Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა „ახალი ევროპა“ ამჯერად ეთმობა „ვიშეგრადის ოთხეულს“ - ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის გაერთიანებას - და უკრაინაში კრიზისის მიმართ თითოეული მათგანის დამოკიდებულებას. ეს ქვეყნებია პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი და მათი პოზიციები მნიშვნელონად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რუსეთთან ურთიერთობაში მსგავსი გამოცდილების მიუხედავად.

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა უელსში, ნატოს სამიტზე, წარმოთქვა სიტყვები, რომლებსაც ირონიული რეპლიკა მოჰყვა. ზემანმა, კერძოდ, თქვა: პრაღას ჯერ არ უნახავს უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის ამსახველი „აშკარა მტკიცებულებაო“, რაზეც მას შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარლ ბილდტმა მიუგო: „ არ ვიცი, ჰყავს თუ არა ჩეხეთის რესპუბლიკას დაზვერვის სამსახური. ჰყავს? მაშინ მტკიცებულება მას მოსთხოვეთო“.

ზემანის სიტყვები - აშკარა მტკიცებულება არ გვინახავსო - მაშინ როცა (ყირიმის ანექსიაზე რომ არაფერი ვთქვათ) ნატო ადასტურებს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედროების ყოფნას, ცხადყოფს პროცესს, რომელიც ბევრს აოცებს დასავლეთში: ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ზოგ ქვეყანას დიდად არ აღელვებს უკრაინაში რუსეთის აგრესია. შედეგია ის, რომ უკრაინის კრიზისმა აშკარა გახადა პოზიციების სხვაობა „ვიშეგრადის ოთხეულში“ - 1991 წლიდან არსებულ ჯგუფში, რომელიც პოლონეთს, უნგრეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს აერთიანებს. ოთხივე ყოფილი სოციალისტური ქვეყანაა, ოთხივე ნატოსა და ევროკავშირის წევრი.

რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაფართოებამ ზიანი მიაყენა სტრატეგიულ აზროვნებას ამ ქვეყნებში, სლოვაკეთისა და უნგრეთის ჩათვლით, და, ნაწილობრივ, ჩეხეთის რესპუბლიკაშიც...

დაწყებული პოლონეთით, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეულად რეაგირებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე, და დამთავრებული მოსკოვისადმი მეგობრულად მიჩნეული უნგრეთით, „ვიშეგრადის ოთხეული“, მართლაც რომ, აშკარად არაერთგვაროვანი პოზიციებით გამოირჩევა.

„რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაფართოებამ ზიანი მიაყენა სტრატეგიულ აზროვნებას ამ ქვეყნებში, სლოვაკეთისა და უნგრეთის ჩათვლით, და, ნაწილობრივ, ჩეხეთის რესპუბლიკაშიც“, - ამბობს მარიან მაიერი, ბრატისლავაში მდებარე ცენტრალური ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი.

„უკრაინის კრიზისმა გვაჩვენა, რომ სტრატეგიული აზროვნება და საფრთხის აღქმა განსხვავებულია ამ ქვეყნებში და ზოგ მათგანში ეკონომიკური არგუმენტები სწონის სტრატეგიულ არგუმენტებსა და მომავლის გრძელვადიან ხედვას“ -

ბრატისლაველი პოლიტოლოგის ამ შეფასებას იზიარებს ედვარდ ლუკასიც, ავტორიტეტიან ყოველკვირეულ გამოცემა „ეკონომისტის“ რედაქტორი.

„პოლონეთი უზარმაზარ როლს ასრულებს, როგორც ყოფილი კომუნისტური სამყაროს აშკარა ლიდერი. სხვაგან ძალიან განსხვავებული სურათია. სლოვაკეთი - თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ ლამის პუტინის მხარდამჭერ კურსს დაადგა. ყოველ შემთხვევაში, სანქციების წინააღმდეგი იყო. ჩეხებმაც - განსაკუთრებით პრეზიდენტმა ზემანმა - ასეთი კურსი აირჩიეს, ჩემი აზრით, სამწუხაროდ. ხოლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი ყველაზე უარესია ამ ჯგუფში. ის აშკარად უარყოფს ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც მეინსტრიმია დანარჩენი ევროპისათვის. ჩემი აზრით, ამ ყველაფერმა დიდი დარტყმა მიაყენა „ვიშეგრადის ოთხეულის“, როგორც გეოპოლიტიკური თუ დიპლომატიური მოთამაშის, მთელ კონცეფციას“ - ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ედვარდ ლუკასი.

ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა, უბრალოდ, არ ენდობა მოკავშირეებს - შიშობს, რომ კრიზისის მომენტში ისინი არ შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას...

მართალია, „ვიშეგრადის ოთხეულის“ ყველა წევრს აქვს გამოცდილი საბჭოთა აგრესია, მაგრამ ზოგისთვის დღევანდელი ეკონომიკური ინტერესები, როგორც ჩანს, იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისტორიული გამოცდილება ან სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებული მოქმედება. ყოველ შემთხვევაში, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობები არ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიმართ, თუ ეს სანქციები ზიანს მოასწავებს მათი ეკონომიკური ინტერესებისათვის.

ექსპერტებს უჭირთ განსაზღვრონ მთავარი ფაქტორი, რომლის გამოც „ვიშეგრადის ოთხეულის“ ზოგი წევრის მთავრობა და მოსახლეობა მკვეთრად არ რეაგირებენ უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე: მართლაც ვერ ხედავენ რუსეთს, როგორც საფრთხეს, თუ, უბრალოდ, არ სურთ რუსეთის გაღიზიანება, რადგან, მოსკოვის აგრესიის შემთხვევაში, არა აქვთ ნატოელი მოკავშირეებისაგან დაცვის იმედი?

„ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა, უბრალოდ, არ ენდობა მოკავშირეებს - შიშობს, რომ კრიზისის მომენტში ისინი არ შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას“, - წერდა 4 სექტემბერს რუსი პოლიტოლოგი ფიოდორ ლუკიანოვი.

უთუოდ ეს შიშიც გაითვალისწინეს ნატოს უელსის სამიტზე, როცა მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნას სწრაფი რეაგირების ძალები და გააქტიურდეს სამხედრო წვრთნები აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინაში რუსეთის მოქმედებაზე საპასუხოდ.

XS
SM
MD
LG