Accessibility links

logo-print

ქალზე ძალადობასა თუ შს მინისტრის გინებას შეწირული ინსპექტორი?


ორგანიზაცია „იდენტობის“ პრესკონფერენცია

ორგანიზაცია „იდენტობის“ პრესკონფერენცია

ორგანიზაცია „იდენტობა“ შსს-სა და პროკურატურას პატრულ-ინსპექტორზე ზეწოლაში ადანაშაულებს. საქმე ეხება გასულ ზაფხულს თბილისში, სანაპიროზე, მომხდარ ინციდენტს, როცა შსს-ს ნასვამმა თანამშრომლებმა ერთმანეთში ჩხუბის დროს შს მინისტრი აგინეს. ორგანიზაცია „იდენტობის“ იურისტების აზრით, ინციდენტის დროს ადგილზე გამოძახებული პატრულ-ინსპექტორი დღეს ზეწოლის მსხვერპლია.

გასულ ზაფხულს, 18 ივნისს, ტელეკომპანია „ტაბულის“ გადამღებმა ჯგუფმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შსს-ს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლების ჩხუბი გადაიღო. ერთ-ერთი მათგანი შს მინისტრ ალექსანდერე ჭიკაიძეს აგინებს. ამ ფაქტზე შსს-ს გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო და რამდენიმე დღეში ყველა პოლიციელი თანამდებობიდან გაათავისუფლა, თუმცა, როგორც ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, ინციდენტი ამით არ ამოწურულა. შსს და პროკურატურა იმ პოლიციელებზე განაგრძობს ზეწოლას, რომლებიც შემთხვევის დროს სანაპიროზე გამოიძახეს. ერთ-ერთი მათგანია პატრულ-ინსპექტორი პაატა დობორჯგინიძე.

5 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა დობორჯგინიძემ თავად გაიხსენა ინციდენტის დღე და ის მიზეზიც განმარტა, რომელიც, პატრულ-ინსპექტორის აზრით, მისი დევნის მიზეზი გახდა. როგორც პაატა დობორჯგინიძე იხსენებს, შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ მან გამოიძახა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური და გენერალური ინსპექცია, რადგან ჩხუბში ჩართული ადამიანები პოლიციის თანამშრომლები და რანგით მასზე მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. შესაბამისად, პაატა დობორჯგინიძის თქმით, ჩხუბში ჩართული ადამიანების სამართლებრივი საკითხიც სწორედ საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური ინსპექციის კომპეტენცია იყო. ინციდენტიდან რამდენიმე ხანში, პაატა დობორჯგინიძე შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს:

„გენერალურ ინსპექციაში შესვლისას პირველივე კითხვა მე დამისვეს, გნებავთ თუ არა სამსახურის გაგრძელებაო. ეს მე მუქარად მივიღე. გვთხოვდნენ პასუხს იმაზე, თუ რატომ არ დავაკავეთ ის პოლიციელები, რომლებიც ჭიკაიძეს აგინებდნენ. მაშინ, რას აკეთებდნენ შესაბამისი სამსახურები, გენერალური ინსპექცია, საგამოძიებო სამსახური, რომლებიც ჩვენ ადგილზე გამოვიძახეთ? მათ რატომ არ გასცეს პოლიციელების დაკავების ბრძანება? რატომ გაუშვეს ოთხივე პიროვნება?“- კითხულობს პაატა დობორჯგინიძე.

აქ ხელისუფლება იყენებს აქტუალურ თემას საზოგადოებისთვის. ეს არის ქალზე ძალადობა. და თითქოსდა პაატა ემუქრებოდა მის ნაცნობ ქალს მოკვლით. ანუ, ემუქრებოდა კი არა, ვითომდა, მას ესროლა თავისი პირადი იარაღიდან...

პაატა დობორჯინიძეს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, რასაც რამდენიმე ხანში კიდევ ერთი საყვედური მოჰყვა. ამ ფაქტების შემდეგ პაატა დობორჯგინიძემ პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, სადაც წერს, რომ იძულებულია სამსახური დატოვოს. თუმცა, ორგანიზაცია „იდენტობის“ იურისტის ნინო ბოლქვაძის თქმით, რადგან შს სამინისტროსთვის პატაკის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა, ის არ დააკმაყოფილეს. მიუხედავად იმისა, რომ დობორჯგინიძე უკვე ერთი თვეა სამსახურში არ ცხადდება, მის გათავისუფლებაზე ბრძანება დაწერილი არ არის. სამაგიეროდ, პატრულ-ინსპექტორის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და 5 ნოემბერს ის ქალაქის პროკურატურაში დასაკითხად გამოიძახეს. ამჯერად პატრულ-ინსპექტორის პროკურატურაში დაბარების მიზეზად ნაცნობ ქალზე ძალადობა დასახელდა. როგორც ნინო ბოლქვაძე განმარტავს, პროკურატურის ბრალდება პაატა დობორჯგინიძის ნაცნობი ქალის საჩივარს ემყარება, სადაც აღნიშნულია, რომ დობორჯგინიძემ მას ესროლა. ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ ეს ბრალდება ტყუილია და, სავარაუდოდ, საჩივარი ზეწოლის შედეგად არის დაწერილი:

„აქ ხელისუფლება იყენებს აქტუალურ თემას საზოგადოებისთვის. ეს არის ქალზე ძალადობა. და თითქოსდა პაატა ემუქრებოდა მის ნაცნობ ქალს მოკვლით. ანუ, ემუქრებოდა კი არა, ვითომდა, მას ესროლა თავისი პირადი იარაღიდან. ვითომ მომხდარი ინციდენტის ერთი თვის თავზე ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. არადა, ეს ექსპერტიზა მაშინვე რომ ჩატარებულიყო, გაცილებით მარტივი გახდებოდა შედეგის მიღება, იგივე დენთის კვალის გამოვლენა და ა.შ. ექსპერტიზამ სწორედ ის აჩვენა, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ამ იარაღიდან გასროლა ბოლო გაწმენდის შემდგომ არ განხორციელებულა“.

ნინო ბოლქვაძის განმარტებით, ძალიან მალე ამ ბრალდებას პაატა დობორჯგინიძის მიმართ კიდევ ორი ბრალდება დაემატა:

„როგორც ჩანს, გამომძიებელი მიხვდა, რომ ეს საქმე სასამართლოში წასაღებად და აღმკვეთი ღონისძიების მოსათხოვნად ძალიან სუსტი იყო და ამიტომაც დამძიმდა ბრალი. დაემატა ცემისა და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლი“.

აღნიშნული პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, ასევე 125-ე და 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარის, ცემისა და იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტს. ეს არის დამოუკიდებელი საქმე...

5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ განიხილა პაატა დობორჯგინიძის მიმართ ქალაქ თბილისის პროკურატურის მიერ დაყენებული აღმკვეთი ღონისძიების შესახებ საკითხი. პატრულ-ინსპექტორის ადვოკატის ინგა არახამიას თქმით, სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა:

„სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მას შეუფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით, ანუ გირაოს მინიმუმი“, - ამბობს ინგა არახამია.

მტკიცედ უარყოფს პაატა დობორჯგინიძისთვის ბრალდების წაყენებასა და სანაპიროს ინციდენტს შორის კავშირის არსებობის თაობაზე მოსაზრებას საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია სუხიაშვილი. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, ამ ორ სხვადასხვა საკითხს საერთო არაფერი აქვს:

„აღნიშნული პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, ასევე 125-ე და 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარის, ცემისა და იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტს. ეს არის დამოუკიდებელი საქმე. გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში და არანაირი შეხება არ აქვს შსს-თან“.

პაატა დობორჯგინიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 21 იანვრიდან დაიწყება, ხოლო რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ შეიძლება ხორციელდებოდეს ზეწოლა მაინცდამაინც პატრულ-ინსპექტორ პაატა დობორჯგინიძეზე, ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელს, ირაკლი ვაჭარაძეს, ასეთი პასუხი აქვს:

„სისტემას სჭირდება მსხვერპლი. მან, ასე ვთქვათ, შეარცხვინა სამინისტროს მუნდირი და დანაშაულის დამალვას ხელი არ შეუწყო“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ უწყება არ ადასტურებს პატრულ-ინსპექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მასზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე. უწყების განცხადებით, თუკი პაატა დობორჯგინიძეს გააჩნია რაიმე ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართოს.

XS
SM
MD
LG