Accessibility links

იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინიტროსა და ასევე პროკურატურის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკების გასაღებასა და შეძენა-შენახვაზე ერთმანეთისგან გაიმიჯნება და, შესაბამისად, გადაიხედება სასჯელის ზომებიც. კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში და მისი განხილვა მიმდინარე კვირაში იგეგმება. ამ მოთხოვნის შესახებ წლებია ლაპარაკობენ ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. როგორ აფასებენ ისინი მთავრობის ამ ინიციატივას?

ბექა წიქარიშვილი თითქმის წელიწად-ნახევარია ელის განაჩენს იმის შესახებ, მოუწევს თუ არა გაატაროს ციხეში მომდევნო რამდენიმე წელი. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მისი სასჯელი შესაძლოა 10 წელსაც კი გადასცდეს. ის, მარიხუანის მოხმარებისა და შენახვის ბრალდებით, 2013 წლის ზაფხულში დააკავეს. ციხიდან 18 დღის შემდეგ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ბექას დაკავებას და მის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესებს საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. „ბექა კრიმინალი არ არის“ - აქციები ამ გზავნილით 2014 წლის მაისში დაიწყო. ბექამ 20 აპრილს შეიტყო, რომ სისხლის სამართლის კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკების გასაღებასა და შეძენა-შენახვაზე ერთმანეთისგან გაიმიჯნება.

„სავარაუდოდ, ახალი სასჯელები დაწესდება და, ალბათ, ახალი რეგულაციების მიხედვით მოუწევთ ჩემი დასჯა. თუ გასაღება იმიჯნება შენახვა-შეძენისგან, ეს ძალიან კარგია. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაც სწორედ ეს იყო. ძალიან დიდი შეღავათია ეს. თუკი აქამდე შეძენა-შენახვაც 11 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა, ახალი ნორმის მიხედვით, სასჯელი 6 წლამდე ჩამოდის“, - ამბობს ბექა წიქარიშვილი.

თუკი აქამდე პირი ყველაფრისთვის შეიძლებოდა დასჯილიყო 11 წლამდე, ახლა ახალი ნორმა ამბობს, რომ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა-გადაგზავნისთვის პირს შეიძლება შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 წლამდე, მაგრამ გასაღებისთვის - 6-დან 11 წლამდე...

კანონპროექტი, რომელიც იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და ასევე პროკურატურის ინიციატივით შეიქმნა, უკვე პარლამენტშია წარდგენილი და მისი განხილვა მიმდინარე კვირაში იგეგმება. საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის მოქმედი ნორმაც მიუთითებს, რომ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 11 წლამდე. ანუ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა გათანაბრებულია მის გასაღებასთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ამ ჩამონათვალს ნარკოტიკული საშუალებების გასაღება უნდა გამოეყოს:

„თუკი აქამდე პირი ყველაფრისთვის შეიძლებოდა დასჯილიყო 11 წლამდე, ახლა ახალი ნორმა ამბობს, რომ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა-გადაგზავნისთვის პირს შეიძლება შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 წლამდე, მაგრამ გასაღებისთვის - 6-დან 11 წლამდე. გასაღება ყველაზე საშიშია და მასთან არ უნდა იყოს გათანაბრებული შედარებით ნაკლები საშიშროებები“.

ჩვენი კანონმდებლობა იმგვარად იყო მოწყობილი, რომ ნებისმიერი პიროვნება, ვისაც შესაძლებელია რაღაც დოზით თუნდაც პირადი მოხმარებისთვის ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, შესაძლებელი იყო მის მიმართ პასუხისმგებლობა დამდგარიყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით...

საქართველოს ნარკოპოლიტიკის შეცვლა და სადამსჯელო ღონისძიებებიდან სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებებზე გადასვლა - ეს არის მოთხოვნა, რომელზეც წლებია ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ნარკოლოგები ლაპარაკობენ. როგორც ისინი ამბობენ, თანხა, რომელიც ნარკომომხმარებლების საპატიმროებში შენახვას ხმარდება, უმჯობესია მოხმარდეს მათ მკურნალობასა და რეაბილიტაციას. ამ მოსაზრებას იზიარებს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ხელმძღვანელი კახა კვაშილავა. მისი თქმით, თუკი დღეს სახელმწიფო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რაიმე ფორმით მოხდეს კანონმდებლობის შემსუბუქება, ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად:

„ჩვენი კანონმდებლობა იმგვარად იყო მოწყობილი, რომ ნებისმიერი პიროვნება, ვისაც შესაძლებელია რაღაც დოზით თუნდაც პირადი მოხმარებისთვის ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, შესაძლებელი იყო მის მიმართ პასუხისმგებლობა დამდგარიყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რადგან არის ძალიან ბევრი ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ ნივთიერებებისთვის არ არის დადგენილი მცირე ოდენობები. ამიტომ, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში, პირი პასუხისგებაში მიეცემოდა 260-ე მუხლით“.

როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, გადაწყვეტილება, პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას შეძენა-შენახვისა თუ გასაღების ბრალდებით, მიიღება თითოეული საქმის კონკრეტული გარემოებებისა და მტკიცებულებების შესაბამისად, რომელთა არსებობის ან არარსებობის საკითხს სასამართლო დაადგენს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG