Accessibility links

logo-print
5 აგვისტო, კვირა
კვირაობით დაკავებული ვარ მხოლოდ და მხოლოდ პირადი საქმეებით: ოჯახის საქმეებით, შვილების საქმეებით... ბაბუაც ვარ, ბებიაც ვარ, დამხმარე საშუალებაც ვარ ოჯახში - ბავშვებისთვის, ცოლისთვის. ვნატრობ, კვირა დღე მალე მოვიდეს, მაგრამ ჯანი აღარ მომყვება ისე, როგორც ადრე. მთელი დღე გარეთ ვიყავი და დაღლა რა იყო, არ ვიცოდი... ბავშვებს ცხვარიჭამიაში წავიყვანდი, აგარაკზე, და ვასწავლიდი თოხნას, ხეების დარგვას, გასხვლას... რას აღარ ვასწავლიდი ეს თბილისში, ასფალტზე გაზრდილი კაცი!

ვახუშტის ქუჩის 55 ნომერში დავიბადეთ ხუთივე დედმამიშვილი. მამაჩემი დამსახურებული ინჟინერი იყო, დედა მყავდა საოცარი ქალი! ახლა ჩემს ცოლს ხშირად ვეუბნები: „თამრიკო, ქალზეა ყველაფერი დამოკიდებული, როგორ პატივს სცემენ შვილები მამას.“ უაღრესად პატიოსანი კაცი იყო მამაჩემი. უთენია დგებოდა, მიდიოდა სამსახურში. ომის პერიოდში სამხედრო ქარხანას ხელმძღვანელობდა. შიმშილი იყო და მე, სკოლის მოწაფე, თან დავყავდი. ხან რას დამავალებდა, ხან რას... ყველაფერში ასეთი ვიყავი - ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. სპორტშიც გამომყვა ეს ხასიათი, ღამეებს ვათენებდი, რომ ტექნიკა დამეხვეწა. სიმაღლეზე ხტომა ტექნიკაზე ორიენტირებული სახეობაა. ტექნიკა თუ არ გაქვს და თანდაყოლილი, მებრძოლი ბუნება თუ არ გაქვს, თავი რომ მოიკლა, ვერაფერს გახდები, არ არსებობს ვარიანტი!

ჩვენ გვყავს ერთი ქართველი სიმაღლეზე მხტომელი, კარგ შედეგებს უჩვენებდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ვარჯიშობდა და მოწინააღმდეგე არ ჰყავდა. სულ ამას ვეუბნები ჩემს მოწაფეებს – უნდა იბრძოლოთ-მეთქი. საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ბევრი მოწაფე მყოლია, გადმოცემის უნარი მქონდა კარგი და უნდოდათ ჩემთან ვარჯიში. ორჯერ გამოვიყვანე შეჯიბრზე ჩემი მომზადებული ხალხი და ორჯერვე პირველი-მეორე ადგილები დავიკავეთ. სადაც ჩავედით, ყოველთვის ვიგებდი მებრძოლი ხასიათის ხარჯზე. მებრძოლ ხასიათს კი მწვრთნელი ვერ გადასცემს მოწაფეს, ეს თანდაყოლილი თვისებაა, გენური. მწვრთნელი სისწრაფეს მოგიმატებს, ძალას მოგიმატებს, გამძლეობას მოგიმატებს, მოქნილობას, ყველაფერს, ყველაფერს... მაგრამ აი, მებრძოლ ხასიათს ვერ გადმოგცემს.

6 აგვისტო, ორშაბათი
განათლების სამინისტროში ბავშვთა სპორტს ვხელმძღვანელობდი. საქართველოს სპორტის მაშინდელმა მესვეურმა, გიორგი სიხარულიძემ, მოინდომა და დაურეკა მინისტრს, თამარ ლაშქარაშვილს. ვეუბნებოდი: „გიორგი ვასილიჩ, არ გინდათ რა, არ ვიცი ეს ადმინისტრაციული სამუშაო, არავითარი პრაქტიკა არ მაქვს-მეთქი. რაც ვიცი, კი ბატონო - მწვრთნელი ვარ საქართველოს ნაკრების, „დინამოს“ ნაკრების, „დინამოს“ ცენტრალური საბჭოს ნაკრების, საბჭოთა კავშირის ნაკრების...“ არაო, მითხრა. აი, ნახავ, როგორ სახელს მოიხვეჭო. მაინც დაურეკა თამარ ლაშქარაშვილს (მეც იქ ვიჯექი) და ეუბნება: ათ წუთში მოვა, ჩემი მანქანით ვაგზავნი რობერტ შავლაყაძესო. დაახვედრე ბრძანება და ბავშვთა სპორტი ჩააბარეო. მივედი, ვნახე ლენინის სტადიონი, ახლა რომ ბაზრად გადააკეთეს, ორჯონიკიძის ქუჩაზე. ამ სტადიონს მერე ჩემი სახელი დაარქვეს. ახლა ჩემი დარგული ხეები მოუჭრიათ და ბაზრად გადაუკეთებიათ. არადა, მძლეოსნებმა იქ აიდგეს ფეხი, იქ იყო დიდი დახურული დარბაზი, მზია ჯუღელის შეჯიბრებებს იქ ვესწრებოდი. ახლა იმ ადგილას ხორცს ყიდიან. გული მომიკვდა! ხალხი იყო, მომერიდა, კედლისკენ შევტრიალდი და ვტიროდი. ახლაც მრცხვენია და მეტირება. არ შეიძლება ასეთი რაღაცეების კეთება! ვინც კი სპორტის ისტორია შექმნა საქართველოში, ყველამ იქ აიდგა ფეხი - ტანმოვარჯიშემ, ფრენბურთელმა, კალათბურთელმა, მძლეოსანმა...

7 აგვისტო, სამშაბათი
დიდუბეში დავიბადე და გავიზარდე. ჩემს სახლთან, ძალიან ახლოს იყო დიდუბის ეკლესია, თამარ მეფის ეკლესიას რომ ეძახიან. თამარ მეფის ეკლესიის იქით სულ მინდორი იყო, ცხენზე ჯდომა იქ ვისწავლე - იპოდრომი იყო. ცურვა ვისწავლე მტკვარზე. მაშინ არ იყო ეს ჯებირები და ჩავდიოდით მდინარეზე - გადავცურავდით, გადმოვცურავდით. ფეხბურთსაც იქვე ვთამაშობდით, ვვითარდებოდით ბუნებრივად. იყო ჩილკა-ჯოხი, მერე მოდაში შემოვიდა „კანკები“. „პადშიპნიკს“ დავუყენებდით ფეხსაცმელებს წინ და უკან და იყო ერთი ამბავი, ვინ ვის გაასწრებს. მერე იყო მრგვალი ვირი, გრძელი ვირი, ლახტი და ათასი სხვა რამ.

ბავშვობაში მაღალი არ ვიყავი, მეცხრე კლასამდე ბოლოში ვიდექი. მერე ერთ წელიწადში მკვეთრად ავიყარე ტანი. ჩემმა ფიზკულტურის მასწავლებელმა, როინ რამიშვილმა, შემომთავაზა: ქალაქში სკოლებს შორის პირველობა ტარდება მძლეოსნობაში და შენ გამოგიყვან სიმაღლეზე ხტომაშიო. სიმაღლეზე ხტომა რა არის-მეთქი? არ ვიცოდი. ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, კრივი, ცურვა - ვიცოდი, სიმაღლეზე ხტომა - არა. შემდეგ დაიწყო შეჯიბრი. დავინახე, თამასა გადებულია. ავდექი მეც და გადავაბიჯე, დავიკავე პირველი ადგილი, გადავხტი მეტრსა და 55 სანტიმეტრზე. იმავე დღეს ხუთი მწვრთნელი მომადგა ერთმანეთის უბოდიშოდ - არა, ჩემთან იქნება, არა ჩემთანო. არჩევანი შევაჩერე გაბრიელ ათანელოვზე, იმიტომ რომ თვითონაც ხტებოდა სიმაღლეზე. მე რომ დავიწყე, ის ჯერ კიდევ მონაწილეობდა შეჯიბრებებში. ბორის დიაჩკოვი დამდევს, უნდა, თავისთან გადამიყვანოს... დიაჩკოვი მართლაც სხვა კატეგორიის მწვრთნელი იყო, ყოველ ვარჯიშზე მიღებდა კინოგრამას, კვირაში ერთხელ წამიყვანდა სახლში, დამსვამდა ეკრანთან: „აი, შენ რას აკეთებ. უნდა გააკეთო ასე და ასე...“

სულ რამდენიმე თვეში წამიყვანეს ხარკოვში. ჯერ გამხადეს დინამოელი, დამნიშნეს მეხანძრედ და მომცეს ხელფასი - 40 მანეთი. ბიჭო-მეთქი, კაცი ვარ, ოჯახში 40 მანეთი შემომაქვს. მერე შეკრებები, ტალონები, კარაქი მიმაქვს, შაქარი მიმაქვს, და კაცად ვიგრძენი თავი! ბოლოს, 1954 წელს, ცენტრალური დინამოს წევრი გამხადეს, ხარკოვში ჩატარდა ცენტრალური საბჭოს პირველობა და მოვიგე, გავხდი ჩემპიონი - გადავხტი 1 მეტრსა და 90 სანტიმეტრზე. იქვე დამინიშნეს 200 მანეთი, მაშინ ეს ფული იყო...

8 აგვისტო, ოთხშაბათი
რომამდე ფილადელფიაში ვიყავი. გიგანტების მატჩი ჩატარდა 1959 წელს. მაშინ დაიბადა ჩემი უფროსი გოგო – როლა. ფილადელფიაში მე და იგორ კაშკაროვი წავედით. კაშკაროვს ჩემზე უკეთესი შედეგი ჰქონდა. მე ჩავედი 206 სანტიმეტრით, კაშკაროვს ჰქონდა 208 სანტიმეტრი. მოგვამაგრეს ძალიან ლამაზი ამერიკელი გოგო, სულ კუდში დამდევდა. ვიფიქრე, ეს სპეციალურად შემოჩენილი ხომ არაა, რაღაცას ხომ არ მიპირებენ-მეთქი. ხომ იცით, მაშინ როგორ იყო: დაგიწყებდნენ, „დარჩი, დარჩი...“ მართლა არ დამიწყეს? დაიწყო შეჯიბრი და ამეკიდა ერთი რუსის კაცი: „დარჩი ამერიკაში, გექნება ბინა და მანქანა, ასე იცხოვრებ, ისე იცხოვრებ, თუ გინდა და-ძმა ჩამოიყვანე, თუ გინდა მშობლები ჩამოიყვანე...“ მე ვეუბნები: «Отстань, отстань!» არადა, ჩხუბში ვარ გაზრდილი, კაცო, სულ სხვის დაცვაში, თანაც...

ოჯახშიც, გარეთაც, სამეგობროშიც და ამ მთავრობაშიც სულ ამას ვლაპარაკობ: „მართალი ხარ? შენი ვარ. მტყუანი ხარ? ვერ დაგიდგები გვერდში, ძმაო.“

9 აგვისტო, ხუთშაბათი
რომის ოლიმპიადაზე ყველაზე დაბალი შედეგით მე ვარ. ჯონ თომასი არის ამერიკელი, მსოფლიო რეკორდსმენი, 222 სანტიმეტრი აქვს აღებული. ვალერი ბრუმელია ჩემთან ერთად, ევროპის რეკორდის მფლობელი, 217 აქვს აღებული...

დაიწყო საკვალიფიკაციო შეჯიბრება. საწყისი სიმაღლე არის 190 სანტიმეტრი. გამოვტოვე, 195-დან დავიწყე. ამათ დაიწყეს 190-დან. ყველაზე ადრე მე მოვხვდი ფინალში და ველოდები, ესენი როდის დაამთავრებენ. ორი მეტრით არასოდეს დამიწყია შეჯიბრი. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტაქტიკას, დაანგარიშებული მქონდა ყველაფერი: ყველამ ჩაწერა 190, მეც ჩავწერე. ვუყურებ, ბრუმელმა გამოტოვა 190, თომასმაც გამოტოვა. ვიფიქრე, თქვენზე ნაკლები ვარ-მეთქი? და მეც გამოვტოვე. იმათ აიღეს 195, მე გამომიძახეს – ვტოვებ-მეთქი. იმათ უკვე ორი ცდა აქვთ გაკეთებული. ასწიეს ორ მეტრზე. ვლადიმერ დიაჩკოვი (ბორისის ძმა) ტრიბუნიდან მიყვირის: «Роберт, что ты делаешь?!» არც ვაქცევ ყურადღებას, არც ვიყურები მისკენ, იმიტომ რომ ესენი უკვე ორი ცდით წინ არიან ჩემზე, რაღაცით ხომ უნდა ვაჯობო?! უკვე ორი მეტრი ჩამოაგდო ბრუმელმა, ორი მეტრი ჩამოაგდო თომასმაც... ჰოდა ხტებიან ესენი, პირველი ცდით ვერავინ ვერ აიღო ორი მეტრი. გამომიძახეს მე. წავედი და გადავხტი პირველივე ცდით. ანუ, ორი მეტრი მე პირველი ცდით გადავლახე, ამათ კი საამისოდ სამი ცდა დასჭირდათ. ესე იგი მე ორი ცდით წინ ვარ. ეს ხომ არის ტაქტიკა? არის.

გრძელდება შეჯიბრი, ესენი უკვე მანდრაჟში მყავს. 203 სანტიმეტრი. ჩამოაგდეს. ავიღე პირველი ცდით! 206. ჩამოაგდეს. ავიღე პირველი ცდით! 209. ავიღეთ ყველამ პირველი ცდით. 212 სანტიმეტრი. ვიღებ პირველი ცდით, ისინი იღებენ მეორე, მესამე ცდით. 214 სანტიმეტრზე თომასის მერე მე ვხტები. 214-ზე რომ წავიდა და თამასა ჩამოაგდო, თომასი გამობრუნდა და დადგა ისევ სტარტზე. არადა, ის გადახტება თუ არა, მე უნდა წავიდე, დრო ჩართულია, თუ არ ჩაეტიე დროში, ცდაში გითვლიან. ჯონ თომასი სტარტზე დგას, არ მიშვებს, მე კი იმ კუთხით უნდა გავიქცე... მსაჯები მიდიან, გადიო, ეუბნებიან, ეს პასუხობს არაო, დამანებეთ თავიო. მაგრამ მე ესეც მქონდა გათვალისწინებული: „ასეთი რამე რომ მოხდეს, რას შვრები, რობერტ?! არ მიაქციო ყურადღება, რამე ანეგდოტი გაიხსენე, ან შენი შვილი მოიგონე, ან შენი ქვეყანა, შენი ხალხი.“ ეს კი დგას და არ მიდის. მსაჯს ვეუბნები მოაცილეთ, მე უნდა გადავხტე ახლა-მეთქი.

როგორც იქნა გამეცალა. წავედი და პირველივე ცდით გადავხტი 216 სანტიმეტრზე. ოლიმპიური „ოქროც“ მე დამრჩა!

10 აგვისტო, პარასკევი
1974 წლიდან დაიწყო ლაპარაკი, რომ საზღვარგარეთ გავეგზავნეთ სამუშაოდ. მე არ მინდოდა წასვლა. არადა, ხალხი იხვეწებოდა, ოღონდ გაეშვათ.

რამდენი წელი ვიმუშავე და სახლში რემონტიც ვერ გავაკეთე. აი, ამის გამო წავედი საზღვარგარეთ, კონგოში, თორემ რატომ წავიდოდი სხვის გასაზრდელად? ჩამოვედი მართლა კარგად. 1977 წელს წასული, ჯერ ერთი წელი დამტოვეს, მერე მეორე წელი დამტოვეს, მერე მესამე... ცოლიც წაყვანილი მყავდა, შვილიც წაყვანილი მყავდა. მძლეოსნობის აბსოლუტურად ყველა რეკორდი მოვახსნევინე ამ სამ წელიწადში, ჩემს მოწაფეებს. 1979 წელს გუნდი ჩამოვიყვანე ხალხთა სპარტაკიადაზე, მოსკოვში. კონგოდან – მოსკოვში.

11 აგვისტო, შაბათი
ლონდონში ოლიმპიური თამაშები მთავრდება. გადავწყვიტე თამაშებს აღარ ვუყურო. იმიტომ, რომ ნერვები მეშლება. ერთ ჩვენს მოჭიდავეს მედალი წაართვეს. აი, ასე, „ნაგლად“ წაართვეს! ვუყურებდი, კაცო!

რაზე ვარ ახლა ნაწყენი, ყველა ქვეყნის სპორტსმენები გამოდიან, გულშემატკივრობენ, არის ერთი ამბავი... ჩვენი, ქართველი გამოდის - გაუგია ვინმეს გულშემატკივრების ხმა? წაიყვანეს ეს ელიტა ხალხი. დარწმუნებული ვარ, შეჯიბრსაც არ დასწრებიან. ვისაც მართლა კარგი მომავალი აქვს, პერსპექტიულია, ის წაიყვანე, კაცო! ის პერსპექტიული სპორტსმენი ამ შთაბეჭდილებებით რომ ჩამოვა, თავს მოიკლავს მერე. ოლიმპიადა ხომ ასეთი ზეიმია! ეს არის სპორტული შეჯიბრების უმაღლესი წერტილი.

ახლა კიდევ ეს: ოლიმპიური თამაშები ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ. ამ ოთხ წელიწადში ხომ ნამდვილად შეიძლება, ასპროცენტიანად შეიძლება, რომ მაგარი კომენტატორი მოამზადო. სირცხვილი არ არის? პასუხისმგებლობა არ უნდა გქონდეს? ქვეყნის, ხალხის წინაშე. ლევან თედიაშვილი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია და კაცმა არ თქვა მისი გვარი, რომ აი, საქართველოს ჰყავს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში. ჩემი გვარიც როგორ გამოაცხადეს? მგონიო, მგონიო... შავლაყაძე იყო ოლიმპიური ჩემპიონიო. სირცხვილი არ არის?! სულ ნუ იტყვი, კაცო! თუ იტყვი, უნდა თქვა გამართულად.

მწვრთნელთა მომზადების სფერო საერთოდ ჩაკვდა. ჩვენ წელიწადში ორჯერ სემინარებს ვატარებდით, ბავშვთა სპორტს ხომ ვხელმძღვანელობდი. ვიკრიბებოდით, ათას რამეს განვიხილავდით. ახლა აღარ. ყველგან შური და ეგოიზმია... სანამ ხალხი არ დაუბრუნდება ჩვენს მამაპაპისეულ სითბოს, სიყვარულს, საქართველოს ძნელად თუ ეშველება რამე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG