Accessibility links

logo-print

წამყვანი წარმოების გაკოტრება ჩერნოგორიას რუსეთის ფინანსური გავლენის ქვეშ აქცევს


ცნობილი რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას მფლობელობაში არსებული ჩერნოგორიის ერთ-ერთი უმსხვილესი ალუმინის საწარმოს გაკოტრებამ ჩერნოგორიის წინაშე პრობლემები წამოჭრა. მოვლენათა ასეთ განვითარებაში კი ზოგიერთი ანალიტიკოსი ხედავს კრემლის მცდელობას გააძლიეროს ზეგავლენა ბალკანეთზე.

როდესაც 1971 წელს პოდგორიცაში მდებარე ალუმინის საწარმომ კვამლი ამოუშვა, ჩერნოგორიაში ყველა ფიქრობდა, რომ იგი ქვეყნის ეკონომიკის ბურჯი გახდებოდა. ეს ოცნება ახლა დამსხვრეულია. ერთ დროს ქვეყნის მთავარი საექსპორტო ალუმინის საწარმო გასული კვირიდან გაკოტრების რეჟიმშია გადაყვანილი არსებული დავალიანების გამო, რაც 340 მილიონ ევროს, ანუ ჩერნოგორიის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10 %-ს, შეადგენს.

როგორც ერთ-ერთი დაქირავებული ამბობს, 1200 კაციან საწარმოში თანამშრომელთა განთავისუფლება გასულ კვირას დაიწყო:

„ჩემი სახელია რადომან მინიჩი. მე ვარ ამწე მანქანის ოპერატორი. 18 წელია ვმუშაობ პოდგორიცის ალუმინის საწარმოში. მე და ბევრმა ჩემმა კოლეგამ ჯანმრთელობა შევალიეთ ამ საწარმოში მუშაობას. როდესაც სამსახურიდან განთავისუფლების ცნობა მივიღე, ეს ჩემთვის სოციალური სიკვდილის ტოლფასი იყო. უმწეობა მიპყრობს“.

ჩერნოგორიის მთავრობა, რომელიც საწარმოს აქციათა 30 %-ს ფლობს, ასევე საკმაოდ უმწეოდ გამოიყურება, როდესაც ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემას, რომელსაც შეუძლია ჩამოშალოს მთავრობა და დააბრკოლოს ჩერნოგორიის მისწრაფება, მეზობელი ხორვატიის შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანდეს.

არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთს სურს ხელი შეუშალოს ჩერნოგორიის წინსვლას ევროკავშირისკენ. ეს არის გეოპოლიტიკური შეთქმულება. ეს შესაძლოა დამაბნევლად გამოიყურებოდეს - რანაირად შეიძლება გეოპოლიტიკურ შეთქმულებაზე საუბარი, როდესაც საქმე გვაქვს კომპანიასთან?...
ალუმინის საწარმოს მეორე 30% აქციების მფლობელი კვიპროსში მდებარე ცენტრალური ევროპის ალუმინის კომპანიაა, რომელსაც კრემლთან კავშირში მყოფი ცნობილი რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აკონტროლებს. და რადგანაც რუსული კავშირები გარდაუვლად იწვევს შეშფოთებას მოსკოვის მიერ ჩაფიქრებული შეთქმულების თაობაზე, პოდგორიცაში მყოფი პოლიტიკის ანალიტიკოსი ბლაგოე გრაჰოვაციც ჩერნოგორიის ალუმინის საწარმოს ამჟამინდელ მძიმე ხვედრს იმ „გეოპოლიტიკური შეთქმულების“ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს, რომელიც ბალკანეთში რუსეთის გავლენის გაძლიერებას ემსახურება:

„არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთს სურს ხელი შეუშალოს ჩერნოგორიის წინსვლას ევროკავშირისკენ. ეს არის გეოპოლიტიკური შეთქმულება. ეს შესაძლოა დამაბნევლად გამოიყურებოდეს - რანაირად შეიძლება გეოპოლიტიკურ შეთქმულებაზე საუბარი, როდესაც საქმე გვაქვს კომპანიასთან? მაგრამ რუსეთი დაინტერსებულია ბალკანეთში ყოფნით. ჩვენ მომსწრენი ვართ პროცესისა, როდესაც რუსი ოლიგარქის ბინძური ფულის დაბანდება ხდება დასავლეთში და შემდეგ ის ბალკანეთში ხვდება, როგორც „დასავლური ინვესტიცია“, თუმცა საბოლოო მფლობელები რუსები არიან“.

2005 წლის პრივატიზების შეთანხმებით, ცენტრალური ევროპის ალუმინის კომპანიამ ჩერნოგორიის ალუმინის საწარმოს აქციათა 65.4 % 48.5 მილიონ ევროდ შეისყიდა. გარიგებას გულითადად მიესალმნენ რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის, სახელმწიფო სათათბიროს იმჟამინდელი სპიკერი ბორის გრიზლოვი და რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი სერგეი შოიგუ, რომლებიც სტუმრად იმყოფებოდნენ საწარმოში.

მაგრამ 2009 წელს, ალუმინის ფასების მკვეთრად დაცემის შემდეგ, ჩერნოგორიის მთავრობამ აქციათა 30% უკან დაიბრუნა. ამისდა მიუხედავად, ცენტრალური ევროპის ალუმინის კომპანია კვლავ აკონტროლებს ჩერნოგორიის ალუმინის საწარმოს ადმინისტრაციას და ზრდის დამღუპველ ვალებს. რაც შეეხება პოდგორიცის ალუმინის საწარმოს დანარჩენ მფლობელებს, მათი ვინაობა უცნობია, თუმცა ადგილობრივი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დარჩენილი წილი ეკუთვნით ჩერნოგორიელ ოლიგარქებს, რომლებსაც შესაძლოა ასევე ჰქონდეთ კავშირები რუსეთთან.

ჩვენში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ ლაპარაკობენ, მაგრამ საკუთარი ქმედებით ისინი შესაძლებლობას აძლევენ რუს ოლიგარქებს დაიპყრონ ქვეყანა...
10 ივლისის ღამით პოლიციამ დააკავა პოდგორიცის ალუმინის საწარმოს დირექტორი, რუსეთის მოქალაქე დმიტრი პოტრუბაჩი, რომელიც სერბიის საზღვარზე გადასვლას ცდილობდა. იგი იძებნებოდა ალუმინის საწარმოში არალეგალური გზით მიღებული ელექტროენერგიის საქმის თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. გარდა ამისა, პოდგორიცის ალუმინის საწარმოს არარუსი მფლობელები პოტრუბაჩს ბრალს სდებენ იმაშიც, რომ იგი უმალავდა მათ ვალით გამოწვეული პრობლემების არსს.

ამ ფონზე, ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი, რომელიც კომუნისტური წარსულის მქონე პროდასავლელ პოლიტიკოსად ასაღებს თავს, ცდილობს გამოინახოს 102 მილიონი ევრო, რათა საწარმომ არ შეწყვიტოს მუშაობა და ქვეყანაში სოციალური აფეთქება არ მოხდეს. თუმცა ჯუკანოვიჩის ეს გეგმა, საბოლოო ჯამში, რუსეთის ჩანაფიქრის ნაწილად მიაჩნია ბლაგოე გრაჰოვაცს, პოდგორიცელ ანალიტიკოსს:

„შესაბამისი პოლიტიკის განსახორციელებლად მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას თანამშრომლობა და კოორდინაცია სჭირდება. მე ეჭვი არ მეპარება, მმართველი პარტია ხელს უწყობს ასეთი პოლიტიკის გატარებას. მაგრამ რა ვითარებაა დღეისათვის? ჩვენში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ ლაპარაკობენ, მაგრამ საკუთარი ქმედებით ისინი შესაძლებლობას აძლევენ რუს ოლიგარქებს დაიპყრონ ქვეყანა. რუსი ოლიგარქები კი რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“.

როდესაც 2009 წელს, ალუმინის მსოფლიო ფასების მკვეთრი დაცემის შემდეგ, რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასაგან პოდგორიცის ალუმინის საწარმოს 30 %-ს იძენდა, ჩერნოგორიის მთავრობამ გარანტია აიღო იმ 132 მილიონ ევროზე, რომელიც დერიპასკამ უნგრეთის OTP- ბანკისა და რუსეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი VTB -ისგან სესხად აიღო. თუმცა პოდგორიცის ალუმინის საწარმოს რუსი მფლობელები ახლა უარზე არიან გადაიხადონ სესხი, რომელმაც უკვე 170 მილიონ ევროს მიაღწია. შესაბამისად, მის დაფარვას ზემოხსენებული ბანკები ახლა ჩერნოგორიის მთავრობისგან ითხოვენ.
XS
SM
MD
LG