Accessibility links

logo-print
კრეშჩატიკის ქუჩის მხრიდან უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის შტაბამდე რომ მიაღწიო, თავდაპირველად კაზაკების ბარიკადა უნდა გაიარო. აქ ყოველთვისაა ფოტოკორესპონდენტებისა და ცნობისმოყვარეთა ხალხმრავლობა, რადგან ორიგინალური ჩაცმულობისა და გარეგნობის კაზაკებთან სამახსოვრო სურათის გადაღება ძალიან პოპულარულია. უკრაინელ კაზაკთა ბარიკადის დაცვის უფროსი იური კატრიჩი კიევის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქების დროს მსოფლიოს ბევრი წამყვანი ტელეარხის სიუჟეტში მოხვდა. სხვა გასამხედროებულ ორგანიზაციებთან ერთად, კაზაკთა ჯგუფები ევრომაიდანზე მთელი თვეა მორიგეობენ და კიევის მერიის მხარეს მთავარ გასასვლელს იცავენ.

„თითოეულ ბარიკადაზე ინიშნება მორიგე სხვადასხვა ორგანიზაციიდან და სხვადასხვა ოლქიდან, აქ ხომ უკრაინის მრავალი რაიონიდან არიან ჩამოსული კაზაკები. და არა მარტო კაზაკები, აქ მაიდანზე სხვადასხვა პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. და ყველას საკუთარი პასუხსიმგებლობის ზონა აქვს. ყარაულობა მორიგეობით ხდება. გარდა ამისა, აქ არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან, არიან რომლებიც 2-3 დღით ჩამოდიან. მათაც აღვრიცხავთ და ისინიც ღებულობენ მორიგეობაში მონაწილეობას. მერე ისინი მიდიან, სხვები მოდიან. აქ გამუდმებით ხდება ასეთი როტაცია,“ მიხსნის იური კატრიჩი და შემდეგ თავად მიმიძღვება იმ კარვისაკენ, რომელშიც უკვე უკრაინელი ნაციონალისტების, გასამხედროებული დაჯგუფება „უნა“-ს შტაბია განლაგებული.

უკრაინის ეროვნული ასამბლეისა და ვეტერანთა თავდაცვის ასეულის მეთაური, იგორ იურკივი ქართულად მესალმება. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე ქართული სიტყვა მან 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს იწავლა, სადაც უნა-ს წევრები მოხალისეებად იბრძოდნენ ქართული არმიის რიგებში და საკუთარი ქვედანაყოფი „არგოც“ კი ჩამოუყალიბებიათ. უკრაინელი ნაციონალისტების შტაბი ევრომაიდნის ცენტრალურ ტრიბუნასთან ახლოს მდებარეობს და მათ ამოცანას მეტროსადგურ „მაიდან ნეზალეჟნოსტის“ გასასვლელების კონტროლი წარმოადგენს.

უკრაინელ კაზაკთა ბარიკადის დაცვის უფროსი იური კატრიჩი (მარჯვნივ) და იგორ იურკივი, უკრაინის ეროვნული ასამბლეისა და ვეტერანთა თავდაცვის ასეულის მეთაური

უკრაინელ კაზაკთა ბარიკადის დაცვის უფროსი იური კატრიჩი (მარჯვნივ) და იგორ იურკივი, უკრაინის ეროვნული ასამბლეისა და ვეტერანთა თავდაცვის ასეულის მეთაური

„ჩვენი ამოცანა მაიდნის დაცვაში მდგომარეობს მიწისქვეშეთის, ანუ მეტროპოლიტენის მხრიდან. ჩვენ ძირითადად ღამით ვმუშაობთ, როდესაც მეტრო წყვეტს მუშოაბას. ვკეტავთ შესასვლელებს, ჩავდივართ ქვემოთ და ვათავისუფლებთ მეტროს პროვოკატორების, ალკოჰოლიკებისა, პროსტიტუტებისა და ყველა იმ ადამიანებისაგან, რომლებმაც შეიძლება შელახონ ევრომაიდნის იმიჯი,“ ამბობს კატრიჩი.

თავის მხრივ ევრომაიდნელი პროვოკატორებისაგან ცდილობენ დაიცვან თავი ხელისუფლების მომხრე, ასევე უვადო საპროტესტო აქციების მონაწილეებმა, რომელთა ბანაკი, რომელსაც „ანტიმაიდანი“ ეწოდება, თავისუფლების მოედნიდან 300-400 მეტრის დაშორებით, მარიამის სკვერში მდებარეობს.

უკრაინის შინაგანი ჯარი

უკრაინის შინაგანი ჯარი

ანტიმაიდანს ევრომაიდნისაგან საგულდაგულოდ იცავს უკრიანის შინაგანი ჯარი, ხელისუფლების მომხრეთა მთავარ ტრიბუნას კი უკრაინის საერთო საჯარისო კავშირის წარმომადგენლეთაგან დაკომპლექტებული გუშაგები იცავენ. მათ ერთ-ერთ ლიდერთან, დენის ზანიევიჩთან ინტრევიუ სწორედ იმ დროს ჩავწერეთ, როდესაც იგი ახალი ნაკადის დაბინავებით იყო დაკავებული. თქვენ გეძახიან „ტიტუშკებს“? - პირდაპირ ვკითხე დენის ზანიევიჩს.

„საერთოდ არ ვიცი ვისზეა ლაპარაკი და საიდან გაჩნდა ეს სიტყვა „ტიტუშკები“. ეს „ტიტუშკები“ თითქოს დაქირავებული მოჭიდავეები უნდა იყვნენ, მაგრამ ასეთი ადამიანები ჩვენში არ იმყოფებიან. ჩვენთან ხალხი დგას საკუთარი იდეით და საკუთარ არჩევანს იცავს. აქ პერიმეტრზე დგანან ადამიანები, მათ მოხალისეებიდან ირჩევენ, რათა არ მოხდეს პროვოკაცია. რადგან ჩვენთან ძალიან ბევრი პროვოკაცია ხდება. მორბიან ოპოზიციონერები, რაღაცებს ყვირიან, ცდილობენ ხალხის პროვოცირებას და აყალ-მაყალის მოწყობას, იარლიყებს გვაკრავენ. ჩვენ მათ არ ვუშლით. კი, ბატონო გამოთქვან აზრი. მთავარია, ხალხი მწყობრიდან არ გამოიყვანონ და ჩვენ ხელი არ შეგვიშალონ.“

ანტიმაიდნის მთავარ ტრიბუნასთან - ისევე, როგორც ცოტა ქვემოთ, ევრომაიდანზე - დამონტაჟებულა დიდი სცენა, რომელზეც სხვადასხვა მუსიკალური კლიპის გარდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების მხარდამჭერებს ლამის ყოველ ნახევარ საათში ერთხელ აჩვენებენ 1 დეკემბრის ღამით ბანკოვაიას ქუჩაზე მომხდარი შეტაკებების ამსახველ კადრებს.

ევრომაიდნის დამცველები მავრთულხლართებს აგებენ

ევრომაიდნის დამცველები მავრთულხლართებს აგებენ

ეს კადრები ისეთნაირად არის დამონტაჟებული, რომ იქმნება შთაბეჭიდლება, რომ ქვებით, ხელჯოხებითა და ბულდოზერებით შეიარაღებული აგრესიუალი ბრბო თავს ესხმის პოლიციისა და „ბერკუტის“ სპეცდანიშნულების ძალებს, რომლებიც მხოლოდ თავს იცავენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კადრები პროპაგანდისტული მიზნებით დამონტაჟდა და მათი ჩვენება ხელისუფლების მომხრეებში აგრესიის გაღვივებას ემსახურება. პრეზიდენტ იანუკოვიჩის მომხრე ორგანიზაცია უკრაინის საერთო საჯარისო კავშირის ერთ-ერთი ლიდერი დენის ზანიევიჩი ამბობს, რომ ის, რაც მაიდანზე ხდება, მიუღებელია და არაფერი აქვს საერთო ევროპულ არჩევანთან.

„ახლა ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვიერთდება იმათი რიგებიდან, ვინც ადრე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. უბრალოდ, როდესაც ისინი ხედავენ, თუ რა ხდება მაიდანზე, ხალხს მოთმინება ეწურება, მათ ეს ბეზრდებათ და ახლა ისინი ჩვენთან მოდიან და გვიერთდებიან. ხალხს მშვიდი ცხოვრება და მუშაობა სურს. მათ არ სურთ, რომ ხელს უშლიდნენ. ხალხს მობეზრდა ეს ნაგავი კიევის ცენტრში და ეს ‘ბარდაგი’,“ ამბობს დენის ზანიევიჩი და მიიჩნევს, რომ ევრომაიდანზე ძირითადად იმყოფება დასავლეთ უკრაინიდან ჩამოსული ხალხი, რომლებსაც აჭმევენ და ფულს უხდიან.
თუმცა ანალოგიური ბრალდებები მოწინააღმდეგ ბანაკიდანაც ისმის.
ფულზე და ცხელ კერძზე გაყიდულებად ევრომაიდნის ბინადრები თავის მხრივ სწორედ მარიამის სკვერში დაბანაკებულ ხელისუფლების მომხრეებს მიიჩნევენ. და ამ ორ ბანაკს შორის იმდენად დიდია გაუცხოვება და იმდენად ღრმაა უფსკრული, რომ ახალი წლისა და შობის დღესასწაულების წინა დღეებშიც კი აქ მოსალოდნელ პროვოკაციებსა და სამოქალაქო ომის საფრთხეზე უფრო მეტად საუბრობენ, ვიდრე საერთო ენის გამონახვასა და სამოქალაქო თანხმობაზე.
ამის ნათელი დადასტურებაა მავთულხლართები, რომლებიც ბარიკადების გასამაგრებლად და მოსალოდნელი პროვოკაციის თავიდან ასარიდებლად ამ დღეებში ევრომაიდნის იმ მხარეს აღმართეს უკრაინის რევოლუციის გუშაგებმა, საიდანაც ანტიმაიდნამდე სულ რამდენიმე ნაბიჯია.
XS
SM
MD
LG