Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარალელები ყირიმსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის


უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთი იმავე სცენარით მოქმედებს, რითაც ის საქართველოში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - ხელმძღვანელობდა. აზრს, რომელსაც იზიარებენ საქართველოს ანალიტიკურ წრეებში, მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, ექსპერტის კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალის სახით. რა შეფასებები კეთდება ყირიმსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელებთან დაკავშირებით, რა მიზნით ხელმძღვანელობს მოსკოვი და რა როლი ენიჭება საერთაშორისო თანამეგობრობას?

უკრაინის ახალი მთავრობის ინფორმაციით, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაცია უკვე შეიჭრა და ათასობით რუსი სამხედრო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაკავებას, ხოლო ყირიმის ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს რუსეთს კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, რასაც, შეიძლება ითქვას, გულისყურით ეკიდებიან მოსკოვში.

რუსეთის ხელწერა ნათელია კიევისთვის, რომელსაც შექმნილი სიტუაცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესს ახსენებს. თუკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი პარალელს აფხაზეთის პრობლემასთან ავლებს, ახალი პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის მიერ გავლებული პარალელები ახლო წარსულში ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ მოსაზრებებს საქართველოში არაერთი ანალიტიკოსი იზიარებს და მათ შორის არის ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” თანადამფუძნებელი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე სერგი კაპანაძე:

”მთავარია, ყველას გვახსოვდეს, რომ ყირიმი არ არის ის, რის დაუფლებასაც ცდილობს რუსეთი - ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არის ის, რის დაუფლებასაც ცდილობდა ჩვენს შემთხვევაში ... პრიზი რუსეთისთვის არის უფრო დიდი და ეს არის უკრაინა იქ და საქართველო აქ. ანუ მნიშვნელობა არა აქვს - რა ჰქვია ამა თუ იმ ტერიტორიას - ყირიმი, აფხაზეთი თუ სხვა რამ. ისინი გამოყენებულია იმისათვის, რომ რუსეთი დაეუფლოს უფრო დიდ პრიზს - უკრაინას და საქართველოს. ამიტომ, ჩემი აზრით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინა დაიმორჩილოს”.

ის, რაზეც სერგი კაპანაძე ლაპარაკობდა, თითქმის მთლიანად არის უარყოფილი საქართველოში კარგად ცნობილი ერთი უცხოელი ექსპერტის მიერ ”კარნეგის ცენტრის” ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში. ექსპერტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მთავარ მიზანს ყირიმში განთავსებული სამხედრო ფლოტის ბაზის შენარჩუნება წარმოადგენს ”ნებისმიერ საფასურად”. თუმცა ექსპერტი ფიქრობს, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელია - ისევე როგორც ამის გაკეთება 2008 წელსაც შეიძლებოდა:

”კვლავაც ბევრი იყენებს ფრაზას - ”რუსეთი შეიჭრა საქართველოში” 2008 წლის აგვისტოში. მაგრამ მთლად ასე არ ყოფილა. ოსებსა და ქართველებს ჰქონდათ მცირე ლოკალური ბრძოლები ადგილზე, რუსეთის 58-ე არმია კი სათადარიგო მზადყოფნაში იყო. საქართველოს პანიკაში ჩავარდნილმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პირველმა შეუტია, ხოლო რუსეთის არმიამ საპასუხოდ იმოქმედა რამდენიმე საათის შემდეგ”.

თომას დე ვაალის სტატიას საკმაოდ დიდი გაღიზიანება მოჰყვა ანალიტიკურ წრეებში და ისიც აღინიშნა, რომ ის რუსეთის ინტერესების ღია დამცველად გვევლინება. საუბარია რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებზე, გავლენის სფეროების დაბრუნება-შენარჩუნებასა და თავისუფალი სახელმწიფოების თავისუფალ არჩევანთან ბრძოლაზე.

როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის - ”არსენალის” - მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ომი ყირიმში ხელს აძლევს რუსეთს 1954 წელს მისთვის ჩამორთმეული და დღემდე საკუთრებად მიჩნეული ტერიტორიის დასაბრუნებლად და ის შესაბამის საკანონმდებლო ბაზასაც ამზადებს. ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, მოსკოვისთვის თითქმის სულ ერთია წამოეგება თუ არა უკრაინის ხელისუფლება პროვოკაციებს, რადგანაც მისთვის უმთავრესია მიზანს მიაღწიოს:

”ფაქტიურად უკვე ოკუპირებულია ყირიმი. გზებს აკონტროლებენ, რადის შენობას, მთავრობის შენობას აკონტროლებენ, რუსეთის დროშებია უკრაინული დროშების მაგივრად აღმართული და ეს არის სრული ოკუპაცია. მიზანი მიღწეულია და თუკი გაიბრძოლა უკრაინამ, ბრძოლა დაიწყება და რუსეთი მაინც თავისას გააკეთებს. აქ საჭიროა ძალიან სერიოზული ზეწოლა რუსეთზე - პოლიტიკური, პირველ რიგში... ცხადია, ომს არ ვგულისხმობ მე”.

საქართველოში იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩარევის შედეგად მოხერხდება სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება ყირიმში და რომ დასავლეთი ადეკვატურად უპასუხებს რუსეთის სამხედრო შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” თანადამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, გადამწყვეტია შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის როლი იმაში, რომ რუსეთმა ვერ მოახდინოს უკრაინის ტერიტორიის საბოლოო ოკუპაცია და თავიდან იქნეს აშორებული შემდგომი სისხლისღვრა.

ყირიმში განვითარებულ მოვლენებს უკვე მოჰყვა მკაფიო განცხადებები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მაგალითად, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა 28 თებერვალს, ის შეშფოთებულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებული ცნობებით. მან გარკვევით მიანიშნა, რომ უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის რუსეთს ”საფასურის გადახდა” მოუწევს, ხოლო თუკი რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, მას აქტიური სატელეფონო საუბრები აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG