Accessibility links

მაწონი − პარკინსონის მკურნალი?


გაზეთი „ბილდი"

გაზეთი „ბილდი"

ავტორი: ანა ლომთაძე

არცთუ დიდი ხნის წინათ გაზეთ „ბილდში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ამ პროფესორმა იპოვა რეცეპტი პარკინსონის წინააღმდეგ“. პროფესორი, რომელსაც გერმანიის ყველაზე დიდტირაჟიანი გაზეთი სენსაციური აღმოჩენის ავტორად გვაცნობს, თეიმურაზ კურცხალია გახლავთ − გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის უჯრედული ბიოლოგიის მკვლევარი და ლაბორატორიის ხელმძღვანელი. კოლეგების მცირე ჯგუფთან ერთად მან, როგორც გაზეთი „ბილდი“ იუწყება, აღმოაჩინა პარკინსონის დაავადების პრევენციის მეთოდი. მეთოდი, რომელსაც საქართველოში მშვენივრად იცნობენ და ხშირად მიმართავენ კიდეც. მისი შემუშავება სახლის პირობებშიც თავისუფლად შეიძლება, თანაც სულ მცირე ხარჯებით.

ირკვევა, რომ პარკინსონის დაავადების პრევენცია ან, სულაც, ავადმყოფის მდგომარეობის შემსუბუქება, არც მეტი არც ნაკლები, მაწვნის სისტემატური მიღებით არის შესაძლებელი. თავის აღმოჩენას თეიმურაზ კურცხალია შემთხვევას უნდა უმადლოდეს. მისი კვლევის მთავარი საგანი ჭიები არიან - როგორ ახერხებენ ისინი გადარჩენას უწყლოდ, როგორ ხდება მათი ნივთიერებათა ცვლის დაწყება და შეჩერება.

პროფესორი კურცხალია ხსნის, როგორ დაუკავშირა ერთმანეთს პარკინსონის დაავადება და ჭიების გადარჩენის პროცესი სიცოცხლისთვის ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში:

„აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გენი, რომელიც საჭიროა გადარჩენისათვის, ზუსტად ის გენებია, რომლებიც ადამიანის ტვინში − თუ ისინი მუტირებული არიან − იწვევენ პარკინსონის დაავადებას. ამან, რასაკვირველია, ძალიან დაგვაინტერესა. ვნახეთ, რომ, თუ იგივე გენები ჭიებშიც მუტირებულია, მათი გადარჩენა უწყლოდ შეუძლებელია. აღმოჩნდა, რომ, საერთოდ, ეს გენები საჭიროა იმისთვის, რომ მიტოქონდრია, ანუ უჯრედის მთავარი ენერგეტიკული ცენტრი, კარგად ასრულებდეს თავის ფუნქციას. შემდეგ დავიწყეთ იმაზე მუშაობა, თუ როგორ ახდენენ ეს გენები ამის აღსრულებას. აღმოჩნდა, რომ ის ნივთიერებები, რომლებიც არსებობს სხვადასხვა საკვებში, ზუსტად ის ნივთიერებებია, რომლებსაც ეს გენები აწარმოებენ. ამიტომ გამოვთქვით ჰიპოთეზა, რომ შესაძლებელია პარკინსონის ან, სხვათა შორის, სხვა ნეიროდეგენერატიული დაავადებების პრევენცია ან მორჩენა, თუ ამ ნივთიერებებს მივიღებთ საკვების სახით“, გვიხსნის პროფესორი კურცხალია.

პარკინსონი თავის ტვინის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა. ის საგრძნობლად აქვეითებს კუნთების კონტროლს, იწვევს უნებლიე მოძრაობებს და, საბოლოოდ, ავადმყოფი ქმედითუნარიანობის დაკარგვამდე მიჰყავს. ჯანსაღი სახით ის გენები, რომელთა მუტაცია დაავადებას იწვევს, აწარმოებენ ფერმენტებს, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა სახის მჟავას ქმნის. მათ შორის ერთ-ერთია დელაქტატი, ანუ რძის მჟავა, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას. მუტირებული გენი ამ მჟავას ვერ აწარმოებს და პარკინსონის დაავადებაც მისი ნაკლებობის ერთ-ერთი გამოხატულებაა. რძის მჟავა მაწონში სამიდან 5%-მდე მოიპოვება. ქართველი მეცნიერის თქმით, „თუ ადამიანი დღეში ნახევარ კილო მაწონს შეჭამს, პრინციპში, შესაძლებელია პარკინსონის დაავადება თავიდან აიცილოს. ეს ჰიპოთეზაა.“

მაგრამ ამისთვის ყველანაირი მაწონი არ გამოდგება. როგორც თემურ კურცხალია ამბობს, აუცილებელია, მაწონი მჟავე იყოს და არ ჰქონდეს იოგურტის სახე, რომელშიც სიმჟავე ან სიტკბოთია შეცვლილი ან, უბრალოდ, განეიტრალებულია და რძის მჟავას თითქმის არ შეიცავს. სამაგიეროდ, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ქართული, ისე ბულგარული მაწონი. საქართველოსთან შედარებით, ბულგარეთს ის უპირატესობა აქვს, რომ იქ არსებობს ე.წ „რძის ინსტიტუტი“, რომელშიც ზუსტად ითვლიან რძის მჟავის რაოდენობას მაწვნის ამა თუ იმ სახეობაში.

მაწონი

მაწონი

პროფესორი კურცხალია ამბობს, რომ თუ რძის მჟავით გაჯერებულ მაწვნის დედას ერთხელ ვიყიდით, შემდეგ შეგვიძლია ის სახლში მაწვნის დასამზადებლად იმდენჯერ გამოვიყენოთ, რამდენჯერაც მოგვესურვება. მაწვნის გარდა, ასევე სასარგებლოა ვაზის ფოთოლი და სხვა მცენარეები, რომლებიც შეიცავს გლიკოლატს, ანუ გლიკოლის მჟავას - ჯანსაღი გენი მას თავადვე აწარმოებს, რათა უზრუნველყოს უჯრედების ფუნქციონირება.

პარკინსონის დაავადების კვლევითი ფონდის ინფორმაციით, ამ სენით მსოფლიო მასშტაბით 10 მილიონამდე ადამიანია ავად.

პარკინსონისგან ბოლომდე განკურნება ჯერჯერობითშეუძლებელია. სხვადასხვა სახის მედიკამენტების მიღებით, ვარჯიშითა და, ზოგ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევით შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომების შესუსტება.

თეიმურაზ კურცხალია და მისი კოლეგები აპირებენ, თავიანთი აღმოჩენა მედიკამენტად აქციონ, თუმცა, როგორც ქართველი მეცნიერი თვითონვე ამბობს, ამას დიდი დრო დასჭირდება: „რასაკვირველია, მაწვნით მკურნალობა საერთოდ არ არსებობს. ამის გადაყვანა გვინდა სამედიცინო პრეპარატის სახით. ამას ბევრი გამოცდა და სახელმწიფო დამტკიცება სჭირდება. მაგალითად, გერმანიაში ამას მინიმუმ სამი წელი სჭირდება“.

კურცხალია ირწმუნება, რომ მაწვნის მიღება საშიშროებას არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს, არც პარკინსონით დაავადებული ადამიანისთვის. მით უმეტეს, რომ კაცობრიობა უკვე საუკუნეებია, მაწონს იყენებს საკვებად. ამასთან, პროფესორი დასძენს, რომ მისი ჯგუფის კვლევის პროცესი არ დასრულებულა. შემდეგ ეტაპზე, ისინი შეეცდებიან დაადგინონ, როგორ უწყობს ხელს რძის მჟავა უჯრედების ფუნქციონირებას.

XS
SM
MD
LG