Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსი პატიმრების მშობლები შვილებს ხვდებიან, ცხინვალელი უფლებადამცველები კი ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ


დღეს ცხინვალიდან იმ პატიმრების მშობლები გამოვიდნენ, რომლებიც სასჯელს გორის ტერაქტის მოწყობისთვის იხდიან. გია ზასეევს, გიგო ვალიევს და იოსებ კოჩიევს სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, მშობლებმა შვილები გლდანის ციხეში მოინახულეს. ერთ-ერთი პატიმრის - გია ზასეევის - დედა, ლუდმილა უსოვიჩი, საქართველოს ხელისუფლებას ტერაქტის მოწყობისთვის გასამართლებულ პირთა სასჯელების გადახედვას სთხოვს. ის ფიქრობს, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებამ მისი შვილი უსამართლოდ შეთითხნილი ბრალდებით დააკავა.

გორის სამხარეო პოლიციის სამმართველოსთან ტერორისტული აქტი 2005 წლის 1 თებერვალს მოხდა. აფეთქებას 3 პოლიციელი ემსხვერპლა. ტერაქტიდან რამდენიმე თვეში საქართველოს ხელისუფლებამ დანაშაული გახსნილად გამოაცხადა და ამ საქმეში რუსულ კვალზე ალაპარაკდა. ზასეევს, ვალიევს და კოჩიევს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. მას შემდეგ ოსი უფლებადამცველები და მშობლები სასჯელის გადახედვის თხოვნით გამოდიან. ოსმა უფლებადამცველმა ლირა კოზაევამ ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს. მისი აზრით, ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებას პატიმართა საქმეების გადახედვა ხელს შეუწყობს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ პატიმართა მშობლების როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს გადაყვანის მექანიზმი დიდი ხანია მუშაობს. რაც შეეხება ქართული დელეგაციის ინიციატივას, რომ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის წევრებმაც დაიწყონ თბილისისა და ცხინვალის ციხეებში ვიზიტი, ჯერჯერობით ოსური მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი ერგნეთის მომდევნო შეხვედრაზე ოსი კოლეგის პასუხს ელოდება.

ოსური დელეგაცია დიდი ხანია აყენებს პატიმართა გაცვლის საკითხს, პრინციპით ყველა-ყველაზე. ოსი უფლებადამცველები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ნაბიჯებს ახლო მომავალში გადადგამს და დედებს შვილებს მალე დაუბრუნებს.
XS
SM
MD
LG