Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბებოს დალოცვა



("ორი დაცემინების ამბის" გაგრძელება)

იკითხება მას მერე, რაც შვილიშვილი დააცემინებს


ვაი!.. იცოცხლე, ბებო! ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, ბები!.. დიდხანს სიცოცხლე... სულ ას წლამდე! სულ ტკბილად... შენ ცოლ-შვილში... შენ სახლში, ბებო... მანქანაც, ბები... კრედიტები - არა... იპოთეკა - არა!.. ფული და ფული და ფული, ბები... საკუთრივ შენი... ქონებრივი დეკლარაციების შევსება, ბებო - ღმერთმა ნუ მომასწროს მაგის შეუვსებლობას!.. შევსება და შევსება, ბები, მუხლჩაუხრელი შევსება... ყველას ჯინაზე, ბებიკო!!! ყველას დასანახად, ბებია! რამდენიც გეკუთვნის და რამდენიც დაიმსახურე! და ჩემ საფლავზე ერთი-ორჯერ ამოსვლა და კვერცხის გაგორება, ბებია... და არჩევნებზე წასვლა და შენი სამოქალაქო ვალის მოხდა, ბები; და ხელისშეწყობა, ბებია, რამდენადაც შეგიძლია, რომ დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდეს არჩევნები და არ გაყალბდეს, ბები... არ გაყალბდეს, შენ შემოგევლე, არ თქვან - გაყალბდაო და თავი არ მოგვეჭრას მთელ მსოფლიოში... და ექსტრემიზმი არ იკადროს არავინ, ბებიკო, ხელისუფლებამ პირველ ყოვლისა და არ იყოს ცემა, ბები, და არ იყოს ქვის სროლა და უბედურება... არ გვინდა, ბები, ძალაუფლების ერთი ცენტრი და ბალანსი მიგვეღოს, შენ შემოგვევლე, ცენ გენათალე მე, აგალ დააცემინო, ოცოდე... რეალური დემოკრატია მიგვეღოს, ბებია, და ჩვენ თავს ნუ დავაყენებთ ამ საწყალ ქვეყანაზე მაღლა; თუ გადავრჩებით, მარტო დემოკრატიით, ბებია, თორემ მარტო "ლაზიკებით" ვინ მიგიღებს, ბები, ევროპაში... "ლაზიკა" - არა, ბები... და თავი დაანებონ, ბებო, კალაძეს, თორემ დავწყევლი მაგათ ყველას; რახან შენთან არაა, ესე იგი, ცუდია? ასეთი ფიქრები - არა, ბებია, ასეთი დამოკიდებულება არ გქონდეს მოვლენების მიმართ, შენ შემოგევლე მე... სისუფთავე, ბები, პოლიტიკაში... მეტნაკლები მაინც; და "ქართულ ოცნებაშიც" როგორ მოხვდა ზოგიერთი ძველი მაჯლაჯუნა - ჩემ დროს რა იყვნენ ეგენი და ახლა რაღა იქნებიან! დაფერთხოს ეგენი! ეგენი აღარ, ბები! ორიენტირი - მომავალზე, ბებიკო! ხვალინდელ დღეზე, ჩემო სიცოცხლე! ნაფტალინით რას მოიგებ, ბებია!.. "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობა აღარ მაკადრო, ბები! მეჯავრება, საერთოდ, უმრავლესობები! იყოს თუნდაც კოალიცია... ქვეყნისათვის უკეთესია! რეალურად ამასახინე, ბები, სურათი! ათქმევინე, ბები, ეშტონს - დედა, რა კარგი ქვეყანა ყოფილა საქართველოო... ნუ შემარცხვენ, ბები, ბაროზოსთან! უვიზო მიმოსვლა, ბები... წინსვლა, ბებიკო, ამ მიმართულებით! წასვლა და წამოსვლა, წასვლა და წამოსვლა! დამშვიდდეს, ბები, სააკაშვილი... ეყოს! ნუ გადამრია, გულს ნუ მოხეთქავს! ღირსეული არჩევნები, ბები... თენ გენათალე მე, არ გამაგონო შენი ცემინება!
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG