Accessibility links

ავტორი: ნუცა ჩალაური

ლარი ფლინტს, ფილმის მთავარ გმირს, არც თუ ისე სასიამოვნო ბავშვობა ჰქონდა. ხელმომჭირნე ოჯახი, ლოთი მამა და მუდმივი შრომა. ასეთ პირობებში ცხოვრება არავის უნდა და სწორედ უბედურებაგამოვლილი ადამიანები არიან ხოლმე ყველაზე მეტად ბრძოლისუნარიანები. ლარიც გაიზარდა და ფულის შოვნის გზასაც მიაგნო - ჯერ სტრიპტიზ ბარი, შემდეგ კი პორნოგრაფიული ხასიათის სკანდალური ჟურნალი, რომელიც შიშველი ჟაკლინ კენედის ფოტოებით გახდა ცნობილი. მან გვერდი აუარა კანონებს, ჟურნალში გოგონების გამოსახულება არღვევდა ყველა არსებულ ნორმას და ამორალურობამდე მიდიოდა . ასე იყო თუ ისე, გავლენიანი ადამიანების ინტერესიც კი დაიმსახურა და პოლიტიკური პირებიც შენიშნეს გაზეთის ჯიხურების რიგში მდგარნი. და აქ იწყება ფილმის ერთ-ერთი თემა - საზოგადოება და ყალბი ფასეულობები. ქალაქის ზნეობაზე მზრუნველნი სასწრაფოდ იკრიბებიან და ეძებენ გზას, თუ როგორ იხსნან კეთილშობილი სულები საცდურისგან. შეკრებილი ადამიანები კი, ჟურნალებს - ნივთმტკიცებებს ისე სტაცებენ ერთმანეთს ხელიდან, რომ მათ საქციელში აღშფოთებისგან ცოტა განსხვავებული ჟინი იგრძნობა.
ლარი ფლინტს ბრალს სდებენ საზოგადოების გარყვნასა და ორგანიზებულ დანაშაულში. იწყება პროცესები სავსე პათეტიკით, ორატორობით, ფაქტებით, ყველაფერი ეს კი მიმართულია ნაფიცი მსაჯულების მოხიბვლისაკენ. საზოგადოება ყოველთვის მკაცრია ჩარჩოებს გაცდენილი ადამიანების მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, დედამიწის ბრუნვას ამტკიცებენ ისინი თუ შიშველ სურათებს ავრცელებენ. მაშინ კი, როცა ლარის გმირობა არც თავისუფლების მომტანი იყო, არც ერთადერთი ჭეშმარიტების ღაღადებისკენ მიმართული და მხოლოდ სხვათა სიამოვნებით ფულის მიღებას ეხებოდა საქმე, მოსამართლეც კი არ იყო მიუკერძოებელი. ყველამ მოირგო მკაცრი მსაჯულის მანტია და მოისურვა „უზნეოს“ დასჯა.
„საზოგადოებას აქვს უფლება დაადგინოს საკუთარი სტანდარტები?“ - კითხულობს მოსარჩელე, რაზეც ლარი პასუხობს: „არა, ეს ცენზურის შენიღბვაა.“

ფილმის ძლიერი მხარეა სასამართლო პროცესები, რომლებიც იმდენად საინტერესო, თუმცა საკმაოდ სერიოზულია, რომ სიტუაციის რეალურად აღქმა ადვილი ხდება, მაყურებელი იმის მიხედვით, რომელი მხარის სიტყვაა, გადადის ერთი აზრიდან მეორეზე და ძნელი ხდება მკაფიოდ იმის განსაზღვრა, რა არის თავისუფლება, მორალი, სწორი და არასწორი.
ლარი ფლინტის ადვოკატი, რომელსაც განასახიერებს უნიჭიერესი მსახიობი ედვარდ ნორტონი, თავის პირველივე გამოსვლაში ამბობს: „არც მე მომწონს ის, რასაც ლარი ფლინტი აკეთებს, მაგრამ მიხარია, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც თუკი მომინდება, შემიძლია ვიყიდო ჟურნალი „ჰასტლერი“ და წავიკითხო ანდა სანაგვეში გადავაგდო, თუკი მიმაჩნია, რომ მისი ადგილი იქ არის“. სწორედ ამ სიტყვებით ის გახდა ადვოკატის იდეალი ჩემთვის - ერთდროულად არის გულწრფელი, მაგრამ მაინც დემაგოგი. ის ეთანხმება მოსარჩელეს, მაგრამ საწინააღმდეგო აზრს ახვევს თავს ნაფიც მსაჯულებს.
ამონარიდები ადვოკატის სიტყვიდან:
„თავისუფლებისთვის არსებობს საფასური, რომელიც ჩვენგან მოთმინებას მოითხოვს.“
„თუ ჩვენ კედლებს აღვმართავთ ყველაფერი იმის მიმართ, რაც უხამსად გვეჩვენება, ერთ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ყველგან კედლებია. ეს კი უკვე აღარ არის თავისუფლება“
მაშ ასე, სასამართლო პროცესის გამართვის მიზეზი იყო პორნოგრაფიულ ჟურნალში თამამი ფოტოების დაბეჭდვა და შემდეგ მათი გაყიდვა ყველასათვს ხელმისაწვდომ მაღაზიებში. ერთი მხრივ, მართლაც, ხომ არ შეიძლება ავკრძალოთ ყველაფერი, რაც პოტენციურად საფრთხის შემცველია საზოგადოების ჯანსაღი განვითარებისათვის? მეორე მხრივ კი, ჯერ ის უნდა დავადგინოთ, რა არის თავისუფლება და როგორია ჯანსაღი ცხოვრება. შეიძლება რომ თავად თავისუფლება ზღვარდადებული იყოს, თუ მართალია ფლინტი, როდესაც ამას ფარულ ცენზურას უწოდებს?
არ ვიქნები ტრივიალური და არ განვმარტავ რა არის თავისუფლება, მაგრამ ვიტყვი, რომ არ მომწონს ყველაფრის ამ საფარველში გახვევა. ფილოსოფოსთა ( და არა მარტო) უმრავლესობა თანხმდება იმ აზრზე , რომ ადამიანის ბუნება შორსაა წმინდანობისგან, რომ ის სავსეა მანკიერებებით და კანონებიც სწორედ მათ მოსათოკად გახდა საჭირო. დიახ, ყოველგვარი საზოგადოებრივი შეთანხმება თუ სტანდარტი ცენზურაა, ხან ფარული, ხანაც თვალნათელი.
ფილმი რომ მომაბეზრებელი სიზუსტით არ აღვწერო, გადავალ პირდაპირ იმ ფრაგმენტზე, როდესაც ციხიდან ახლად დახსნილი ლარი სიტყვით გამოდის თავისუფალი პრესის დასაცავად. ის იწყებს ქადაგებას, თუ რა საფრთხის მომტანია ადამიანისათვის ომი, რა ამაზრზენი ქმედებაა კაცის კვლა და რა უმწიკვლობაა ამ ყველაფერთან შედარებით კაცობრიობის სურვილი სექსისა და ეროტიკის მიმართ. ეს რაღა თქმა უნდა, დემაგოგიაა, დებატების უხეში დარღვევა - შეადარო ერთმანეთს ორი რადიკალურად განსხვავებული ცნება და ამ გზით საკუთარი სიმართლე დაამტკიცო. რა სახსენებელია პორნოგრაფიული ჟურნალი, როცა ამდენი ტერაქტი ხდება?! და მაინც, იქნებ მართალია ლარი, როგორ შეიძლება ამორალურად გამოვაცხადოთ ის, რაც ბუნებრივია მთელი მსოფლიოსთვის, განურჩევლად ენისა, სქესისა, რელიგიისა... ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ზნემაღალ ადამიანთა უბიწოებაში ეჭვი ყველას ეპარება. ერთია, როცა რაღაცას აპროტესტებ და მეორეა, ვინ აპროტესტებს. ბოლოს და ბოლოს, ლარის ის ადამიანები ეწინააღმდეგებიან, ვინც ვერ ბედავენ მასავით თამამები იყვნენ და საკუთარ ფარულ სურვილებს ფარდა ახადონ.
ფილმის მეორე საინტერესო ასპექტი არის რელიგია. ლარი ფლინტს უკავშირდება პრეზიდენტის და - გავლენიანი მორწმუნე ქალი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ის რაც სასამართლომ ვერ შეძლო იძულებით, მან მოახერხოს ფსიქოლოგიური ზეგავლენით. ქალს სურს, რომ ინტიმური პრესით მოვაჭრე ჭეშმარიტ ევანგელისტად აქციოს. როდესაც ისინი ერთად სადილობენ, რუდ კარტერი (ღვთისმოსავი მილიონერი) ლარის ამცნობს, რომ მას აქვს რაღაც ზებუნებრივი უნარი, უშველოს გზასაცდენილ სულებს, რაზეც პორნოჟურნალის რედაქტორის ხუმრობა მოჰყვება: „ მე კი მეგონა,რომ თქვენც ბაზრის იმ შარლატანთაგანი ხართ, ბავშვებს რომ შხამიანი გველებით აშინებენ და იწყევლებიან“. ეს უწყინარი ხუმრობა, სრულიად გამოხატავს მისი წარმომთქელის შეხედულებას რელიგიაზე. და მართლაც, რითი განსხვავდება სულების მკურნალი ბაზრის შარლატანისგან? ის ამბობს ერთ ძალიან საინტერესო წინადადებას: „ლარი, მე და შენ ვგავართ ერთმანეთს, ჩვენ ორივე ვცდილობთ ადამიანები სექსუალური ემოციების შეკავებისგან გავათავისუფლოთ.“
რუდ კარტერმა მოახერხა, რომ ლარი მოენათლა, თუმცა ეს მისთვის ჟურნალის ახლი შთაგონების წყარო უფრო იყო, ვიდრე მონანიების საშუალება. გაჩნდა ახალი ფოტოები, სადაც შიშველი სხეულები ინსპირირებული იყო ბიბლიური ელემენტებით. აქ უკვე საქმე გვაქვს მკრეხელობასთან, რისთვისაც კიდევ ერთხელ მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომა. თუმცა ლარისთვის ეს არ იყო მწვალებლობა, ის იყო შეპყრობილი იდეით, რომ პორნოგრაფია და რელიგია ერთიანობაში მოეყვანა - ფიზიკური მშვენიერება ღმერთის შექმნილია, რატომაც არ უნდა შევუწყოთ ხელი მის გამომზიურებას?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რწმენა ხომ ინდივიდუალურია, თუკი ლარის მიერ რელიგიური პორნოგრაფია სულაც არ იყო გროტესკი და მას მართლაც სწამდა საკუთარი სიმართლის, განა არ ჰქონდა უფლება, თავისუფლად გამოეხატა საკუთარი აზრი? მაგრამ, ცნობილი გამოთქმაა: „შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ჩემი იწყება“. შესაბამისად, მიუხედავად ლარის გულწრფელი ემოციებისა, ჯვარზე გაკრული შიშველი ქალი, ანდა სქესობრივი აქტით დაკავებული ადამი და ევა სამოთხის ბაღში, მართლაც შეურაცხყოფა იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის.
პორნო-ანგლიკანელი სამოქალაქო სასჯელის მსხვერპლი გახდა - ტყვია ზურგში და სამუდამო ინვალიდობა. მისი ღვთიური სხივიც მაშინვე ქრება, მისთვის ღმერთი აღარ არსებობს.
ლარი ფლინტის პერსონაჟი, რომელი, სხვათა შორის, სულაც არ არის მწერლის ფანტაზიის ნაყოფი, ფორმანის სხვა გმირებივით ექსცენტრიულია და რაღაცით თავად რეჟისორს გავს. ის ყოველთვის ამბობდა, რომ სურდა პოპულარობა და არ ჰქონდა მნიშვნელობა ამას რა გზით მოახერხებდა. ლარიც ყველაფერს აკეთებს, რომ შეცვალოს ის, რაც მიუღებლად მიაჩნია, რითაც დაიმკვიდრებს ადგილს. მან ბრძოლა საკუთარი კაპიტალის დასაცავად დაიწყო და ბოლოს, თავისუფლების ქანდაკების როლში გვევლინება.
ლარი ფლინტი, ერთი მხრივ, ყველა ნორმის წინააღმდეგ მებრძოლი, სასამართლოს მიმართ ნიჰილისტურად განწყობილი, სწორედ იმავე სასამართლოს მეშვეობით ცდილობს დაამსხვრიოს სტერეოტიპები. ამ ყველაფერს განსაკუთრებულ ხიბლს კი სწორედ ის სძენს, რომ მას შეუძლია დაამკვიდროს პრეცედენტი, რომლითაც შემდგომში სხვები იხელმძღვანელებენ.
მისტერ აიზერმანის - ადვოკატის მონოლოგები სასამართლოში იმდენად საინტერესოა, რომ მაყურებლის თვალში რეალობა გარდაიქმნება ფილმად, ვერ წყდება მას და მთლიანად მისი გაანალიზებითაა მოცული, ლარი ფლინტის არაადექვატური საქციელები კი ისე მოქმედებს საზოგადოებაზე, როგორც ცივი წყალი. ვუდი ჰარელსონი ნამდვლივი ვირტუოზია, მან ისეთი ეპოქალური გმირი შექმნა, რომ ერთხელ ნახვის შემდეგაც კი წარმოუდგენელია მისი მიმიკების, ფრაზების გონებიდან ამოშლა.
მთავრდება ფილმი და მაინც ვერ გაგვირკვევია, ჩვენს რაიმე ქმედებას როდემდე ვამართლებთ თვითგამოხატვის თავისუფლებით, ან ვის აქვს უფლება წინ აღუდგეს სხვათა ამორალიზმს? ვითომ ყველაფერი გასაგები, საბოლოოდ მაინც კითხვის ნიშნებს ტოვებს.
რა მოიგო ლარი ფლინტმა?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG