Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: ევროკავშირის „რბილი ძალა“ საერთოდ არ წარმოადგენს ძალას


ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ფიქრობს, რომ სამხედრო ძალით მხარდაჭერილი თუ არ იქნება, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას სათანადო დამაჯერებლობა მოაკლდება.

„ჩვენ, ევროპელებმა, უნდა გავიაზროთ, რომ მხოლოდ „რბილი ძალა“ საერთოდ არ წარმოადგენს ძალას. დიპლომატია „მაგარ ძალას“ თუ არ დაეფუძნა, ევროპას მოაკლდება დამაჯერებლობა და გავლენა“, - უთხრა რასმუსენმა ევროპელ პარლამენტარებს 6 მაისს, ორშაბათს, როცა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოვიდა სიტყვით. მისი გამოსვლის ანალიზს ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული საინტერნეტო გამოცემა EU Observer-ი გვთავაზობს.

„თუკი ევროპის ქვეყნები მტკიცედ არ უერთგულებენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ინვესტირების პროცესს, მაშინ გაძლიერებული ევროპული თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ მთელი ეს საუბრები მხოლოდ საუბრებად დარჩებაო“, - დასძინა მან.

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 21 ნატოს წევრიც არის.
რასმუსენის შეფასებით, ეს ქვეყნები განიცდიან „სატრანსპორტო თვითმფრინავების, მათი ჰაერში გამართვისა და დაზვერვის, დაკვირვებისა და რეკოგნოსცირების შესაძლებლობების ნაკლებობას“.

ჩვენ უნდა გვქონდეს პოლიტიკური ნება საიმისოდ, რომ სამხედრო საშუალებები გამოვიყენოთ, გავუმკლავდეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპის ზღურბლთან წარმოქმნილ პრობლემებს...
ანდერს ფოგ რასმუსენი
თუმცა რასმუსენი თვლის, რომ ფინანსური კრიზისის პირობებში ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ იმ შეიარაღების შესყიდვა, რომელიც ნატოს სურს, რომ მათ ჰქონდეთ.

ამასთან, რასმუსენმა მიანიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს უცხო ქვეყნებში არსებულ კრიზისებთან მიმართებით მეტისმეტად „მშვიდობისმაძიებლური“ პოზიცია აქვთ ხოლმე:

„ჩვენ უნდა გვქონდეს პოლიტიკური ნება საიმისოდ, რომ სამხედრო საშუალებები გამოვიყენოთ, გავუმკლავდეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპის ზღურბლთან წარმოქმნილ პრობლემებს, რათა ხელი შევუწყოთ იმ ჩვენგან მოშორებით წარმოქმნილ კრიზისებთან გამკლავებას, რომლებსაც ჩვენზეც შეუძლიათ გავლენის მოხდენა“.

რასმუსენის ეს გამოსვლა იმ მოსამზადებელი სამუშაოების ნაწილი იყო, რომელიც დეკემბერში დანიშნული მნიშვნელოვანი სამიტის წინ მიმდინარეობს. ეს სამიტი ევროპის თავდაცვის საკითხებს მიეძღვნება. მას შემდეგ, რაც 2008 წელს ფინანსურმა კრიზისმა იფეთქა, ამგვარი სამიტი აღარ ჩატარებულა.

თავის გამოსვლაში ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის გაფართოების პერსპექივაზეც ისაუბრა და კონკრეტულად საქართველოსაც შეეხო:
„ჯერჯერობით მიზნისთვის არ მიგვიღწევია. წინ კიდევ ბევრი სამუშაოა და მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ დაადასტურა ნატოსკენ მისწრაფება. ახლა საქართველოზეა დამოკიდებული იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს“.

ნატომ გვაჩვენა, რომ შეუძლია სწრაფად მოქმედება მაღალი ინტენსივობის კრიზისებთან მიმართებით, ევროკავშირს კი ძალუძს ფართო სპექტრის სამოქალაქო და სამხედრო ექსპერტების მობილიზება...
ანდერს ფოგ რასმუსენი
ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული საინტერნეტო გამოცემა EU Observer-ი წერს, რომ რასმუსენის მხრიდან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესახებ განცხადებების გაკეთებამ ბევრს გაუჩინა კითხვა, ხომ არ უმიზნებს ის ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის თანამდებობას მას შემდეგ, რაც ეშტონი ამ პოსტიდან წავა მომავალ წელს.
თუმცა თავის კარიერაზე საუბრისას რასმუსენმა განაცხადა, ჯერჯერობით შემდეგ ნაბიჯზე არ მიფიქრიაო.

თავის გამოსვლაში ნატოს გენერალურმა მდივანმა იმის შესახებაც ისაუბრა, თუ როგორ წარმოუდგენია უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ნატოსთან თანამშრომლობა - მისი აზრით, ეს უნდა იყოს საპოლიციო მისიებისა და დიპლომატიის ნაზავი.

დასავლეთ ბალკანეთის მაგალითზე საუბრისას რასმუსენმა განაცხადა:

„ნატომ გვაჩვენა, რომ შეუძლია სწრაფად მოქმედება მაღალი ინტენსივობის კრიზისებთან მიმართებით, ევროკავშირს კი ძალუძს ფართო სპექტრის სამოქალაქო და სამხედრო ექსპერტების მობილიზება, რათა ქვეყნების თავიდან მშენებლობას შეუწყოს ხელი“.

რასმუსენმა თავის გამოსვლაში კეთრინ ეშტონი შეაქო იმ დიპლომატიური გარღვევისთვის, რომელსაც მან ბელგრადსა და პრიშტინას შორის მიაღწია, კოსოვოს გაყინული კონფლიქტის გადაჭრის მიზნით.

თუმცა რასმუსენმა დასძინა, ორივე მხარეს სურდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ შეთანხმების ამუშავების შემთხვევაში უსაფრთხოებას ნატო უზრუნველყოფსო.
XS
SM
MD
LG