Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შედეგიანი აქცია გარდაბანში


მამუკა არეშიძე
მამუკა არეშიძე
გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდის მცხოვრებლებმა სოფლის სიახლოვეს მდებარე მარგანეცის მადნის გადამამუშავებელ საწარმოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საწარმოს მუშაობის შედეგად გამოყოფილი აირების გამო მათ ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი უფუჭდებათ. საწარმო ” ნიკა 2004”-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას თაზაქენდის მცხოვრებლებთან ერთად ”ქართული ოცნების” გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძეც ესწრებოდა. აქციის შედეგად გადაწყდა, რომ წარმოების ის ნაწილი, რომელიც გოგირდის ჰაერში გაფრქვევას იწვევდა, შეწყდეს.

თაზაქენდის მკვიდრი 70 წლის ხალიზა გასანოვა ამბობს, რომ სოფელში მდებარე მარგანეცის გადამამუშავებელი ქარხნიდან წამოსული გოგირდი მოსავალსაც უფუჭებთ და ჯანმრთელობის პრობლემებსაც უქმნით. გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდის მცხოვრებლები, 2009 წლიდან მოყოლებული, ანუ რაც საწარმო ” ნიკა 2004” ამუშავდა, პრობლემის მოგვარებას, ანუ საწარმოს დახურვას, ითხოვენ.

”ხილი გაფუჭდა, ჰაერი არ არის, ფანჯარასაც ვერ გააღებ, რატომ არის სოფელში ეს მარგანეცის საწარმო? ყველაფერი გაგვიფუჭდა, ბავშვებს ფერიც კი არა აქვთ”, - ამბობს სოფელ თაზაქენდის მკვიდრი ხალიზა გასანოვა.

”ქართული ოცნების” გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე ”ნიკა 2004 ”-ის ხელმძღვანელობას შეხვდა და სოფლის მცხოვრებთა მოთხოვნა გადასცა. მამუკა არეშიძის სიტყვებით, რამდენიმე წლის წინ მოსახლეობის მოთხოვნით საწარმოში ფილტრები დამონტაჟდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ის აღარ აუმუშავებიათ და მოსახლეობას გამონაბოლქვი და სუნი აწუხებს. სწორედ ფილტრების ამუშავება მოითხოვა მამუკა არეშიძემ.

მარგანეცის გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელმა გიორგი ლეჟავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საწარმოდან გამოყოფილი აირები ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და, ამის დასტურად, გარემოს დაცვის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ ყოველკვარტალურად ჩატარებული ანალიზის შედეგები მოიხმო. გიორგი ლეჟავას სიტყვებით, ერთადერთი უხერხულობა, რომელსაც მისი საწარმო უქმნიდა მოსახლეობას, საწარმოდან გამოსული გოგირდის სუნი იყო და ეს პრობლემაც მოიხსნება:

”ჯანმრთელობას ხელს არ უშლიდა. ჩვენ გვაქვს გარემოს დაცვის სამინისტროს ლაბორატორიის დასკვნები, გვაქვს ეგ ანალიზები და ჯანმრთელობას ეგ ხელს არ უშლის. უბრალოდ, გოგირდის ლაყე სუნი აწუხებდათ და ეგ არის. უხერხულობის მომენტი იყო და ახლა მოვხსენით ჩვენ ეგ უხერხულობის მომენტი, აღარ იქნება ეგ გრანულაცია, დამთავრდა და ეგ გრანულირებული წიდაც ამოვიღეთ პროდუქციიდან.”

გიორგი ლეჟავას განცხადებით, გოგირდის ზემოქმედება მოსახლეობაზე ჯანმრთელობის პრობლემას არ ქმნის, თუმცა ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ საწარმოში ფილტრების მუშაობის პირობებში გოგირდის სუნი არ უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ თუ ის მაინც გამოიყოფა, მოსახლეობაზე გავლენა აუცილებლად ექნება. ნინო ჩხობაძის სიტყვებით, ჰაერში გაფრქვეული გოგირდი სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს და პროდუქციაზეც მოქმედებს ნიადაგში მოხვედრილი ე.წ, მჟავე წვიმების სახით.

”სუნიც არ უნდა იყოს, როცა მიმდინარეობს გაფრქვევა, ანუ სუნი მოჰყვება გოგირდს, ანუ გამოდის, რომ გოგირდი ხვდება ატმოსფეროში. გოგირდით გამოწვეული ატმოსფერული დაბინძურება, როგორც წესი, ჩვენ მოგვევლინება როგორც ნალექი, მჟავე წვიმების სახით, ანუ აქედან მოდის ზუსტად მჟავე წვიმა”, - ამბობს ორგანიზაცია ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე. მისივე სიტყვებით, ასეთი ტიპის საწარმოებიდან გარემოსა და მოსახლეობაზე მავნე გავლენის შესამცირებლად უნდა მიმდინარეობდეს საზედამხედველო სამუშაოები, მაგრამ, 2011 წელს კანონში შესული ცვლილების შედეგად, მაკონტროლებელი ფუნქცია ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა, სადაც სულ რამდენიმე ინსპექტორი მუშაობს და ფიზიკურადაც კი ვერ ესწრება საწარმოების შემოწმება.

ზოგადად, ამ სფეროში არსებული ლიბერალიზაცია ნინო ჩხობაძეს მთავარ პრობლემად მიაჩნია. მარგანეცის გადამამუშავებელი საწარმო ”ნიკა 2004”, გარემოს ეროვნული სააგენტოს შემოწმების შედეგად და რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საწარმოო პირობების დარღვევების გამო 2009 წელს 5 ათასი ლარით უკვე დაჯარიმდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საწარმო 2009 წლის შემდეგ არ შემოწმებულა და, შესაბამისად, უცნობია იმ აირების შემადგენლობა, რომლებიც წარმოების შედეგად გამოიყოფა. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, შემოწმების ვალდებულება სააგენტოს არა აქვს, შემოწმების მოთხოვნით თავად საწარმომ უნდა მიმართოს მათ.

12 სექტემბერს სოფელ თაზაქენდში გამართული აქციის შედეგად კი გადაწყდა, რომ 20 სექტემბრამდე საწარმო ” ნიკა 2004” მოსახლეობას ლაბორატორიული შემოწმების შედეგებსაც წარუდგენს და იმისათვის, რომ წარმოების შესახებ ადგილობრივები უკეთ იყვნენ ინფორმირებულნი, საწარმოში სოფლის 2 მცხოვრებსაც დაასაქმებს; სამუშაოს ის პროცესიც შეწყდება, რის შედეგადაც გოგირდის სუნი გაიფრქვეოდა. 20 სექტემბერს თაზაქენდელები პირობების შესრულების გადასამოწმებლად კიდევ ერთხელ აპირებენ შეკრებას.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG