Accessibility links

logo-print

18 ოქტომბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი, მისი თქმით, საერთაშორისო ნორმებისთვის ძირის გამოთხრისათვის. ობამამ არგუმენტებად მოიშველია რუსეთის მოქმედება სირიაში, უკრაინასა და საქართველოში.

ბარაკ ობამას აზრით, ნებისმიერ ადამიანს, ვინც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს იკავებს, უნდა ესმოდეს, რომ კრიტიკით უნდა დაუპირისპირდეს რუსეთს, როცა ის საერთაშორისო ნორმებს არღვევს. „ვფიქრობ, რომ რუსეთი დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც – სამხედრო ძალით – მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჩვენ შემდეგ და რომელიც უნდა მონაწილეობდეს მსოფლიოში პრობლემების მოგვარებაში, ნაცვლად იმისა, რომ პრობლემის ნაწილი იყოს. მაგრამ რუსეთის მოქმედება ძირს უთხრის საერთაშორისო ნორმებსა და საერთაშორისო წესებს ისე, რომ მას კრიტიკით უნდა დავუპირისპირდეთ. ასევე უნდა ფიქრობდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს იკავებს, რადგან ეს არის ღირებულებები, რომლებისთვისაც ვიბრძოდით და რომლებსაც ვიცავთ“, – ეს სიტყვები ბარაკ ობამამ წარმოთქვა 18 ოქტომბერს ვაშინგტონში, იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ობამა რამდენიმე თემას შეეხო, მათ შორის, ერაყში მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ისლამისტი ექსტრემისტებისაგან ქალაქ მოსულისა და მიმდებარე ტერიტორიების გასათავისუფლებლად. ის შეეხო ვითარებას ავღანეთში და შეერთებულ შტატებში ამჟამად მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიასაც და დაწვრილებით ისაუბრა რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. ობამას თქმით, მან და რენციმ განიხილეს შემაშფოთებელი ვითარება უკრაინაში და გაიზიარეს მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, მათ შორის, ევროკავშირის სანქციების ძალაში დატოვება.

„ხელისუფლებაში რომ მოვედი, რუსეთს წინა ადმინისტრაციის მმართველობისას(აშშ-ის) განხორციელებული ჰქონდა ინტერვენცია საქართველოს ზოგ რაიონში, იქ შექმნილი ჰქონდა გაყინული კონფლიქტი. რუსეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავდა (დმიტრი მედვედევი) და შევეცადეთ უფრო კონსტრუქციული გზით წასვლა, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ რუსეთს დიდი პატივისცემით მოვექეცით, ვაღიარეთ რა უზარმაზარი განსხვავებებისა და განსხვავებული ღირებულებების არსებობა, მაგრამ თან შევეცადეთ მოგვეძებნა გზები, რომელთა მეშვეობითაც თანამშრომლობას შევძლებდით“, – განაცხადა ობამამ. მატეო რენცისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან კიდევ ახსენა საქართველო.

„გამოწვევა, რომლის წინაშეც რუსეთთან მიმართებით ვდგავართ, პირველ რიგში, უკავშირდება რუსეთის აგრესიას მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში. უკრაინაში, სადაც ისინი იმავე სახის მოქმედებას ეწევიან, რაც საქართველოში გააკეთეს - იქაც კი შევეცადეთ შუამავლობას - ევროპელებთან თანამშრომლობით - მინსკის შეთანხმების მისაღწევად, ამ საკითხების მშვიდობიანად მოსაგვარებლად. სირიას რაც შეეხება, პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ერთ-ერთი პირველი შეხვედრის დროს, მას გავუზიარე ვარაუდი, რომ თუ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ხელისუფლების სათავეში დარჩებოდა, საკუთარი ხალხის მიმართ მისი სისასტიკის გათვალისწინებით, დაიწყებოდა სამოქალაქო ომი, რაც ნამდვილად არ იქნებოდა კარგი არამარტო სირიელებისათვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. იმის მაგივრად, რომ ჩვენთან ერთად ემუშავა პრობლემის მოსაგვარებლად, მან გააორმაგა ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა და ახლა ვიცი, რა ვითარებაც არის იქ“, - განაცხადა ბარაკ ობამამ ვაშინგტონში 18 ოქტომბერს გამართულ პრესკონფრენციაზე.

ორი დღით ადრე აშშ-მა და ბრიტანეთმა გამოაცხადეს, რომ განიხილავენ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას, რათა სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვისათვის ბოლოს მოსაღებად ზეწოლა მოახდინონ სირიის მთავრობასა და მის მოკავშირეებზე. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირე სწორედ რუსეთია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG