრები და გასათვალისწინებელი! მაინც იმედიანად ვართ...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG