Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოში გამოსვლისას მინისტრმა ფანჯიკიძემ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი


მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე
ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებსა და რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება ავსტრიაში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 10 ოქტომბერს, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მაია ფანჯიკიძის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა, თუმცა, როგორც ავსტრიაში საქართველოს საელჩოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, გამომსვლელთა შორის რუსეთს მხარდამჭერი არ გამოუჩნდა.

საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, მთლიანად იზიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს: დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი და იქვე აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ღირებულებების ურყევი მხარდაჭერის დასტურია გასულ წელს ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები, რომლის წყალობითაც საქართველოში პირველად მშვიდობიანად გამოიცვალა ხელისუფლება. მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში გამჭვირვალედ, სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდება მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებიც და რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. ამ კონტექსტში მინისტრი მადლიერია საერთაშორისო მეთვალყურეების ძალისხმევისა და მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) როლი.

მინისტრი ფანჯიკიძე გამოთქვამს იმედს, რომ ვილნიუსის ნოემბრის სამიტი იქცევა ნამდვილ ისტორიულ მოვლენად, რომელიც შეუქცევადს გახდის ერთგული აღმოსავლეთ პარტნიორების ევროპასთან დაახლოების პროცესს.
აქვე აღინიშნება, რომ, სიძნელეების მიუხედავად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი მტკიცე და უცვლელია:

მაშინ, როცა საქართველომ გამოავლინა კეთილი ნება, შეეცადა არ მოეხდინა ოლიმპიური თამაშების პოლიტიზება და მიიღო რთული გადაწყვეტილება - იმონაწილეოს სოჭის ოლიმპიადაში, მოსკოვმა გადაწყვიტა გამოიყენოს ეს ღონისძიება პოლიტიკური მოტივებისთვის და პროვოკაციულ ქმედებებს მიმართა...
მაია ფანჯიკიძე
”ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს, რასაც საფუძვლად უდევს ქართველი ხალხის არჩევანი და რაც დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან. ამ მიმართულებას ალტერნატივა არა აქვს საქართველოში და ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცეა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არ არის იოლად სავალი გზა, არამედ ეს არის გზა აღსავსე გამოწვევებითა და ბარიერებით”.

სწორედ გამოწვევებისა და ბარიერების კონტექსტში მინისტრის გამოსვლაში დიდ ადგილს იკავებს საუბარი რუსეთის ფედერაციაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები, ხელს უწყობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, ახდენს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზებას, ხელს უშლის ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის სრულფასოვან მუშაობას და განაგრძობს საერთაშორისო სამართალთან აბსოლუტურად შეუსაბამო ქმედებებს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთი არაადეკვატურად პასუხობს საქართველოს მიერ წამოწყებულ პროცესს, რაც კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას ისახავს მიზნად. რუსეთმა საქართველოს არც რთული გადაწყვეტილება დაუფასა:

”მაშინ, როცა საქართველომ გამოავლინა კეთილი ნება, შეეცადა არ მოეხდინა ოლიმპიური თამაშების პოლიტიზება და მიიღო რთული გადაწყვეტილება - იმონაწილეოს სოჭის ოლიმპიადაში, მოსკოვმა გადაწყვიტა გამოიყენოს ეს ღონისძიება პოლიტიკური მოტივებისთვის და პროვოკაციულ ქმედებებს მიმართა. ამგვარი დესტაბილიზაციური პროცესებისა და პროვოკაციული აქტების მიუხედავად, ჩვენ ერთგული ვრჩებით მშვიდობიანი და პრაგმატული მიდგომებისა და არ ვაპირებთ პასუხის გაცემას იმავე პროვოკაციული გზებით. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გააჩეროს მავთულხლართების გაბმა და ბარიერების აღმართვა და უკუსვლა მისცეს ამ პროცესებს - საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში”.

განცხადებები გააკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ნორვეგიამ, სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა - ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დაგმეს რუსეთის ქმედებები როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე...
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი
მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, უკვე 35 კილომეტრს აღწევს მავთულხლართების საერთო სიგრძე ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ. მინისტრი აკონკრეტებს, რომ სხვადასხვა სახით უკვე 65 ოჯახი დააზარალა რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ განსაკუთრებული ინტენსივობით 2013 წლის იანვრიდან დაწყებულმა ამ პროცესმა, რაც ბოლო თვეებში განახლდა და დღემდე გრძელდება. მინისტრის თქმით, ეს პროცესი ხელს უშლის ადამიანების ნორმალურ ყოფას, გადაადგილებას, სამედიცინო სერვისის ხელმისაწვდომობასა თუ წყალმომარაგების პროცესს. მინისტრი ასევე მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ასახული ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და ასევე უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შეწყვეტა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მინისტრის გამოსვლის შემდეგ ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომა დაიხურა და ის, რაც დახურულ კარს მიღმა ხდებოდა, რადიო თავისუფლებას ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა მოუთხრო. მისი თქმით, რუსეთის პოზიცია არანაირად არ გაიზიარეს საქართველოს პარტნიორებმა:

”განცხადებები გააკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ნორვეგიამ, სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა - ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დაგმეს რუსეთის ქმედებები როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბარიერების და მავთულხლართების აგებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, იყო იქ რუსეთის წარმომადგენელი - მისი განცხადება იყო რუსეთისთვის ჩვეული სტილით... შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი, თავისი მოსაზრებებით, იყო მარტო დარჩენილი 57 ქვეყანას შორის”.

თუმცა ძალთა ამგვარმა გადანაწილებამ, უკვე წლებია, ვერანაირი ხელშესახები შედეგი ვერ მოუტანა საქართველოს და, როგორც ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ამბობს, სასიკეთო ნიშნები პრაქტიკულად არც ამ ეტაპზე ჩანს იმისა, რომ საქართველოში კვლავაც განაახლოს მუშაობა რუსეთის ძალისხმევით დაბლოკილმა ეუთოს მისიამ.

რა შეუძლია ეუთოს დღეს შექმნილ რთულ ვითარებაში?

ამ შეკითხვის პასუხად საგარეო საქმეთა მინისტრი საგანგებოდ უსვამს ხაზს ეუთოს, როგორც თანათავმჯდომარის, როლის გაძლიერების საჭიროებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს განიხილავს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებათა შესრულების უზრუნველმყოფ უმთავრეს ფორუმად და საქართველო წუხილს გამოთქვამს, რომ ბოლო რამდენიმე რაუნდის განმავლობაში ვლინდებოდა რუსეთის ორგანიზებით მოქმედ მონაწილეთა დესტრუქციული ქმედებები. ჟენევის მოლაპარაკებებზე ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხად რჩება ძალის გამოუყენებლობის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც, მინისტრის აზრით, პროგრესის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი საქართველოს მიერ 2010 წლის ნოემბერში აღებულ ცალმხრივ სამშვიდობო ვალდებულებას რუსეთი ისეთივე ქმედებით უპასუხებს
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG