Accessibility links

logo-print
21 მაისს თბილისის ისტორიის მუზეუმში მხატვარ ოლესია თავაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. იქვე გაიმართა მხატვრის ალბომის პრეზენტაცია, რომელიც კულტურის სამინისტრომ გამოსცა. გამოფენაზე წარმოდგენილია ოლესია თავაძის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე ხელნაკეთი თოჯინები. გამოფენის დათვალიერება 29 მაისამდეა შესაძლებელი.

ოლესია, ლესია, ლეს - მას ასე მიმართავენ, გააჩნია, მისთვის ვინ ხარ ან ის ვინ არის შენთვის. დგას საგამოფენო დარბაზის შუაგულში, ხელში ფერადი მინდვრის ყვავილები უჭირავს, გულზე მძივი ჰკიდია და ერთი გაფიქრება ფიქრობ - აქაურს არ ჰგავს. აქაურში, რა თქმა უნდა, წარმომავლობას არ ვგულისხმობ. უცხოს ჰგავს, სხვა სამყაროდან მოსულს, რომელსაც მოუკიდია გამხდარ ბეჭებზე თავისი ნახატები და მერე თეთრი კედლებისთვის შეუყრია, რომ სხვასაც ანახვოს სად ცხოვრობს, ვინ უყვარს, რა უყვარს. მისი ფერწერა მისი ცხოვრებაა, მისი ოთახია, მისი სახლია თბილისში და მისი ეზოა სოფელ წვერში. მისი საყვარელი ხეა, მისი დედაა, მისი მამა. მისი ძაღლია და, საერთოდაც, ის თვითონაა.

დგას ოლესია თავაძე საგამოფენო დარბაზში, ოდნავ შემცბარი, დაბნეული, თითქოს ბედნიერიც და მხრებიდან ტვირთჩამოხსნილი - 70 წლის მხატვარმა მეგობრებისა და მეუღლის თხოვნით გაბედა და ათეულობით ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, ხელნაკეთი თოჯინები თუ საბავშვო წიგნების ილუსტრაციები პირველად გამოფინა საჯაროდ. ოლესიას გვერდით ტრიალებს მისი ქმარი, მწერალი ზაზა აბზიანიძე. არც ის ღელავს ოლესიაზე ნაკლებად - არ ყოფილა ადვილი ოლესიას დათანხმება გამოეფინა საკუთარი სამყარო:

”რამდენიმე ადამიანმა დამქოქა. მითხრეს, ზაზა, არ შეიძლება, რომ ასეთი ცოლი გყავს, გასაგებია, რომ ზღარბია, არც თბილისი უნდა, არც მნახველი უნდა, ზის თავის წვერში, ბაჭიებისა და ორი ძაღლის გარემოცვაში და რაღაც გააკეთე, რომ მისი ნამუშევრები ადამიანებმა ნახონ”...

პატარა ინტრიგა ჩავიფიქრეთ. მას არასდროს არ ჰქონია პერსონალური გამოფენა. აი, წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც ცნობილია წიგნების ილუსტრაციებით...
ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, რომელმაც ზაზა ოლესიას პერსონალური გამოფენის მოწყობაში შეაგულიანა, ლიკა მამაცაშვილი, თბილისის ისტორიის მუზეუმის გამოფენების ხელმძღვანელია:

”პატარა ინტრიგა ჩავიფიქრეთ. მას არასდროს არ ჰქონია პერსონალური გამოფენა. აი, წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც ცნობილია წიგნების ილუსტრაციებით. მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა, მხატვრებმა - ყველამ იცის, რომ ოლესია ძალიან კარგი ფერმწერი და გრაფიკოსია და არასდროს არ გამოფენილა მისი ნახატები. უნდა იცნობდეთ ოლესიას, უნდა იცოდეთ ის როგორია. ოლესიასთვის ეს გამოფენა იყო დიდი დატვირთვა, იმიტომ კი არა, რომ არ უნდოდა... ამის ყველაფრის თავის მოყრა, შერჩევა - ეს მისთვის დიდი დატვირთვა იყო. ის მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობს. ოლესია თავაძე ცხოვრობს მეცხრამეტე საუკუნეში”, - ამბობს ლიკა მამაცაშვილი.

ოლესია თავაძის გამოფენა

ოლესია თავაძის გამოფენა

ოლესია მამის პორტრეტის ქვეშ დგას და მიყვება: „იცი, რა, ჩემი ცხოვრება შემოისაზღვრება ჩემი ოჯახით, ჩემი მშობლებით, რომლებიც აღარ არიან, ჩემი ორი ძაღლით და ჩემი იმერული ეზოთი, სოფელ წვერში“. აკი წერდა კიდეც ის რადიო თავისუფლების დღიურებში 2009 წელს, რომ მისი ნამდვილი სამყოფელი, მისი ნებაყოფლობითი არჩევანი წვერია, სადაც წყალი - ჭა - ალუჩის ძირშია, პირსაბანი – ქლიავის ხეზე, ჭურჭლის და სარეცხის ადგილი – კომშებთან, ჩეჩმა – ერთი კაკლის ძირში, ტაშტი-აბაზანა – მეორე კაკლის ქვეშ. ახლა კი დგას ოლესია მამის პორტრეტის ქვეშ და მეუბნება, რომ მისი საყვარელი ნახატები მის მშობლებს უკავშირდება.

”მამა უკვე ისეთ ასაკში იყო, რომ, როგორც ჩანს, ვიგრძენი, რომ დრო უნდა გამეჩერებინა და ეს მომენტი ჩემთვის შემენახა. რამდენად ძლიერია ეს პორტრეტი, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის არის უძვირფასესი. ასევეა დედაჩემის პორტრეტები. ყველგან, სადაც ოდნავ რაღაც მინიშნება არის ქალზე, ეს ყველაფერი დედაჩემის მიმართ ერთგვარი დანაშაულის გამოსყიდვის ფორმაა და მას ასე ვეურთიერთობები”, - ამბობს ოლესია თავაძე.

ეს ის სათქმელია, რასაც ვერ იტევს სახვითი ხელოვნება. ვერანაირად ვერ იტევს. თუ ჩაატიე, ცუდი გემოვნების ელფერს იძენს, ხდება ჟანრების აღრევა და, საბოლოო ჯამში, ჩემთვის ცუდი გემოვნების ნიშანია...
დედას კი ბევრგან იპოვით ოლესიას ნახატებში. მას ხან თეთრი ბერეტი ხურავს, ხან ვარდისფერი კაბა აცვია, ხან მინდვრის ყვავილები უჭირავს ხელში, ხანაც, უბრალოდ, გაელვებაა. და მერე უცებ მხიარულდება ოლესია. თავის ძაღლებზე მიყვება, თავისი ნახატების მთავარ პერსონაჟებზე - პასკუალინასა და კუსკუსაზე, რომლებიც ხან გვირილებთან და ყაყაჩოებთან მიწოლილან, ხან შიშველი ქალის ფეხებთან, მსხლით სავსე ხონჩასთან წამოსკუპებულან და ხან მძინარე ბავშვთან:

”თეთრი და შავი ძაღლი თუ სადმე ნახე, ყველგან ჩემი ძაღლები არიან. ეს თეთრი პასკუალინაა და შავიც, სადღაც, აი, ამ ნახატებში უნდა ეძებოთ. ისინი ჩემი ზოოთერაპევტები არიან”, - ამბობს ოლესია.

გარდა იმისა, რომ ოლესია თავაძეს შექმნილი აქვს არაერთი წიგნის ილუსტრაცია, ის თვითონაც წერს. ის არის ავტორი საბავშვო წიგნისა ”ბუსუნსულა და პასკუალინა”, რომელიც 16 ენაზეა გამოცემული. 2011 წელს გამოიცა მისი პროზაული მინიატურების კრებული - ”სევდიანი ჩანაწერები”, 2013 წელს კი მეორე კრებული - ”კაკლის ქარები”. ოლესია წერის მიზეზს ასე მიხსნის:

გივი თოიძე

გივი თოიძე

”ეს ის სათქმელია, რასაც ვერ იტევს სახვითი ხელოვნება. ვერანაირად ვერ იტევს. თუ ჩაატიე, ცუდი გემოვნების ელფერს იძენს, ხდება ჟანრების აღრევა და, საბოლოო ჯამში, ჩემთვის ცუდი გემოვნების ნიშანია. ამიტომ, აი, ის სატკივარი, რაც ვერაფრით ვერ დავატიე ტილოებზე, სიტყვაში დაიხარჯა, პატარა წიგნებში”.

მხატვარი გივი თოიძე, სამხატვრო აკადემიის პროფესორი და ოლესია თავაძის პირველი პედაგოგი, ოლესიას სტუდენტობას იხსენებს და მეუბნება, ის თავიდანვე იყო მხატვრობის ფანატიკოსი და დღემდე ასეთად დარჩაო. გივი თოიძე აღნიშნავს მის დახვეწილ გემოვნებას და შრომისმოყვარეობას, რომელიც, მისი თქმით, ოლესიას ყველასგან გამოარჩევდა და კიდევ ის ოლესიას სტუდენტობის ერთ ეპიზოდს იხსენებს:

”ტექნიკუმში რომ ვასწავლიდი ოლესიას, მისი პორტრეტის ხატვა დავიწყე, მაგრამ ვიღაცამ მოიპარა. ნეტა წამეღო სახლში, რა”.

ოლესია თავაძის ყველა ოპუსიდან ავტორის ელეგანტური ნატურა გამოსჭვივის - ნატურა, წილნაყარი მის ოდნავ ასკეტურ იერთან...
მხატვარი მანანა ტოროტაძე ოლესიას ბავშვობის მეგობარია. ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ერთმანეთი აღვზარდეთო, მეუბნება მანანა. მათ ერთმანეთთან პირველი ნაბიჯები, პირველი აღმოჩენები აკავშირებთ და ამ ურთიერთობას დღემდე განსაკუთრებულად უფრთხილდებიან. უსიტყვოდ მესმის მისი, მეუბნება მანანა, და ვიცი, რომ ისიც უსიტყვოდ მიგებსო, და იმ წლებზე მიყვება, როცა ისინი ხატვას იწყებდნენ:

”აღმოჩენები მხატვრების, რომ პიკასო ვინ არის და რა არის... ჩვენ გვეგონა, რომ ეს მარტო ჩვენ ვიცოდით, ეს იყო საიდუმლოსავით... კისრის ტეხით ავრბოდი ბარნოვზე, რომ ჩქარა მივსულიყავი ოლესიასთან, ჩავკეტილიყავით ოთახში და გველაპარაკა. ვისხედით იატაკზე და ვხატავდით და ვხატავდით”.

ოლესია თავაძის პერსონალურ გამოფენას დაემთხვა მისი ალბომის გამოცემაც, სადაც მკითხველსა და დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს მხატვრის როგორც ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ისე მის მიერ შექმნილი თოჯინები. მხატვარი დავით ანდრიაძე შესავალ წერილში წერს:

”ოლესია თავაძის ყველა ოპუსიდან ავტორის ელეგანტური ნატურა გამოსჭვივის - ნატურა, წილნაყარი მის ოდნავ ასკეტურ იერთან. და ეს იერი, თავის მხრივ, მისეულ პორტრეტებსაც აერთიანებს, პორტრეტებს, რომელთაც საკმაოდ დიდი დოზა აქვთ ავტოპორტრეტულობისა”.

მართლაც ჭარბობს ოლესია თავაძის შემოქმედებაში ქალი - ქალი, რომელიც თითქოს ჰგავს მას, თითქოს არ ჰგავს... თუკი უფრო კარგად დააკვირდები, თითქოს ნამდვილად ის არის, თითქოს არც არის. მაგრამ ერთი კია, მისი ქალები იმდენად რეალურები არიან, რომ იქნებ მისი ნახატების მნახველმა თითოეულმა ქალმა, საკუთარი თავიც ამოიცნოს მათში - ხან გაბრაზებული, ხან მშვიდი, ხან საქმიანი, ხან ეროტიული და ხანაც ისეთი, როგორიც მას უნდა, რომ იყოს.
XS
SM
MD
LG