Accessibility links

logo-print

23 ოქტომბერი, კვირა

მოღრუბლული, ცივი დღე. წუხელ ღამის 2 საათამდე ველოდე ოთხ ჩაშლილ უბანზე განმეორებითი არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას. ჯერაც არ იყო. მთავარი მაინც ისაა, რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. განსაკუთრებით, მარნეულში სიმშვიდე იყო მნიშვნელოვანი.

დღიურისთვის მოვლენებით დატვირთული კვირა შემხვდა. წლის კი არა, ლამის, ოთხწლეულისაც. დღეის სწორს, 30 ოქტომბერს უნდა დასრულდეს მორიგი საპარლამენტო არჩევნები. პირველად მოხდება, როცა ავირჩევთ პარლამენტს, და ფაქტობრივად, მთავრობასაც.

დღიურის დაწერა რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორმა დავით კაკაბაძემ „დამაძალა“. უარს ვერ ვეტყოდი. ფაქტობრივად, ჩემი ბლოგერობის სათავეებთან, უნებლიეთ, სწორედ დავითი აღმოჩნდა. 2009 წლის გაზაფხულზე თბილისში მოსალოდნელი რევოლუციის სუნი ტრიალებდა. ერთდროულად რაღაც სიხარულით და თან ჟრუანტელის გრძნობით დავდიოდი რუსთაველზე განლაგებულ საკნებს შორის. მერე ცოლთან ერთად ღამეებს ვათევდი უცნობის „საკნიდან“ წამოსული მუხტით დამუხტული... თან პატივს ვცემდი ამ ადამიანების შემართებას მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ და თან იმასაც ვხვდებოდი, რომ, თუ სააკაშვილის ავტოკრატიას „საკნების რევოლუცია“ დაასრულებდა, ეს იქნებოდა კიდევ ერთი ჩიხი და იმ ტრადიციის გაგრძელება, როცა ხელისუფლებას ვირჩევდით ლამის 100%-ით. მერე ეს ხელისუფლება სულ უფრო მიქარავდა და სულ უფრო ნაკლებად ზრუნავდა ხალხზე. მალე ეს ხელისუფლება ისევე გულით გვძულდა, როგორც ადრე გვიყვარდა. ბოლოს კი ამ ხელისუფლებას რევოლუციით ვასრულებდით...

რადიო თავისუფლების საიტის ძველი ვერსია მიტოვებული რომ ვნახე, რადიოს ქართულ სამსახურში დავრეკე და შევჩივლე, ეს რას ჰგავს-მეთქი. სწორედ დავით კაკაბაძემ მითხრა, ზუსტად ამ დღეებში ახალი ვებგვერდი გავუშვით და იქ ახლა ბლოგებსაც ვაქვეყნებთო. ვნახე და ძალიან მომეწონა „თავისუფლების“ განახლებული ვებგვერდი, განსაკუთრებით კი – ია ანთაძის პოლიტიკური ბლოგი. ჯერ მხოლოდ ვკითხულობდი, მალე კი გავბედე და კომენტარების წერაც დავიწყე სოლომონ თერნალელის სახელით. ის, რომ სწორედ რადიო თავისუფლება და სწორედ ისეთი ადამიანები, როგორიც დათო კაკაბაძე და ია ანთაძე არიან, იყვნენ ჩემი პოლიტიკური ბლოგერობის მეგზურები, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის.

შუადღეზე ვიგებ, რომ განმეორებითი არჩევნების შედეგებმა ზუგდიდშიც და მარნეულშიც მეორე ტური მოიტანა. საღამოს კი ვკითხულობ, რომ სანდრა რულოვსს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განუცხადებია – არჩევნები უსამართლო იყო, გამარჯვება მომპარეს და შეურაცხყოფილი ვარო. ამ დროს ყველა ორგანიზაციის დამკვირვებლები არჩევნებს ლეგიტიმურად თვლიან. 2008 წლის იანვარში და მაისში ასიათასობით ადამიანი შეურაცხყოფილად რომ თვლიდა თავს და უსამართლოდ მოპარული არჩევნების გამო საპროტესტო მიტინგებზე გამოდიოდა, მაშინ პირველი ლედიც და მისი პრეზიდენტი მეუღლეც საერთაშორისო დამკვირვებლებისაკენ იშვერდნენ ხელს – ისინი ლეგიტიმურად თვლიანო. ახლა კი რატომღაც აღარ აინტერესებთ სადამკვირვებლო მისიების შეფასებები. ნაცმოძრაობის სიაში მეორე ნომრად ჩასმულმა ქ-ნმა რულოვსმა ისე გააჟღერა თავისი ეს გადაწყვეტილება, რომ არც დაჰკითხვია ნაცმოძრაობის „ლიდერშიპს“. როგორც ჩანს, ოდესის გუბერნატორი საკუთარი მეუღლის ხელით შეეცდება ჭირვეულ თანაპარტიელთა „მორჯულებას“. არც იმას გამოვრიცხავ, ახალი პარტიის შექმნაც განიზრახოს – ნაცმოძრაობის იმ მხურვალე მხარდამჭერთა ბაზაზე, რომლებიც მეორე ტურისთვის მისი კვლავ დაანონსებული ჩამოსვლის მოლოდინში არიან: ან ზღვის გადმოცურვით, ან – გვირაბის გათხრით...

უდიდესი სიამოვნება მომგვარა პოზნანში მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე 20 წლის ქართველი მუსიკოსის ვერიკო ჭუმბურიძის გამარჯვებამ. სრულიად ფენომენალური შესრულებაა, ჩემი აზრით! რა ბედნიერებაა, ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები რომ გვყავს...

საღამოს უმცროს შვილს სიმონ ჩიქოვანის ლექსის გარჩევაში ვეხმარები. ამდენი ხნის შემდეგ ამ საოცარი სტროფების გახსენება თითქოს ისევ ბავშვობაში მაბრუნებს, ქუთაისის მე-2 სკოლის ეზოში, იმ უშველებელ ჭადართან, ოთხი ბავშვი რომ ვერ ვაწვდენდით შეერთებულ ხელებს...

„ვინა თქვა, თითქოს პატარა იყოს,

ჩემი სამშობლო დიდების ღირსი...“

სტროფებით გარჩევა დაუვალებიათ. ლამის ერთი საათი ვლაპარაკობდით. წარმოვიდგინეთ, როგორ უმტკიცებს მთელ მსოფლიოს პოეტი თავისი ქვეყნის სიდიადეს და ამისთვის მოჰყავს ახალ-ახალი „ჯილები“: ბუმბერაზი მთები და ზედ ციხეები, საოცარი ბუნება, უმდიდრესი და ტრაგიკული ისტორია, ვაჟკაცი ხალხი, დიდი მეფეები... დაბოლოს, უკვე ამაყი, ისევ ეკითხება: კიდევ გაბედავთ და იტყვით, პატარაა ეს ქვეყანააო?!

24 ოქტომბერი, ორშაბათი

ბოლო წელიწადნახევარია, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწედ ვმუშაობ. ეს ხანა მალე დასრულდება და, ალბათ, ეს მარტო კვირის დღიური არ იქნება ჩემთვის.

შენობაში შესვლისას პარლამენტის არქივის უფროსს ირაკლი იაკობაშვილს ვხვდები. ამას წინათ ფრიდონ საყვარელიძის წერილი შემოვიდა, 1918-21 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის საფლავის შესახებ. ჰოდა, ამ საკითხის გარკვევისას გავიცანი ბატონი ირაკლი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ან უკვე გამოცემული, ან მომზადებული აქვს ბიოგრაფიული მასალები არა მარტო კარლო ჩხეიძის ტრაგიკულ ბედზე, არამედ ქართული და რუსული სოციალ-დემოკრატიის სხვა თვალსაჩინო მოღვაწეებზე: ნოე ჟორდანიაზე, ირაკლი (კაკი) წერეთელზე, კიტა აბაშიძეზე, აკაკი ჩხენკელზე, ევგენი გეგეჭკორზე, ისიდორე რამიშვილზე. მასვე მოგროვილი აქვს საკმაოდ ტევადი მასალა – 1917-1921 წლების ქართველ პოლიტიკოსთა პუბლიცისტიკა: გამოსვლები, წერილები, საარქივო მასალები. შეიძლებოდა ფიქრი ამ გამოცემისათვის ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტების მხრიდან დაფინანსების მიღებაზე. როცა ეს ყველაფერი პარლამენტის თავმჯდომარეს მოვუყევი, ნაღვლიანად მითხრა, ვიცი, ორჯერ ვესაუბრე ბატონ ირაკლის და რაღაც მონახაზიც გვქონდა, როგორ მოგვეხერხებინა ამ საქმის გახორციელება, მაგრამ ჩემს თანამდებობაზე რუტინულ თუ გადაუდებელ პრობლემებს იმდენი დრო მიაქვს, უფრო შემოქმედებითი საქმეებისთვის ვეღარ ვიცლიო. იქნებ ახლა მაინც მოვიცალოო (პირველი ტურის შემდეგ ვისაუბრეთ ბოლოს)...

ჩაფიძის გულის ცენტრში ვიყავი. ნოემბერში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მოვლენ და უნდა გავარკვიო სასწავლო ოთახის საკითხი, ცხრილი და სხვა დეტალები. ვესაუბრე პროფესორებს ალეკო ალადაშვილს და მიკა წვერავას, მთავარ ექთანს ქეთი გარსევანიშვილს. მგონი, ყველაფერი მოვაგვარე. როგორც ყოველთვის, უამრავი პაციენტი იყო რეგისტრატურასთან და ამბულატორიულ განყოფილებაში, მათ შორის აზერბაიჯანიდან ჩამოსული პაციენტებიც. გამახსენდა 2000 წელი, როცა გულიკო ჩაფიძის დაუღალავი საქმიანობის შედეგად და გერმანელი კოლეგების დახმარებით საქართველოში გაიხსნა პირველი კარდიოქირურგიული განყოფილება. მანამდე თუ ვინმეს სტენტირება ან შუნტირება ჭირდებოდა, სომხეთში მიდიოდა. პირველი ტელეკარდიოლოგიური პროექტიც აქ განვახორციელეთ. სანამ ჩვენთან ოპერაციები დაიწყებოდა, ალადაშვილის მიერ ჩატარებული კორონაროგრაფიის ფაილებს სკანირებით ან ფოტოებით გადავცემდით კოლეგებს ბად კროცინგენში და მათთან ვათანხმებდით მკურნალობას. ახლა კი უკვე წელიწადში 17 ათასზე მეტი ამბულატორიული პაციენტი მომართავს ჩაფიძის ცენტრს და რვა ათასამდე სტაციონარულად მკურნალობს. 700-მდე ოპერაცია ჩატარდა შარშან. ზვიად ბახუტაშვილის, ზაზა ლაზარაშვილის და სხვათა მიერ მრავალი ინოვაციური მეთოდიკა იქნა დანერგილი. კვირის ბოლოს ელოდებიან გერმანულ აუდიტორულ კომპანიას, რომელმაც ჩაფიძის ცენტრისათვის, როგორც პირველი ქართულ-გერმანული კლინიკისთვის, ევროპული აკრედიტაციის მისანიჭებლად მასალები უნდა მოაგროვოს და შემოწმება ჩაატაროს.

ფეისბუკზე მაიკ ჩეჩირეს და ლინკოლნ მიჩელის საინტერესო სტატიები წავიკითხე ჩვენს არჩევნებზე. ორივე მსგავს დასკვნებს აკეთებს, რომ ეს არჩევნები იმდენად ქართული ოცნების გამარჯვება არ იყო, რამდენადაც ნაციონალური მოძრაობის დამარცხება, რომელმაც უკვე მესამე არჩევნები წააგო 20%-იანი სხვაობით და ხალხს ახალი ვერაფერი შესთავაზა, გარდა სააკაშვილის დაბრუნების ყალბი ილუზიისა. ქართველ ამომრჩეველს კი მკვეთრი შემოტრიალებები და გადატრიალებები არ სურს და სტაბილური განვითარების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. ორივე ავტორი, განსაკუთრებით ლინკოლნი, იზიარებს მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები თავისთავად არათუ ცუდი არ არის, არამედ აუცილებელიც კია, მაგრამ ამ მიმართულებით აჩქარებას სახიფათოდ თვლიან. სავსებით ვეთანხმები. მაიკლს მივწერე მეილი, სადაც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაზე მსჯელობებში აჯაფსანდალი ვახსენე და განვმარტე: ვეგეტარიანული საჭმელია, სადაც ყველა ბოსტნეულს ურევენ და ყველაფრის არევის გაუგებარ სიმბოლოდ გამოიყენება-მეთქი. მომწერა, დაგავიწყდა, რომ ქართველი ცოლი მყავს და აჯაფსანდალს ჩემს სახლშიც ძალიან ხშირად აკეთებენო? :)

დანარჩენი დრო განვლილ წელს ჩატარებული ღონისძიებების მასალების გადარჩევამ წაიღო. თავმჯდომარის დავალებაა, რომ ყველა მიმართულებით მოვაგროვოთ და დავტოვოთ ჩვენი სამუშაოების შედეგები. პარლამენტიდან რომ გამოვედი, უკვე 8 საათი ხდებოდა. იქვე ახლოს მდებარე სალომე ზურაბიშვილის შტაბში ხალხმრავლობაა − უსმენენ ვიღაც ახალგაზრდა ქალს, რომელიც პრეზენტაციას ატარებს. მეორე ტურამდე ცოტა დრო რჩება.

სამწუხაროდ, „არილის“ იტალიისადმი მიძღვნილი ნომრის პრეზენტაციაზე ისევე ვერ წავედი, როგორც მანამდე − ბორის აკუნინთან შეხვედრაზე...

25 ოქტომბერი, სამშაბათი

კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ისიც მაფიქრებს, რომ გიგა შენგელია, რომელსაც ბაზის გუშაგმა ესროლა და მოკლა, სამეგრელოდან იყო. გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის შიგნით და გარეთ საკმაოდ რჩებიან ძალები, რომლებიც საქართველოსთვის მომავალი მძიმე დარტყმის მიყენებას სწორედ სამეგრელოში ან სამეგრელოდან ეცდებიან. და მათთვის თითოეული ასეთი ტრაგიკული შემთხვევა სერიოზული „დივიდენდია“, სამწუხაროდ :( ხელისუფლებას ეს კარგად უნდა ახსოვდეს და განსაკუთრებით უნდა ეცადოს, რომ გამოძიების შემდეგ არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩეს. ისე კი, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ბაზის ტერიტორიაზე უნებართვოდ მოხვედრა სასიკვდილო რისკია. მით უფრო, თუ გუშაგმა რამდენჯერმე გააფრთხილა და ჰაერში გასროლაც განახორციელა.

ბოლო კვირა „თავისუფალი დემოკრატების“ ბანაკში დიდი გაუგებრობა სუფევს − ვინ სად მიდის, გაუგებარია... დღეს თურმე ბრიფინგი დაუანონსებიათ. ველოდებით 2 საათს. გაკეთდა განცხადებები, მაგრამ მგონი, არაფერი გამხდარა უწინდელზე უფრო ცხადი. გული მწყდება ამ პარტიის დღევანდელ მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მათ შეცდომებს ვხედავდი, მთლიანობაში მომწონდა მათი ძირითადი ხაზი და მიმაჩნდა, რომ დაღვინების ეტაპის შემდეგ ეს პარტია სერიოზული ძალა გახდებოდა. მეორე მხრივ, ქართველებს ბევრი არ გვყავს პოლიტიკის ანბანის მცოდნე ადამიანი და იმედი მაქვს, ამ პარტიის ძველი და ამჟამინდელი წევრები თავიანთ ცოდნას და უნარ-ჩვევებს ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებენ. მარცხის გარეშე არც პიროვნებები არსებობენ და არც პარტიები. მთავარია, ყველამ კარგად გაიაზროს მარცხის მიზეზები და სწორი დასკვნები გამოიტანონ.

მთელი დღეა წვიმს. წყნეთში და კოჯორში თოვლიც მოვიდა. მგონი, სულ იმის ბრალია, რომ ერთი თვის წინ მთელი ფეისბუკი სიცხეზე წუწუნებდა და თოვლს ნატრობდა :)

ფეისბუკზე მალხაზ ხარბედიამ ვერდის „ტრავიატიდან“ ჟორჟ ჟერმონის არია „დი პროვენცა“ დადო, ტიტო გობის შესრულებით. მამაჩემის საყვარელი არიაა და მეც ძალიან მიყვარს − სიმღერაც და ამ ეპიზოდის არსიც: მამა მიდის ვაჟიშვილთან და აიძულებს, საყვარელი ქალს დაშორდეს. საშინელებაა, და მაინც ხვდები, რომ ამას − საშინელებას, სიყვარულის დანგრევას − ისიც სიყვარულის გამო აკეთებს. ძალიან კარგად მღერის ტიტო გობი, თაფლს ურევს ხმაში... მერე ჯინო ბეკის შესრულებით 1968 წლის ფილმიდან დავდე ნაწყვეტი, მერე მალხაზმა პეტრე ამირანაშვილის რიგოლეტო გაიხსენა.ბოლოს ისევ ტიტო გობით დავასრულეთ − ამჯერად ფიგაროს ფანტასტიკური არია შეუდარებელი როსინისგან. მოკლედ, თითქოს ოპერაში ვიყავით ხარბედია და მე. არადა, მხოლოდ ერთხელ ვართ შენახვედრი − თბილისის აეროპორტში...

საღამოს სახლში ხელმარჯვე ოსტატად ვიმუშავე: შვილების მაგიდები ელიავაზე შეძენილი დეტალებით ავამაღლე, ცოლს კარადაში შარფების საკიდი დავუმონტაჟე, ნათურები გამოვცვალე. ასეთი რამ წელიწადში ერთი-ორჯერ თუ ხდება ხოლმე.

26 ოქტომბერი, ოთხშაბათი

ნიკოლოზ ანდრიაძის სტატია ვნახე European.ge-ზე. თითქმის ყველაფერში ვეთანხმები. წინა კვირაში ტელევიზიაში მომიცდა ფეხი და მეც იგივე ვთქვი ზუსტად დიანა ტრაპაიძესთან: საკონსტიტუციო უმრავლესობის რისკები ყველაზე მეტად იქედან ვიცით, რა უგვანო ჭრა-კერვაც ნაცმოძრაობამ მოუწყო ჩვენს კონსტიტუციას და ახლა რა გამოდის: ოცნებას არ უნდა ვანდოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს უაზროდ ნაკერი კონსტიტუცია ისევ ისე დავტოვოთ? და, სამაგიეროდ, ნაცმოძრაობას გავუჩინოთ უბრალო უმრავლესობის მოპოვების თეორიული შანსი-მეთქი? ფეისბუკზე European.ge-ს რედაქტორს მათე გაბიცინაშვილს შევეხმიანე (არ ვიცნობ პირადად, მაგრამ ეს ფეისბუკის ნაცნობობა მაგარი რამეა ხანდახან − უამრავ ადამიანს შეიძლება მისწერო ინბოქსში) და ვიკითხე, ამ სტატიის ავტორი სად მუშაობს-მეთქი. თურმე თავადაც არ იცნობს მათე − სადღაც უცხოეთში, მგონი, დანიაშიო. მეილით გამოუგზავნია თავისი სტატია პორტალზე განსათავსებლად. მათესთან მობილურები გავცვალეთ და არჩევნების შემდეგ შეხვედრაზე შევთანხმდით.

ისევ ვაგრძელებ განვლილი წლის სამუშაო მასალების გადარჩევას. გადავხედე კონფერენციებს და შეხვედრებს, რომელთა ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობა მივიღე − „მიგრაციული პროცესები საქართველოში: პრობლემები, გამოწვევები, შესაძლებლობები“ (24.09.2015); „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ (10.09.2015), ენათმეცნიერ კავკასიოლოგთა სიმპოზიუმი (05.11.2015), „სასკოლო განათლება − საქართველოს მომავალი“ (10-11.03.2016). თვალი გადავავლე პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის, პარლამენტის მართვის საინფორმაციო სისტემის, ვებგვერდისა და ღია მმართველობის ანგარიშებს და შეხვედრების სამუშაო დოკუმენტებს. ღია და გამჭვირვალე პარლამენტის სფეროში საქართველოს პარლამენტის ვალდებულებების მიმართულებით განსაკუთრებით ბევრი მასალაა დაგროვილი. ღია პარლამენტის მიმართულებით საქართველო ერთ-ერთი პიონერი ქვეყანაა მსოფლიოში და იმედია, რაც ჯერ ვერ მოხერხდა − რეგლამენტში ცვლილებები, სამუშაო დოკუმენტების მეტი გამჭვირვალობა და ვებგვერდიდან ხელმისაწვდომობა და პარლამენტის დეპუტატის ეთიკის კოდექსი − იმას ახალი პარლამენტი დაასრულებს. გამიხარდა, თაკო ნადიბაიძემ მითხრა, რომ უკვე შეიძლება კანონპროექტებზე კომენტარების დატოვება...

სხვათა შორის, თავმჯდომარის აპარატში ბოლო თვეებში შემოსული წერილების და საჩივრების რაოდენობამ, მგონი, იკლო. თინიკო ხაჩიძე ადრე უფრო გვტვირთავდა ვასილ კოპალიანს და მე პასუხგასაცემი წერილებით. ახლა კი − ნაკლებად. ეტყობა, ესეც მიმდინარე არჩევნების და ამ მოწვევის პარლამენტის დაისის ნიშანია.

ინტერნეტში საინტერესო ინფორმაციას გავეცანი. თურმე, ისრაელის არმიისთვის აუტისტი ახალწვეულები განსაკუთრებით მნიშვნელოვან ამოცანას ასრულებენ: სამხედრო დაზვერვის სპეცდანაყოფში. რუკებისა და აეროფოტოსურათების შეფასებისას ისინი რამდენიმეჯერ უფრო სწრაფად და უკეთ ახერხებენ უმცირესი დეტალებისა და ცვლილებების დაფიქსირებას, რაც სამხედრო ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელებისას, ასევე ტერორიზმთან ბრძოლისას, ფასდაუდებელი აღმოჩნდა და უამრავი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. კიდევ ერთი დასტური, რომ განსხვავებული ადამიანების გარიყვა არა მარტო არაჰუმანურია, არამედ უგუნურებაცაა.

საღამოს ფსიქოლოგიის პროფესორ თამარ გაგოშიძესთან ერთად ვაკეში ვხვდები ასოციაცია „მზრუნველის“ წევრებს. თამარი უნივერსიტეტის კათედრის გარდა ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს. ადრე ჩვენი ორგანიზაციები ერთ შენობაში იყო განთავსებული და აქტიურად ვთანამშრომლობდით: ავადმყოფთა ელექტრონული რეგისტრის გაკეთებაში მივეხმარეთ. ორიოდ თვის წინ ჩემმა ავსტრიელმა კოლეგამ ევროკავშირის COST პროგრამის მიგრანტთა ჯანმრთელობის ADAPT პროექტიდან, პროფესორმა ურსულა ტრუმერმა შემომთავაზა, გამეკეთებინა მოხსენება მისი ახალი პროექტის მონაწილეებისათვის. ეს პროექტი თაობათა შორის კავშირების როლსა და მნიშვნელობას ეხება. მოწვევაც მივიღე ნოემბერში დუბლინში შეხვედრაზე, თემაც განვსაზღვრეთ: „ელექტრონული ჯანმრთელობის მეთოდების გამოყენება თაობათაშორისი ვირტუალური ხიდების ასაგებად“. ამ დროს ფეისბუკზე ვნახე თამარის ვიდეო, რომელიც ასოციაცია „მზრუნველის“ ფარგლებში სწორედ ხანშიშესულთა ფსიქოლოგიურ დახმარებას ისახავს მიზნად. ლამის ორი საათი ვისაუბრეთ. პროექტს თურმე ახლა იწყებენ. COST პროგრამა, სამწუხაროდ, მხოლოდ ქსელურ აქტივობებს ითვალისწინებს - შეხვედრებზე დასწრებას და პრეზენტაციების წარდგენას. შევთანხმდით, რომ იდეებს გავცვლიდით და მერე თბილისში გავაგრძელებდით მათი საინტერესო პროექტის რეალიზებისათვის შესაძლო დაფინანსების მოძიებას.

27 ოქტომბერი, ხუთშაბათი

პარლამენტის წინ, უორდროპების სკვერთან, ირანელი ქალი პატარა ბავშვს მანქანიდან აღებული თოვლის გუნდებით ათამაშებს − საკმაოდ მოულოდნელი სურათია ოქტომბრის ბოლოსთვის. ირანელებს და ეგვიპტელებს რაც შეეხებათ, ამ სკვერის ხშირი სტუმრები არიან. როცა ჩიტაძის ქუჩით ფუნიკულიორის გზას მიუყვებიან, აქ შეისვენებენ ხოლმე და, როგორც წესი, სელფების გადაღებით ერთობიან.

ისევ ახალი საშინელი ამბავი სირიიდან. იდლიბის პროვინციაში რაკეტა სკოლის შენობას მოხვდა, 22 მოსწავლე და 6 მასწავლებელია დაღუპული. ჩურკინს გაეროს სხდომაზე უთქვამს, იმედია, ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, რუს სამხედროებთან უნდა გავარკვიოო. ნეტარ არიან მორწმუნენი, რომელთაც ეს სჯერათ. საღამოს რუსებმა განაცხადეს, მაგ დროს მაგ ადგილის მახლობლად ცაში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი დავაფიქსირეთო. „გაურკვევიათ“ და ეგაა... ამ ბოლო დროს სულ ეგრე „არკვევენ“.

ამ ფონზე მოულოდნელი ცნობა ვრცელდება: ნატომ შავ ზღვაში საკუთარი ძალების გაძლიერება გადაწყვიტა. შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის აგრესიული მისწრაფებების პრევენციისა და ალიანსის წევრების დაცვის მიზნით რუმინეთისა და ბულგარეთის ბაზებზე იგეგმება ნატოს საზღვაო და საჰაერო ძალების გაძლიერება. ახალი ვნებათაღელვა თემაზე − რას მოგვიტანს ეს და რა შესაძლო საფრთხეს შეიცავს? რა თქმა უნდა, ამაში სარგებელი და ხიფათი თითქმის თანაბრად არის. ეს ყოველთვის ასეა. რაც სასარგებლოა, სამწუხაროდ, საშიშიც შეიძლება იყოს. დოზას გააჩნია და მომენტს. მე მგონი, ახლა მომენტი სწორადაა შერჩეული. საღამოს პუტინის მშვიდობისმოყვარე განცხადება ვრცელდება: რაზეა საუბარი, ჩვენ არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთო. ფიცი გვწამს...

ნაშუადღევს პარლამენტის თავმჯდომარეს ვხვდები. ჩემი საპარლამენტო საქმიანობა სწორედ მისი წყალობით შედგა. არა მარტო იმიტომ, რომ თანაშემწედ მიმიწვია, არამედ იმიტომაც, რომ ათ წელზე მეტია, თვალს ვადევნებ და ძალიან მომწონს, როგორც გონიერი პოლიტიკოსი და, როგორც წესიერი ადამიანი. წელიწადნახევრის განმავლობაში ერთად მუშაობამ მასზე წარმოდგენა არათუ არ შემირყია, კიდევ უფრო განმიმტკიცა. დავაფასე მისი ის მხარეებიც, რასაც ადრე ვერ ვხედავდი: ძალიან კოლეგიალურია, ბევრს ფიქრობს თანამშრომლებზე, არ ცდილობს, საკუთარი აზრი თავს მოგახვიოს და პირველი, რაც მითხრა, ეს იყო: მხოლოდ ერთ რამეს არ და ვერ გაპატიებთ, თუ რამეს იფიქრებთ, რომ არასწორია და არ მეტყვითო. ვეცადე, ასეც ყოფილიყო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სხვა სერიოზული ნაკლი მქონია: რამდენჯერმე მისი გრაფიკის შესახებ ისეთი ინფორმაცია „გავეცი“ უნებლიეთ, ნამდვილად არ იყო საჭირო. ერთხელ რბილად მისაყვედურა, მეორედ კი ლამის გვერდნახევრიანი SMS-ი გამომიგზავნა, რომელშიც ერთი ურბილესი საყვედურის შემდეგ იმდენი ბოდიში ეწერა, რომ უხერხულობისგან ცუდად გავხდი. მერე რომ შევხვდი, მითხრა, რაკი სხვა რაღაცები გამოგდის, ეს ალბათ ის მხარეა, რომ ვერ გამოასწორებ და ჩემთვის უკვე მეორე ძალიან პატივსაცემი ადამიანი იქნები, ვინც პოლიტიკაში მთელ ცხოვრებაც რომ გაატაროს, ინფორმაციის „პოლიტიკურად შეფუთვის ხელოვნებას“ მაინც ვერ დაეუფლებაო. ვიკითხე, პირველი ვინ არის-მეთქი და, ვახტანგ ხმალაძეო. გამიხარდა J... ისე, ბოლოს, ერთხელ მოვახერხე და შევიკავე თავი, მერე მეილით მოვუყევი, რას გადავრჩი და კიდეც დავიტრაბახე, მგონი, ვახერხებ გამოსწორებას-მეთქი... სმაილი გამომიგზავნა...

ბოლო კვირის რამდენიმე ამბავი განვიხილეთ: საკონსტიტუციო საკითხებზე პრემიერის ინიციატივა და პრეზიდენტის შემხვედრი ინიციატივა, „თავისუფალი დემოკრატების“ ამბები, პარლამენტის ბიბლიოთეკაში იტალიური ბიბლიოთეკის გახსნის გეგმები, არქივი... და ირაკლიც ვახსენეთ.

უცნაურია, მაგრამ, საპარლამენტო არჩევნებში წარუმატებლობით ყველაზე ნაკლებ დათრგუნვილი სწორედ ბატონი დავითია. საკმაოდ ენერგიულად არის განწყობილი და, ეტყობა, იცის კიდეც, რა და როგორ უნდა შეცვალოს. ცვლილებები კი ნამდვილად საჭიროა: სტრატეგიაში, ტაქტიკაში, პარტიაში. იმედი მაქვს, არც თავად მიატოვებს პოლიტიკას (ვერ მიატოვებს!), და არც საქართველო მიატოვებს ასეთ ნიჭიერ პოლიტიკოსს... იმის იმედიც მაქვს, რომ განვლილი 25 წელი და დაგროვილი გამოცდილება მალე მოიტანს იმ შედეგს, რომ ხალხი უფრო დააფასებს არა ხისტ, პოპულისტ და მედროვე პოლიტიკოსებს (საბედნიეროდ, ამის ნიშნები, უკვე არის!), არამედ, პირს იბრუნებს დათო უსუფაშვილისნაირი ზომიერი, კონსენსუსზე ორიენტირებული და სტრატეგიულად მოაზროვნე საზოგადო მოღვაწეებისკენ. ქარიზმატულობით ხიბლში ვარდნას საბოლოოდ უნდა ვუთხრათ უარი. „მე ხომ გულით ვიხედები, გული ჩემი თვალებია“ − პოლიტიკაში დამღუპველი ლოზუნგია...

28 ოქტომბერი, პარასკევი

როგორც იქნა, მზიანი დილა გათენდა. ესეც ფეისბუკის რეაქცია ამ ცვლილებაზე: ჯორჯ ჰარისონის Here Comes the Sun.

ორი სერიოზული წერილი გამოქვეყნდა ინტერნეტში: ზაალ ანდრონიკაშვილის ბლოგი თავისუფლებაზე: „სისტემა უნდა დაინგრეს 2.0“ და ნაირა გელაშვილის „ბრწყინვალება და სიღატაკე „არასამთავრობო სექტორისა“.

ამ წერილების განხილვა აქ წარმოუდგენელია. სოლომონ თერნალელისათვის ქ-ნი ნაირას წერილის პათოსი გაცილებით ახლოსაა, თუმცა ოპონენტებისადმი ცოტა ზედმეტად აგრესიული მგონია ტონი.ვეთანხმები ია ანთაძეს: სააკაშვილის და შევარდნაძის არჩევნებისაგან განსხვავებით, „ოცნების“ ხელში უკვე მესამე არჩევნები სისტემური გაყალბების გარეშე ჩატარდაო, რასაც ზაალ ანდრონიკაშვილი, სამწუხაროდ, არც ახსენებს. თუმცა, სხვა მრავალი ფაქტორიც ხშირად არის ნიველირებული. მაგალითად, წინასაარჩევნო ძალადობისა და მედიის თავისუფლების ხარისხის შედარებითი ანალიზი. სამწუხაროდ, არც ერთ მხარეს არ უნდა შეჯერებული ანალიზის გაკეთება. როგორც ილო ბეროშვილის მუსიკალურ კლიპშია, ერთი მხარე მუდამ იძახის: „9 წელი, 9 წელი!“, მეორე კი − „კორცხელი, კორცხელი!“ მგონი, სწორედ შედარებაში კორცხელის მოძახურები სერიოზულად აგებენ. ამიტომ აქვთ მათ აღებული პოზიცია, რომ წარსულის გახსენება დაუშვებელია. მეორე მხრივ, ვფიქრობ, ზაალ ანდრონიკაშვილის სტატია ვერაფერს უშველის ნაცმოძრაობას, რომელსაც ჯერაც არ ესმის, რომ ფარვატერში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა სრული რეგრესის გარანტიაა. სამაგიეროდ, თუ ვინმეს შეუძლია ამ სტატიის სარგებლით გამოყენება, ეს სწორედ დღევანდელი ხელისუფლებაა. მაგრამ ეყოფათ პოლიტიკური სიბრძნე, რომ ნაბან წყალს ბავშვიც არ გადააყოლონ და კრიტიკის სრულად აცილების ნაცვლად კრიტიკის სამიზნეების გამოსწორებაზე იფიქრონ? არ ვარ დარწმუნებული. მინდა, ასე მოხდეს.

საღამოს პირველ არხზე „რეალურ სივრცეში“ ღამის ხმაურზე იყო გადაცემა, რომელიც მეც მაწუხებს, ხოლო ზოგიერთ ჩემს მეგობარს (მაგალითად პაატა ქურდაძეს, მანანა იაშვილს) და ათასობით სხვას, ვინც თბილისის ძველ უბნებში თუ ტურისტულ ცენტრებში ბინადრობს, ცხოვრება მართლაც ჯოჯოხეთად ექცათ. კანონი არსებობს, მაგრამ 2007 წლიდან ამოღებულ იქნა საჯარიმო სანქციების ზომა. სამწუხაროდ, პარლამენტმა და საკრებულომ, ამ მხრივ ცვლილებების თაროზე შემოდებით ნამდვილად ვერ ივარგეს ამ ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით.

29 ოქტომბერი, შაბათი

ყოველდღე კი ვურეკავ, მაგრამ ერთი კვირაა, მშობლები არ მინახავს. ჩვეულებრივ, ამას კვირაობით ვახერხებთ მე და ჩემი ძმა. წინა კვირა ჩავაგდე და ახლა მივდივარ. გზაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჩავუარეთ. ამ შენობის დანახვა ყოველთვის სევდიან გუნებაზე მაყენებს. მახსოვს, 2006 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე თვის ინტერვალით, ოთხჯერ (!) როგორ გახსნა სააკაშვილმა Emergency-ს განყოფილება: ხან ალიევი ჰყავდა გახსნაზე, ხან − პოლონეთის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტი კაჩინსკი და მისი მეუღლე... მერე აღარც დავდიოდი: სირცხვილი იყო მონაწილეობა ხალხისთვის ამ თვალში ნაცრის ყრაში. სინამდვილეში უშველებელ 12-სართულიან კორპუსს, უბრალოდ, მინის ფანჯრები ააფარეს წინა მხრიდან, ხოლო უკანა, ეზოს მხარე საშინლად გაპარტახებულია: ცარიელი კარკასია დარჩენილი, დინოზავრის ჩონჩხივით. მგონი, რესპუბლიკური საავადმყოფო ყველაზე ნათლად წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის პოტიომკინურ-ფასადური დემოკრატიის ძეგლს. ამავდროულად, Emergency, გახსნიდან დღემდე, მუშაობს და ქების მეტი რა მეთქმის იქ მომუშავე ჩემი ყოფილი თანამშრომლების − მაკა გვალიას, მაია მგალობლიშვილის, ცისანა კონცელიძის, გიული სვანაძის, გიორგი გოცაძის, ნიკა კვაჭაძის და სხვათა მიმართ. ამ წლების განმავლობაში ჯერ დეიდაჩემი, ხოლო შემდეგ დედა მოხვდნენ იქ და ორივე მშვიდობით დაგვიბრუნეს სახლში. მათაც და საკუთარ თავსაც ვუსურვებ, რომ რესპუბლიკურს ძველი მნიშვნელობა დაებრუნებინოს, როგორც ქვეყნის მთავარ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და მომავალი კადრების საუკეთესო სამჭედლოს −საუნივერსიტეტო კლინიკას. ამ მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის დაპირება მაიმედებს.

მშობლებთან დიდხანს ვერ ვრჩებით. ვამოწმებ მამაჩემის სამედიცინო საქმიანობას. თავად ექიმის შვილ ინჟინერს მთელი სიცოცხლე ხიბლავდა მედიცინა და მუდამ სამედიცინო ენციკლოპედია იყო მისი ცხოველი ინტერესის საგანი. ჰოდა, ახლა, 86 წლის ასაკში, მშვენივრად ართმევს თავს დედაჩემის წნევის კონტროლსა და დანიშნულების სწორად მიცემას. მამა სარდაფში დაწურულ ახალ ღვინოს გვასინჯებს. პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. „კვირის პალიტრის“ აქტიური მკითხველი და რამდენჯერმე რესპონდენტიც კი, საოცრად კარგად ერკვევა ქართული პოლიტიკის უსიერ ჯუნგლებში, ისე, რომ რძლის გაკვირვებას და მოწონებას იმსახურებს.

დედაჩემის გულის გასახარად ცოტა წავიხემსეთ და წამოვედით. გზაში ჩვენს საყვარელ სესარია ევორას ვუსმენთ.

ხვალინდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანია: 50%-იანი ბარიერის აღდგენის წყალობით მაჟორიტარული ოლქების ორ მესამედში ტარდება მეორე ტური. მე ჩემი არჩევანი დიდი ხანია გავაკეთე: ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც წარსულის შეცდომებს არ ინანიებს, მხარი როგორ უნდა დაუჭირო, არ მესმის. თანაც ჩემს ოლქში უკვე გაიმარჯვა ნინო გოგუაძემ. ახლა ვგულშემატკივრობ ჩემს მეგობრებს: მარიამ ჯაშს, ზაზა ხუციშვილს, ბექა ნაცვლიშვილს, სოფო კილაძეს, კობა კობალაძეს, სალომე ზურაბიშვილს... რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებულ საფრთხეს, იმედია, წარსულის შეცდომებზე ბოლოს და ბოლოს ყველა ვისწავლით − ხელისუფლებაც, რომელსაც თუ ბევრი მიეცა, ბევრიც მოეთხოვება, და ჩვენც − მოქალაქეეები და სამოქალაქო საზოგადოება − რომ ხელისუფლება ვაკონტროლოთ და არ გავაფეტიშოთ. მხოლოდ ასე შეიძლება ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ქვეყნისათვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა.

მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. 17 საათზე დავით უსუფაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ რესპუბლიკურ პარტიას ტოვებს, რადგან მისი და პარტიის სხვა ლიდერების მოსაზრებები სტრატეგიულსა და განვითარების ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავდება, ხოლო იგი პატივს სცემს პარტიის დამფუძნებელთა მოსაზრებას და გადაწყვიტა, თავად დატოვოს პარტია, სადაც ფეხი აიდგა და 25 წელი გაატარა, რათა ახალი ენერგიით ახალ ჯგუფთან ერთად სცადოს საკუთარი მოსაზრებების და პრინციპების ცხოვრებაში გატარება და ოპოზიციურ ველზე იმ სამუშაოების წარმართვა, რაც ქვეყანაში ევროპული მრავალპარტიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და პარტიათა ხელისუფლებაში ცვლადობის გარანტია იქნება. შეიძლება მოულოდნელი იყო დღეს ეს ნაბიჯი, მაგრამ საკმაოდ ლოგიკური ჩანს. დარწმუნებული ვარ, არ იქნებოდა ეს გადაწყვეტილება ადვილი მისაღები, მაგრამ მივესალმები ამ ნაბიჯს, რომელიც არ მიმაჩნია ემოციურ გადაწყვეტილებად და რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბატონი დავითის პრინციპულობას და სკამებისა და თანამდებობების მიმართ ადეკვატურ გულგრილობას. ეს ნაბიჯი მას რამდენიმე თვის წინ რომ გადაედგა, იგი გარანტირებულად დარჩებოდა პარლამენტის თავმჯდომარედ, ან რომელიმე სხვა უმაღლეს თანამდებობაზე. მაგრამ მაშინ ეს პარტიისა და თანამებრძოლების ღალატი იქნებოდა და ყველა იტყოდა, უსუფაშვილი კარიერაზე და სკამზე გაიყიდაო. დღეს თავისი ამ ნაბიჯით დავით უსუფაშვილს არც კარიერა მოუხვეჭია და არც სკამი, პირიქით, მან დაკარგა ყველაფერი, რაც ცოტა ხნის წინ ჰქონდა, გარდა ერთისა − პატიოსანი პოლიტიკოსის სახელისა. იმედია, საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ეს ბევრს ნიშნავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG