Accessibility links

logo-print

როგორც დაგპირდით, დღევანდელ სიუჟეტში ამერიკელი იმპრესარიოსა და პროდიუსერის, ნორმან გრანცის შესახებ გავაგრძელებ საუბარს. მის პროდიუსერულ გემოვნებაზე, სპონტანური საშემსრულებლო ხელოვნების ქომაგი რომ იყო, უკვე მოგახსენეთ. ახლა კი მისი ზნე-ხასიათის კიდევ ერთ მხარეზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ნორმან გრანცის პიროვნებაზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად. მას თამამად შეიძლება შავკანიანთა უფლებებისათვის მებრძოლი აქტივისტიც ვუწოდოთ. ღრმად სწამდა, რომ ამერიკული კულტურა და, განსაკურებით, ჯაზური ხელოვნება თავისუფლებისა და რასებს შორის თანასწორობის იდეის გამარჯვების გარეშე ვერ განვითარდებოდა. დიახ, ნორმან გრანცი ერთ-ერთი პირველი ბრძანდებოდა, რომელმაც 40-იანი წლების მუსიკალურ ინდუსტრიაში გაბატონებულ რასისტულ თუ ანტისემიტურ განწყობებს ღია ბრძოლა გამოუცხადა. შავ და თეთრ არტისტებს თანაბარ ჰონორარებს უხდიდა, რაც იმხანად გაუგონარ სითავხედედ აღიქმებოდა, ხოლო გასტროლებისას მასპინძელი საკონცერტო დარბაზების, რესტორნებისა თუ სასტუმროების ადმინისტრაციისგან მკაცრად ითხოვდა ნებისმიერი სეგრეგაციული გამოხდომის აღკვეთას. თუ ხსენებული პირობა არ სრულდებოდა, დაგეგმილ კონცერტებს აუქმებდა და სულაც არ ანაღვლებდა, რომ პროტესტის ამგვარი ფორმა დიდ ფინანსურ ზარალს მოიტანდა. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 1947 წელს მოხდა, როცა სამხრეთულ შტატებში მასშტაბური გასტროლებისას რამდენიმე საკონცერტო დარბაზმა უარი უთხრა „მხოლოდ ფერადებისთვის“ განკუთვნილი სექტორის გაუქმებაზე. როგორც თავად ნორმან გრანცი იხსენებდა, კონცერტების გაუქმებით იმხანად კოლოსალური რაოდენობის თანხა - 100 ათასი დოლარი - დაკარგა.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ნორმან გრანცი პირველი ოფიციალურად აღიარებული მილიონერი პროდიუსერი გახლდათ ჯაზურ სამყაროში. საკონცერტო-საგასტროლო საქმიანობის გარდა, მან ხმის ჩამწერ ინდუსტრიასაც მარტივად აუღო ალღო. სიცოცხლის მანძილზე 5 ლეიბლი დააარსა, რომელთაგან ყველაზე წარმატებული „Verve“ და „Pablo“ გამოდგა. ამ ორი სტუდიის კედლებში ისეთი არტისტები ირჯებოდნენ, როგორებიც იყვნენ: ქაუნთ ბეისი, ლუი არმსტრონგი, დიუკ ელინგტონი, დიზი გილესპი, ბილი ჰოლიდეი, ჩარლი პარკერი, ოსკარ პიტერსონი, ლესტერ იანგი, ბად პაუელი, ბენ ვებსტერი და სხვები. გრანცმა მუსიკოსთა მთელი თაობები მსმენელთა ფართო მასებს გააცნო და ვარსკვლავებად აქცია. განსაკუთრებით კი ელა ფიცჯერალდს უპატრონა, მისი პირადი მენეჯერი გახდა და ლეგენდარული ალბომების სერია „Songbooks“ გამოაცემინა, სადაც კლასიკოსი კომპოზიტორების ჰიტები ამღერა. თუ 30-იან წლებში „ჯაზის დედოფალი“ ბიგ-ბენდების ვოკალისტი იყო, შემდეგი ორი ათწლეულის მანძილზე „ჯაზის ისტორიაში საუკეთესო და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალის“ სტატუსი მოაპოვებინა: ელას ჰონორარი იმ დროისათვის წარმოუდგენელ თანხას - კვირაში, 5 ათას დოლარს - შეადგენდა.

70-იან წლებში ნორმან გრანცი მცირე ხნით ჩამოშორდა მუსიკალურ ბიზნესს და მხატვრული ტილოების კოლექციონერობას მიჰყო ხელი. პაბლო პიკასოს ნამუშევრებზე ნადირობამ კი იმდენად გაიტაცა, რომ ესპანელის პატივსაცემად საკუთარ ახალ ლეიბლს „პაბლო“ დაარქვა. 2 ათწლეულის მანძილზე ამ ხმის ჩამწერ სტუდიაში 300 დასახელების სტუდიური თუ საკონცერტო ჩანაწერი გამოსცა, სადაც აქცენტს კვლავ ჯემ-სეიშენსა და სპონტანურ საშემსრულებლო ფორმატზე აკეთებდა.

ნორმან გრანცი მუსიკალური ბიზნესიდან საბოლოოდ 1987 წელს წავიდა. 7 წლის თავზე კი „ამერიკის ხელოვნებისა და ხმის ჩამწერი მეცნიერების ნაციონალურმა აკადემიამ“ ის „გრემის“ პრემიაზე წარადგინა ხმის ჩამწერი ინდუსტრიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის. თუმცა პროდიუსერმა და იმპრესარიომ - ცოტა დაგაგვიანდათო და - ჯილდოზე უარი განაცხადა. გრანცი 2001 წელს გარდაიცვალა ჟენევაში 83 წლის ასაკში.

XS
SM
MD
LG