Accessibility links

logo-print

ობამა ავღანეთისთვის „ნულოვან ვარიანტს“ განიხილავს


ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში

აშშ-ის პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, დარჩებიან თუ არა ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში 2014 წლის შემდეგ.

„ნულოვანი ვარიანტი“ - ასე მოიხსენიებენ 2014 წლის შემდეგ ავღანეთიდან შეერთებული შტატების მთელი სამხედრო კონტინგენტის გაყვანის შესაძლებლობას. თეთრი სახლის პრესმდივნის ჯეი კარნის განცხადებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ასეთ გეგმასაც განიხილავს:

„ნულოვანი ვარიანტი ყოველთვის არსებობდა და ის არის ნაწილი პროცესისა, რომელიც ფოკუსირებულია არა ჯარისკაცების რიცხვზე, არამედ პოლიტიკურ მიზნებზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათი ყველაზე უკეთ მიღწევა. და თუ გადავწყვეტთ ჯარის ნაწილის დატოვებას პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, რა სახის ხელშეკრულება გვექნება ავღანეთის მთავრობასთან, ჯარის ამ დარჩენილ ნაწილთან მიმართებით?“

კარნიმ დასძინა, რომ 2014 წლის შემდეგ ავღანეთში ამერიკელების რაოდენობის საკითხზე ვაშინგტონი ავღანეთის მთავრობასთან მოილაპარაკებს.

კარნიმ განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს მომავალ წელს ავღანეთიდან ყველა ჯარისკაცის გაყვანას დაძაბულობის გამო, რომელიც ავღანეთისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობებს შორის არსებობს.

მაგრამ ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის პრესმდივანმა აიმალ ფაიზიმ ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ მხარეებს არ უმსჯელიათ „ნულოვან ვარიანტზე“.

„ავღანეთიდან შეერთებული შტატების ჯარისკაცების მთლიანად გაყვანა არის საკითხი, რომელიც არასოდეს წამოჭრილა ქაბულისა და ვაშინგტონის შეხვედრებზე. გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული რეპორტაჟის მიზანია ზეწოლა ავღანეთსა და საზოგადოებრივ აზრზე ქვეყანაში. ჩვენ უკვე წავუყენეთ ჩვენი პირობები შეერთებულ შტატებს და მას მკაფიოდ ვუთხარით, რომ უსაფრთხოების შესახებ ამერიკა-ავღანეთის შეთანხმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ავღანელი ხალხი - ეროვნული თავყრილობის მეშვეობით“, - განაცხადა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან საუბარში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის წარმომადგენელმა.

ავღანეთში შეერთებული შტატები ამჟამად 68 000 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ დაადასტურა, რომ ავღანეთში ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად შეერთებული შტატები მხარს უჭერს თალიბანთან ავღანეთის მთავრობის სამშვიდობო მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG