Accessibility links

logo-print

საქართველო ნატოს ავღანეთიდან ტვირთების ტრანზიტს სთავაზობს


მაია ფანჯიკიძე, ანდერს ფოგ რასმუსენ. ბრიუსელი, 2012 წლის 5 დეკემბერი

მაია ფანჯიკიძე, ანდერს ფოგ რასმუსენ. ბრიუსელი, 2012 წლის 5 დეკემბერი

საქართველო იმედოვნებს, რომ ჩაერთვება ავღანეთიდან ნატოს სამშვიდობო მისიის ტვირთების უკუტრანზიტის პროცესში და ეს წინადადება კიდევ ერთხელ წამოაყენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში სამშაბათს გამართული მინისტერიალის ფარგლებში. ინიციატივა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებას უკავშირდება. რამდენად პერსპექტიული და სასარგებლოა ეს შეთავაზება საქართველოსთვის?

”როცა ჩვენი საბრძოლო მისია დასრულდება 2014 წლის ბოლოს, საერთაშორისო თანამეგობრობა არსად წავა. ჩიკაგოში ჩვენ შევთანხმდით, რომ დავეხმარებით ავღანეთის უშიშროების ძალებს ფინანსურად და ასევე 2014 წლის შემდეგ ამოქმედდება ნატოს ახალი მისია - წვრთნების, რჩევებისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად”, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 23 აპრილს მისასალმებელ სიტყვაში ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

პოსტ ISAF-ის ეპოქისთვის უკვე კარგა ხანია ემზადება საქართველოც, რომელსაც ნატოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბოლო (22 აპრილის) ინფორმაციით, 1561 სამხედრო ჰყავს წარგზავნილი ავღანეთში და პირველი კონტრიბუტორია ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის.

23 აპრილს, როცა ბრიუსელში გამართული მინისტერიალის მონაწილეებს მიმართავდა სიტყვით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სრულ მზადყოფნას საბრძოლო მისიის დასრულების შემდეგაც იაქტიუროს ნატოსთან ერთად. ამ მხრივ, საგანგებოდ ესმება ხაზი სატრანზიტო წინადადებას:

”საქართველო სთავაზობს ნატოს ავღანეთიდან ჯარისკაცებისა და ტვირთის გადმოზიდვის უმოკლეს გზას, რომელიც ამ წლის ბოლოსთვის უკვე იქნება მზად. ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი ჩემს გამოსვლაში ISAF-ის შეხვედრაზე”.
ნატოსთვის პრიორიტეტულია დივერსიფიცირებული გზები ავღანური ტვირთებისთვის და საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია გაატაროს ეს ტვირთები...

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს ნატო ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით, თუმცა ექსპერტების ნაწილისთვის ასეთი პერსპექტივა საკმაოდ იმედისმომცემია და მათ შორის არის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის სამოქალაქო საბჭოს“ გამგეობის წევრი თეონა აქუბარდია. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველომ ეს მნიშვნელოვანი შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს:

”ნატოსთვის პრიორიტეტულია დივერსიფიცირებული გზები ავღანური ტვირთებისთვის და საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია გაატაროს ეს ტვირთები. შესაბამისი მოგება დარჩება ქვეყანას და, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ, როგორც პარტნიორი ქვეყანა ავღანეთის საშვიდობო მისიაში, საქართველო დაფიქსირდება ასევე იმ კუთხით, რომ მონაწილეობს სატრანზიტო გადაზიდვების პროცესში და, ამასთან ერთად, შემდგომ პერსპექტივა აქვს, რომ, თუ გაფორმდება შეთანხმება, ეს ყველაფერი გამოყენებულ იქნეს სხვა ეკონომიკური მიზნებისთვის”.

თეონა აქუბარდია შეგვახსენებს, რომ ნატოს ავღანური ტვირთების გადაზიდვის პროცესში ჩართვას აქტიურად ცდილობდა საქართველოს ძველი ხელისუფლებაც, თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგის თვალსაზრისით, ტვირთების ტრანზიტის საკითხმა ქვეყნისთვის სასურველი სახე ვერ მიიღო. სამხედრო ანალიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი თავდგირიძე ვარაუდობს, რომ ნატო ამჯერად მაინც აუცილებლად გამოიყენებს საქართველოს შეთავაზებას, რადგანაც ავღანეთში წლების მანძილზე დაგროვილი უზარმაზარი მასშტაბის ტვირთის უკუტრანზიტს არაერთი გზა ესაჭიროება და, ამასთან, სარკინიგზო გადაზიდვა, საჰაეროსთან შედარებით, გაცილებით იაფი ჯდება. გიორგი თავდგირიძე ყურადღებას ამახვილებს მედიაში გავრცელებულ ვარაუდზე, რომ ტვირთის ნაწილმა შესაძლოა საქართველოშიც დაიდოს ბინა, იქნება ეს, მაგალითად, საგზაო ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები თუ სხვადასხვა სახის ლოგისტიკური ინვენტარი. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პროცესში ჩართვა საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს:

გიორგი თავდგირიძე

გიორგი თავდგირიძე

”ამ ტვირთს, გარდა იმის, რომ სამოქალაქო მომსახურება სჭირდება, მას ასევე სჭირდება გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები და, შესაბამისად, ზეწოლა ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც დაემუქრება საქართველოს უსაფრთხოებას, იქნება გაცილებით დიდი, თუკი ეს ტვირთები აქ განთავსდება”.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომელსაც ყარსი-ახალქალაქის სახელითაც მოიხსენიებენ, და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თემა ასევე ერთ-ერთ მთავარ აქცენტს წარმოადგენდა18 მარტს, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ბაქოში ვიზიტის დროს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მინისტრმა თქვა, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი ”დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ასევე ჩვენს ნატოელ პარტნიორებს გამოადგებათ და აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი კიდევ უფრო მეტად ინტეგრირებული გახდება ამ სივრცეში“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG