Accessibility links

logo-print

ცნობილი და გამოკვლეული ამბავია, რომ კინოს გაჩენამ ლიტერატურა შეცვალა. მწერლებმა თავიანთ ტექსტებში უფრო მეტად დაიწყეს მონტაჟის და სხვა კინემატოგრაფიული წესების გამოყენება - ზოგმა ცნობიერად, ზოგმა არაცნობიერად. თხრობა უფრო დინამიური და ვიზუალური გახდა. საერთოდ, ლიტერატურა მერეც გაყვა, აითვისა და თავისთვის გამოიყენა ვიზუალური ხელოვნების ფორმები. მაგალითისათვის, კლიპების ესთეტიკაც შემოვიდა მხატვრულ ტექსტებში. თუმცა ერთია, როცა მწერალი თავის სამუშაო იარაღად იყენებს ყოველივე ამას, და მეორეა, როცა კინორეჟისორი იწყებს არა სცენარის, არამედ რომანის წერას. რა ხდება მაშინ? ახერხებს კინორეჟისორი, გაერიდოს სცენარის ესთეტიკას თუ ვერა? იქნებ იგი კინოენას ლიტერატურისთვის სულ სხვანაირად ამუშავებს და მხატვრულ ტექსტს ამითი ორიგინალურ სახეს სძენს? ერთი სიტყვით, კინოგამოცდილება მხატვრული ტექსტის წერისას დადებით მოვლენად გარდაიქმნება თუ უარყოფითად? ალბათ ზოგთან ისე და ზოგთან ასე, მთელი ეს შესავალი კი იმიტომ დაგვჭირდა, რომ ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანი „მსხლების მინდორი“, რომლის ფილმი „გრძელი,ნათელი დღეები“ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა აქვე მინდა დავაზუსტო, რომ ნანამ ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს დაბეჭდა რამდენიმე მოთხრობა ჟურნალ „არილში“ და კინოს სწავლა და გადაღება მერე დაიწყო. ანუ, მწერლური ინტერესები მასში შეიძლება პირველადიც კი იყო. „მსხლების მინდორი“ წელს დაბეჭდა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ და იგი თბილისის ერთი ინტერნატის ცხოვრებას აღწერს. როდესაც რაღაც გაგებით ასეთ დახურულ და რთულ სივრცეს აღწერს ადამიანი, ყოველთვის ჩნდება კითხვა, თუ რამდენად ჰქონდა ავტორს შეხება მასთან, რეალური გამოცდილების ნაყოფია ეს თუ პირწმინდად მწერლური ფანტაზიის. სწორედ ამიტომ ჩავთვალე, რომ თავად ავტორის მოწვევა ამ შემთხვევაში ფრიად საინტერესო იქნებოდა.

ნანა ექვთიმიშვილი

ნანა ექვთიმიშვილი

ნანა ექვთიმიშვილი: „ბავშვობაში გავიზარდე ინტერნატის გვერდით, ძალიან ახლო შეხება მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ არ შეიძლებოდა და მეზობლებიც შეიძლება ნერვიულობდნენ, რატომ თამაშობს ეს ბავშვი იქ, ან რატომ გადმოდიან ეს ბავშვები აქეთ და მერე, თინეიჯერობის ასაკში რამდენიმე მეგობართან და ჩემს დასთან ერთად ფილმის გადაღებაც კი დავაპირე, დოკუმენტურის, მაგრამ იყო 90-იანი წლები, ძალიან ბევრი მასალა დაგვიგროვდა, რამდენიმე ბავშვთა სახლი თბილისში მოვიარეთ და ძალიან საფუძვლიანად ვაპირებდით ფილმის გაკეთებას, ფილმი საბოლოოდ ვერ გავაკეთეთ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც პატარები ვიყავით და ვერ მოვერიეთ იმ ყველაფერს, რა წინააღმდეგობებიც დაგვხვდა იქ, მაგრამ მახსოვს ყველაფერი, რასაც გვიყვებოდნენ ბავშვები მაშინ, და ახლა რომ ვფიქრობ, არც მგონია სიმართლე დღევანდელი გადმოსახედიდან. მიკვირს, როგორ ვუსმენდი ამას მშვიდად მაშინ, ან როგორი თანაცხოვრება იყო ძალადობასთან, როცა შენს გვერდით ასეთირაღაცეები ხდებოდა. ასეთ ბავშვებს არავინ არაფერს არ უჯერებდა და გინდ უთქვამთ, რომ რაღაც ამდაგვარი შეემთხვათ, ძალადობა ან გაუპატიურება, გინდ ბალი მოუპარიათ გვერდით ეზოში, ამას შორის იმ დროსარ იყო დიდი განსხვავება და არავინ არ აქცევდა ყურადღებას. ახლა მიკვირს, და არ ვიცი, რომ ვფიქრობ, უბრალოდ ეს ყველაფერი რომ ვიცოდი, იმ საერთო ძალადობის ფონზე ხალხი მაინც რაღაცნაირად ეგუებოდა და ეს არ იყო თითქოს რაღაც დიდი ტრაგედია.“

რომანის მთავარი გმირი თვრამეტი წლის ლელაა, რომლის ირგვლივაც ტრიალებს ყველა პერსონაჟი: ინტერნატის ახლანდელი თუ ყოფილი მოსწავლეები, მასწავლებლები, მეზობელ კორპუსებში მცხოვრები ადამიანები... ეს ბზრიალ-ტრიალი თავბრუდამხვევ ტემპში ვითარდება.პერსონაჟები სულ მოძრაობენ, ერთმანეთს ეხლებიან, შორდებიან, მერე ისევ იკვეთებიან. და მათი რიცხვიც ლეგიონია. მე, მაგალითად, რომანის ექსპოზიციამ ცოტა არ იყოს დამაბნია, რადგან პირველივე გვერდებზე ძალიან ბევრი პერსონაჟი „შემოიყარა“, რომლებიც შემდგომში მხოლოდ სახელებით ფიქსირდებოდნენ და მათი იდენტიფიკაცია უკვე მიჭირდა, ამიტომ თავიდან დავიწყე რომანის გულდასმით კითხვა და პერსონაჟებში გარკვევა. თუმცა, მათ შორის საბოლოო ჯამში საკმაოდ ბევრი „ერთჯერადიც“აღმოჩნდა, რომგაკრთა და მერე აღარ გამოჩენილა. პერსონაჟების განცდებსა და სულიერ მდგომარეობაშიგარკვევა მხოლოდ მათი ქმედებებით შეიძლება მოხდეს. ტექსტში მხოლოდ ერთი ადამიანი ფიქრობს, ლელა, და ისიც ხანდახან, ძირითადად ისიც მოძრაობაშია.მთლიანობაში, თუკი ზემოთ დასმულ კითხვას დავუბრუნდებით, შეიძლება ითქვას, რომ „მსხლების მინდორი“ კინორეჟისორის თვალით დაწერილი რომანია. ნანა ექვთიმიშვილი აღწერს მოქმედებებს და აფიქსირებს დიალოგებს, უყურადღებოდ არ ტოვებს რომანის კადრში მოხვედრილ მეორეხარისხოვან პერსონაჟებსაც. ვიცი, რომ ეს რომანი უკვე ბევრს მოეწონა და ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყო, რომ სიმდორით გაჟღენთილი ქართული ტექსტებით თავმობეზრებული მკითხველი სწორედ ამ დინამიკამ ჩაითრია. პირადად ჩემთვის ეს დინამიკა თავისი მოკლე ფრაზებით, შეზღუდული ლექსიკური ფონდით, ერთი გრამატიკული წყობითა და ინტონაციით თანდათანობით მონოტონურობაში გადავიდა. დამაინტერესა, რამდენად გააზრებულად აირჩია ავტორმა თხრობის ეს ფორმა, და რაკი რომანი ასეთი თვალსაჩინოებითაა დაწერილი, იყო თუ არა ჩადებული ავტორში თავიდანვე სურვილი, რომ ეს რომანი სამომავლოდ ფილმად იქცეს?

ნანა ექვთიმიშვილი: „გააზრებულად იყო ეს არჩეული, რომ მინდოდა, რომ ყოფილიყო აწმყო დრო. აი, ახლა ხდება, ახლა მიდის, ახლა მოდის, ახლა მოძრაობს, ახლა იღებს - რაღაცნაირად ავირჩიე ეს გზა, თუ შეიძლება ითქვას, ეს ხაზი...

სცენარად არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ წერის მანერაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, იმიტომ რომ ეს ჩემი პირველი წიგნია, რომელიც გამოიცა და მანამდე რასაც ვწერდი, რომელიც არ გამოცემულა და რაღაც მოთხრობები დაგროვდა, იქაც მესმოდა, მაშინ როცა კინოსთან არ მქონდა შეხება, ვინც კითხულობდა, ამბობდა, რომ ვიზუალურია და კინოს ჰგავს და... შეიძლება იმიტომ, რომ ვხედავ და მერე ხდება იმ დანახულის ჩაწერა და ეს ჩემმა კინოგამოცდილებამ კიდევ უფრო გაამყარა, მაგრამ სცენარად არ იყო ნამდვილად ჩაფიქრებული, და მე არა მაქვს ამის სურვილი, რომ ეს ფილმად იქცეს. ამ შემთხვევაში ამ ტექსტის წარმოსახვა ჩემთვის საკმარისია, რომ დასრულდეს ეს ნაწარმოები და აღარ იყოს ჩემთვის საჭირო, რომ ეს ეკრანზე გამოჩნდეს ვიზუალურად.“

მე არ ვიცი, რამდენი შეუძლია ამ წიგნს გარდა იმისა, რომ დააფიქროს უბრალოდ და კიდევ ერთხელ ყველამ კითხვა დასვას, რა არის ახლა, რა მოხდა წარსულში, გაანალიზება მოხდეს, ამისთვისაც ალბათ კარგი იქნება, იმიტომ რომ ის ბავშვები, რომლმაც ეს ინტერნატი დაამთავრეს ან გაიქცნენ იქიდან, მე დღესაც ვხედავ მათ ქუჩაში...

ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ რომანის ესთეტიკაზე, შესრულების მანერაზე, არადა ძალიან მნიშვნელოვანია თემა, რომელიც მეტად მძიმეა და აქტუალურია. ინტერნატელთა ყოფის რეალისტურად აღწერასთან ერთად ნანა ექვთიმიშვილი ცდილობს ყოველივე ამას თავისი სიმბოლიკა მოუძებნოს. ამას წარმოადგენს მსხლების მინდორი, ცოდვის მინდორი თავისი ცოდვის ხეებით, სადაც ინტერნატელები ერთმანეთს აუპატიურებენ, რომელიც გარეგნულად ლამაზად ჩანს, მაგრამ იქ თუ ფეხს შედგამ, ფეხები ნელ-ნელა ჭაობში გეფლობა, სადაც მსხლის ნაყოფიც კი გაწყალებული და უგემურია.წიგნის მთავარი გმირიც, ლელაც, გაუპატიურების მსხვერპლია, ოღონდ არა თანაინტერნატელებისაგან, არამედ ინტერნატის მასწავლებლისგან და მთელი რომანის განმავლობაში იგი მის მოკვლაზე ფიქრობს. როცა ვკითხულობდი, ყოველივე ეს ცოტა არადამაჯერებელი მეჩვენებოდა, მაგრამ როგორც ნანამ უკვე გვითხრა, ეს იმ შემზარავი რეალობის ნაწილია, რომელსაც იგი ბავშვობაში ბედისწერამ გადაჰყარა. ის, რომ წიგნი ამ გამოცდილებიდანაა დაწერილი, ცხადია, მას მეტ ძალას სძენს და ამიტომ სასურველიცაა, თუ ამ ფაქტორს ჩვენი საზოგადოება მაქსიმალურად გამოიყენებს.

ნანა ექვთიმიშვილი: "მე არ ვიცი, რამდენი შეუძლია ამ წიგნს გარდა იმისა, რომ დააფიქროს უბრალოდ და კიდევ ერთხელ ყველამ კითხვა დასვას, რა არის ახლა, რა მოხდა წარსულში, გაანალიზება მოხდეს, ამისთვისაც ალბათ კარგი იქნება, იმიტომ რომ ის ბავშვები, რომლმაც ეს ინტერნატი დაამთავრეს ან გაიქცნენ იქიდან, მე დღესაც ვხედავ მათ ქუჩაში, ან როგორ მათხოვრობენ, მახსოვს რამდენიმე სახე, რომელსაც ასე ვხვდები, ძალადობა ხომ უკვირს მერე ადამიანს - რატომ ხდება ეს, რატომ ხდება ის - და ალბათ ყველა ადამიანმა, ვისი პასუხისმგებლობაც არის ეს პირველ რიგში, უკან უნდა გაიხედოს და გააანალიზოს, რა წვლილი მიუძღვის ამ ადამიანების ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ ისინი ციდან არ მოდიან და ყველას აქვს რაღაც თავისი ისტორია."

მთლიანობაში, წიგნი ბევრი თვალსაზრისით საყურადღებოა, მაგრამ თავისი ნაკლოვანებებიც ახლავს, რაც სადებიუტო რომანისთვის ფრიად ბუნებრივია. მოვიცადოთ და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ნანა ექვთიმიშვილის ორად გაყოფილი შემოქმედებითი გზა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG