Accessibility links

logo-print

ვალის მცხოვრებლები ქალაქის გაზიფიცირებას მოითხოვენ. ადგილობრივების თქმით, მილების დაქსელვის პროცესი სამი წლის წინ დაიწყო, თუმცა გაზით ამ დრომდე ვერ სარგებლობენ. დასახლებაში ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის შეყვანის თაობაზე დაპირებას ყოველწლიურად იღებენ.

უყურადღებობისა და გამოუყენებლობის გამო, დასახლებაში გაყვანილი გაზის ცენტრალური და შიდა მილები უკვე დაზიანებულია. ამის მიზეზად მოსახლეობა მილების საავტომობილო გზასთან სიახლოვეს ასახელებს. ამბობენ, რომ თუკი აირს ქსელში გაუშვებენ, იგი შესაძლოა ადგილობრივებისათვის სახიფათო აღმოჩნდეს.

ახალციხეში არსებულ გაზის კომპანია ,,ინტერგაზში“ ამბობენ, რომ 2012 წელს ვალეში მათ მხოლოდ ბუნებრივი აირის მილები დაუმონტაჟეს, ქალაქის გაზმომარაგებაზე პასუხისმგებელი კი "სოკარ-ჯორჯია გაზია“. მისი წარმომადგენელი მედიასთან საუბრისას განმარტავს, რომ ვალეს მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შესაძლებელია და დასახლებაში ტექნიკური პრობლემა არ არსებობს. კითხვაზე, თუ რატომ არ მიეწოდებათ ადგილობრივებს ამ დრომდე ბუნებრივი აირი, გოჩა შანიძეს პასუხი არა აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ გაზიფიცირებისთვის მცხოვრებლებმა ახალციხის სერვისცენტრს განცხადებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც გაზს ოჯახში 400 ლარად შეიყვანენ.

"სოკარ-ჯორჯია გაზის“ ცენტრალურ ოფისში განმარტავენ, რომ 2012 წელს ვალეში გაზიფიცირების მხოლოდ პირველი ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გაზის ცენტრალური მილები დამონტაჟდა, 2015 წლის ივლისის თვეში კი მთელი ქალაქი დაიქსელა და ამ ეტაპზე მისი შემოწმება მიმდინარეობს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ბუნებრივ აირს მოსახლეობა მომავალი წლიდან მიიღებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG