Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იხდიან ”112”-ის საფასურს წინასწარ?


ბოლო რამდენიმე დღეა მობილური ტელეფონების აბონენტები მოკლე ტექსტურ შეტყობინებას იღებენ იმის შესახებ, რომ მათ ანგარიშიდან ”112”-ის მომსახურების საფასური 20 ან 50 თეთრი ჩამოეჭრათ. შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი ”112”, რომელმაც რამდენიმე საგანგებო სამსახური უნდა გააერთიანოს, ჯერ არ შექმნილა, თუმცა, მთავრობის #489 დაადგენილებით, სერვისის საფასური მობილური თუ ფიქსირებული ტელეფონების მფლობელ მოსახლეობას მაინც ჩამოეჭრება.

SMS-ი, რომელიც ცოტა ხნის წინ მობილური ტელეფონის მფლობელმა ყველა აბონენტმა მიიღო, იტყობინებოდა, რომ 2012 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მთავრობის #489 დადგენილებით, მათ ანგარიშიდან დაექვითებოდათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, "112"-ის, მომსახურების საფასური, 20 თეთრი, თუ თვის განმავლობაში დახარჯული თანხა 5 ლარს აღემატებოდა. მთავრობის ეს დადგენილება დღეს ყველა მობილური ოპერატორის ოფიციალურ ვებგვერდზე დევს. მასში ასევე მითითებულია, რომ იურიდიული პირებისათვის ამ საფასურის ოდენობა 50 თეთრია. იგივე წესი ვრცელდება ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომრებზეც. ”112” ჯერ არ შექმნილა, თუმცა აბონენტებს მომსახურების საფასური ანგარიშიდან უკვე ჩამოეჭრათ. მოსახლეობის პროტესტიც სწორედ ამან გამოიწვია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ილია ჭანტურაია აღნიშნავს, რომ ეს დადგენილება სამართლიანობის კუთხით კითხვებს მართლაც აჩენს. მაგალითად,
რატომ უნდა გადაიხადონ ეს საფასური აბონენტებმა იმ შემთხვევაშიც კი, თუ „112“-ის მომსახურებით არ სარგებლობენ?

რატომ უნდა გადაიხადონ ეს საფასური აბონენტებმა იმ შემთხვევაშიც კი, თუ „112“-ის მომსახურებით არ სარგებლობენ? და, საერთოდ, რატომ უნდა იყოს მსგავსი მომსახურება ფასიანი? თუმცა ჭანტურაია იმასაც ამბობს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით მთავრობასთან დავას აზრი არა აქვს, რადგან მის მიღებამდე რამდენიმე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა:

”ეს დადგენილება პრეამბულაში ადგენს, რომ ის მიღებულია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის თანახმად და თვით ”112”-ის შექმნის შესახებ კანონის თანახმად. ამ კანონებში კი პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ საფასურის ოდენობას მთავრობა ადგენს. ზოგადად მსგავსი საფასურის დადგენა მთავრობის ფუნქციებში არ შედის. სწორედ ამიტომ შეიტანეს კანონში წინასწარ ცვლილება, რომ სამართლებრივად ვერავინ მოსდავებოდა.”

ჭანტურაია შენიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის 62-ე მუხლის მიხედვით, მობილური ოპერატორი ვალდებულია საგანგებო სამსახურებზე ზარი მომხმარებლებისთვის იყოს უფასო. მაგრამ დღეს კანონის ეს ნორმაც აზრს კარგავს, რადგან მობილური ოპერატორი ვალდებულია შეასრულოს მთავრობის დადგენილება. აქვე, ცნობისათვის, გეტყვით, რომ, კომუნუკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში არსებობს მობილური ქსლის 3 709 049 და ფიქსირებული ქსლის 1 245 758 აბონენტი.

რა სამსახურებს გააერთიანებს მომავალი „112“ და რატომ მოხდა, რომ მის საფასურს ხალხს სამსახურის შექმნამდე თვეებით ადრე ახდევინებენ? საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე განმარტავს, რომ „112“, რომლის ფუნქციონირებაც ივნისიდან უნდა დაიწყოს და რომელიც შსს-ს დაექვემდებარება, რამდენიმე სერვისს გააერთიანებს. თუმცა გიორგაძეს არა აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ უწევს მოსახლეობას ამ სერვისის საფასურის გადახდა წინასწარ:

”სამსახური ივნისში ამოქმედდება და გააერთიანებს სასწრაფოს, სახანძროს, სამაშველოს და ა.შ., მაგრამ საფასურთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით.”

ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის დადგენილება უკვე გააპროტესტეს. მაგალითად, ლეიბორისტულმა პარტიამ მთავრობის სახელზე სარჩელი პარასკევს, 27 იანვარს, შეიტანა. მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ლეიბორისტები, მათივე თქმით, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, უკვე სასამართლოს მიმართავენ, აცხადებს პარტიის ერთ-ერთი წევრი, პაატა ჯიბლაძე:

მაშინ პოლიციის მომსახურებაც ფასიანი გახადონ და სამართლებრივი წესრიგის დამყარებისთვისაც გადავუხადოთ პოლიციას.

”თუ არ დააკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობის სამართლიან მოთხოვნას ”ხალხზე მზრუნველი” მთავრობა, იძულებული გავხდებით სასამართლოს მივმართოთ და დავიწყოთ დავა სამართლიანობის აღსადგენად, რომ ასეთი გადასახადებით არ ყაჩაღდებოდეს საქართველოს მოსახლეობა.”

მთავრობის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი ლევან იზორია და ამბობს, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი სერვისი უფასოა:

”მთელ მსოფლიოში ასეა - როგორც დარეკვა, ისე მომსახურება მსგავსი სამსახურებისა უფასოა. მაშინ პოლიციის მომსახურებაც ფასიანი გახადონ და სამართლებრივი წესრიგის დამყარებისთვისაც გადავუხადოთ პოლიციას.”

ხალხის ერთ ნაწილს ვერ გაუგია, რაში ახდევინებს მას მთავრობა ფულს, ნაწილიც ფიქრობს, რომ 20 თეთრი არც ისე დიდი თანხაა, რაზეც ხმაურის ატეხა ღირს.

დადგენილების მიხედვით, საფასურისგან გათავისუფლებულები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG