Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. აფხაზური პასპორტის გაცემა შესაძლოა ეთნიკური ქართველებისთვის გამკაცრდეს


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა წელს, მაისიდან შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ადგილობრივი ოპოზიციური პარტიის - „სახალხო ერთიანობის ფორუმის“ - განცხადება, რომ გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი მოქალაქეობას და პასპორტს უკანონოდ იღებს, რადგან პარალელურად საქართველოს მოქალაქეა. 2013 წლის 6 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა შექმნა საკითხის შემსწავლელი კომისია, რომელმაც მოქალაქეობის მინიჭებისა და პასპორტების გაცემის პროცესი შეაჩერა. კომისიას დასკვნა პირველი აგვისტოსთვის უნდა მოემზადებინა, მაგრამ შექმნიდან დაახლოებით ათ დღეში ანქვაბმა კომისიის საქმიანობა შეაჩერა და მიზეზად ამავე საკითხზე დაწყებული საპარლამენტო გამოძიება დაასახელა.

მურმან მალაზონიამ, ხელმძღვანელმა არასამთავრობო ორგანიზაციისა „სამოქალაქო განვითარების ცენტრი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის“, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში ეთნიკური ქართველებისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტების გაცემა გამკაცრდება. ამ გადაწყვეტილებას ის ოპოზიციური პარტიის ლიდერის რაულ ხაჯინბას განცხადებას უკავშირებს:

„ხაჯინბამ აფხაზურ ხელისუფლებას განუცხადა, ისეთ უკანონობას სჩადიხართ, მოსახლეობას აძლევთ პასპორტებს, ისე გამოვა მერე, რომ ეთნიკურად მეტი ქართველი იქნება აფხაზეთშიო. ანუ მან ეს საუბარი პოლიტიკურ ჭრილში აიყვანა. ჩემი ინფორმაციით, რაღაც ისეთი ცვლილებები უნდა მოხდეს, რომ დამატებით მუხლები შედის, რაც უფრო გაამკაცრებს პასპორტების მიღებას“.

აფხაზური პასპორტების საკითხზე ინფორმაციას პრაქტიკულად არ ფლობენ ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდში გადმოსული მოქალაქეები, რომლებიც რადიო თავისუფლებას დღეს ენგურის ხიდთან ესაუბრნენ:

„პასპორტებზე რაღაცას ამბობენ, მაგრამ კონკრეტულად არ ვიცი... ჯერჯერობით არაფერს ამბობენ და აწი რა იქნება, ვინ იცის“, - ამბობს გალის რაოინის სოფელ ოქუმში მცხოვრები ტანია შონია.

„ჩვენ ჯერჯერობით არანაირი ცვლილებები არ შეგვიმჩნევია. შიგნით ადმინისტრაციაში რა ხდება, არ ვიცი. გარეთ არაფერია შესამჩნევი“, - გვითხრა გალიდან გადმოსულმა ენვერ კილანავამ.

პასპორტების გაცემის საკითხზე მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 18 სექტემბერს უნდა წარადგინოს.

დღეს დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა საჯაროდ გამოაქვეყნეს რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის დმიტრი ვიშერნიოვის სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი. რუსი დიპლომატის მკვლელობისა და დამნაშავის ძებნის ოპერაციის გამო არსებობდა ვარაუდი, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმოსვლა შეიზღუდებოდა, თუმცა ჯერჯერობით მოქალაქეები გადაადგილებას უპრობლემოდ ახერხებენ:

„ჩვეულებრივად გადმოვდივარ, როგორც ადრე. საბუთები გვაქვს, ვუჩვენებთ, შეგვიმოწმებენ და გადმოვდივართ“.

„საგუშაგოსთან რიგები დგას ხალხის და ამიტომ მათი ნაწილი დაბალი ზონის სოფლებიდანაც მოდის“.

„აფხაზები რომ იძლევიან, ის პასპორტი თუ არ გაქვს, მაშინ რუსები არ გაგატარებენ, რადგან იქ ყველაფერი კომპიუტერითაა“
, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულმა მოქალაქეებმა.

რესპონდენტების თქმით, აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტის მიღება თავიდანვე რთული იყო, რადგან დიდმა ნაწილმა საჭირო საბუთები ომის დროს დაკარგა. პროცედურების შესაძლო გამკაცრების შედეგად კი, მოქალაქეების ვარაუდით, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება შეიზღუდება.
XS
SM
MD
LG