Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ განსაზღვრავს არჩევნების ბედს ამერიკაში?


აიოვას შტატში გაიმარჯვებს ის, ვინც დამოუკიდებელი, უპარტიო ელექტორატის გადაბირებას შეძლებს. თუმცა, მათი არჩევნებით დაინტერესება სერიოზული პრობლემაა

აიოვას შტატში საარჩევნო უბნები უკვე გახსნილია. ადრეული არჩევნები იქ სექტემბრის ბოლოს დაიწყო. ჯერჯერობით სასურველ კანდიდატს ხმა 300 ათასზე ცოტა მეტმა ადამიანმა მისცა. მათ შორისაა 18 წლის ჯამეიშა მორგანი.

„კარგი შეგრძნებაა, ხმას რომ მისცემ და საკუთარ აზრს დააფიქსირებ“ - ამბობს ის. ჯამეიშა გახარებულია, რადგან წელს ის არჩევნებში მონაწილეობას პირველად იღებს. ამბობს, რომ აიოვაში მიმდინარე არჩევნებზე მხარს დემოკრატ კანდიდატ ბრიუს ბრეილის უჭერს. მისი თანატოლები ჯამეიშას თქმით, პოლიტიკაში დიდ ინტერესს არ ავლენენ და შესაბამისად, ხმის მისაცემად მისვლასაც არც გეგმავენ.

„მათ არც აინტერესებთ, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე. წარმოდგენა არ აქვთ, ვინ არის ბრიუს ბრეილი. ასე რომ მათი ინფორმირება, ამ საქმეში გათვითცნობიერება და დაინტერესება ძალიან რთული საქმეა“ - ამბობს ჯამეიშა. საკუთარი თაობის წარმომადგენლების არჩევნებზე მიზიდვის საქმეში ის მარტო არ არის.

ახლახან აიოვაში ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ჩავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მთავარი არჩევნებზე აქტიურობაა. შემდეგ შტატს ქვეყნის პირველი ლედი, მიშელ ობამა ესტუმრა, რომელმაც ბრუს ბრილის მხარდასაჭერი აქციები უშუალოდ ახალგაზრდებს შორის, აიოვას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართა. მიშელ ობამას გზავნილი ახალგაზრდების მიმართ საკმაოდ მარტივი იყო: თითოეული ხმა ფასობს.

„შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ამ ბრძოლაში ძალთა გადანაწილება თითქმის თანაბარია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ასეთ საარჩევნო მარათონში გამარჯვების ბედის გადაწყვეტა მხოლოდ რამდენიმე ათას კაცზე, შეიძლება რამდენიმე ასეულ ამომრჩეველზეც კი იყოს დამოკიდებული“ - განაცხადა ქვეყნის პირველმა ლედიმ.

ბრიუს ბრეილის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელი ჯონი ერნსტია. შტატის დედაქალაქში გამართულ ტრადიციულ, ყოველწლიურ რონალდ რეიგანის საპატივცემულო საზეიმო სადილზე სიტყვით გამოსვლისას მანაც ანალოგიური განცხადება გააკეთა.

„განსხვავებას თითოეული ხმა მოგვცემს, მეგობრებო. ყველას მოგიწოდებთ, თუკი ჯერ ხმა არ მიგიციათ, მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ეს ასე იქნება, აუცილებლად მიდით ხმის მისაცემად“ - განაცხადა მან.

აიოვას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ტიმ ჰეიგლიც თვლის, რომ სენატორის პოსტზე ორივე პარტიის წარმომადგენელს თითქმის ერთნაირი შანსი აქვს, რაც აიოვას შტატისკენ მეტი ყურადღების მიპყრობას იწვევს. მისი აზრით, არჩევნებზე გამარჯვებას ის კანდიდატი მიაღწევს, ვინც იმ ელექტორატის გადაბირებას შეძლებს, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ასოცირდება.

„დამოუკიდებელი, ან როგორც მათ აქ ეძახიან ხოლმე, უპარტიო ამომრჩევლები აიოვაში ბევრად დიდ ჯგუფს ქმნიან, ვიდრე დემოკრატების ან რესპუბლიკელების პარტია. ისინი, როგორც წესი, შუალედურ არჩევნებზე ბევრად უფრო იშვიათად დადიან, ვიდრე რეგისტრირებული დემოკრატები ან რეგისტრირებული რესპუბლიკელები. აუცილებელია, რომ უფრო ენერგიულად იმუშავო, ხმა მიაწვდინო დამოუკიდებელ ამომრჩევლებს, რადგან სწორედ ისინი წყვეტენ მომავალი არჩევნების ბედს“ - აღნიშნავს პროფესორი ტიმ ჰეიგლი.

მის შეფასებებს არჩევნებისთვის დარეგისტრირებულთა სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. ამჟამად რეგისტრირებული დემოკრატების და რესპუბლიკელების რაოდენობა თითქმის ერთნაირია, ისევე როგორც მათი რჩეული კანდიდატების.

XS
SM
MD
LG