Accessibility links

logo-print

როგორ ვისწავლეთ პირველი მსოფლიო ომის გაკვეთილები

  • ნიკო ნერგაძე

პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 100 წელი გავიდა და ისტორიკოსები დღემდე დაობენ მისი დაწყების მიზეზებზე. ამავე დროს, ასი წლის წინანდელი ამბები დღესაც აქტუალურია, რადგან, ზოგის აზრით, ვითარებას დღევანდელ მსოფლიოში ბევრი საერთო აქვს პირველი მსოფლიო ომის წინანდელ ევროპასთან. რადიო თავისუფლების ბალკანეთის სერვისის კორესპონდენტმა დრაგან სტავლიანინმა ამ პერიოდის წამყვან მკვლევრებს ჰკითხა, თუ როგორ დაიწყო, მათი აზრით, კატასტროფული კონფლიქტი და შეიძლება თუ არა პარალელების გავლება დღევანდელ ვითარებასთან.

ანიკა მომბაუერი, ლონდონის ღია უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი და პირველ მსოფლიო ომზე დაწერილი არაერთი სტატიისა და წიგნის ავტორი, მიიჩნევს, რომ ერთი ქვეყნისაკენ გადაჭრით თითის გაშვერა არ შეიძლება. ომს მთელ ევროპაში ელოდნენ, ხშირად სულმოუთქმელადაც:

„ევროპის ბევრი ლიდერი და ჩვეულებრივი მოქალაქეც მიიჩნევდა, რომ ადრე თუ გვიან ომი დაიწყებოდა. ამის მიზეზი სოციალური დარვინიზმიც იყო - რწმენა, რომ დიდ ძალას საბოლოოდ მოუწევდა დაპირისპირება სხვა ძალებთან და მათი დამარცხება, რათა დიდი ძალის სტატუსი შეენარჩუნებინა. ევროპაში ბევრ ლიდერს უნდოდა ომი და მათი მოძებნა არც ერთი დიდი ძალის დედაქალაქში არ გაჭირდებოდა, თუმცა მათი დიდი ნაწილი მართლაც თავს იყრიდა ვენასა და ბერლინში. ბევრგან გაიგებდით: „აჰ, ნეტავ ომი მანამდე დაიწყებოდეს, ვიდრე მე პენსიაში გავალ““.

თუ პასუხისმგებელ პირთა სიას ჩამოწერ, ის ყოველთვის დაიწყება ულტიმატუმით, რომელიც ვენის მთავრობამ გაუგზავნა სერბებს და, რაც მთავარია, კარტბლანშით, რომელიც მას გერმანიამ მისცა...

პირველ რიგში ვენასა და ბერლინს ახსენებს გერჰარდ ჰირშფელდიც, შტუტგარტის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და ავტორი წიგნისა „გერმანია პირველ მსოფლიო ომში“:

„თუ პასუხისმგებელ პირთა სიას ჩამოწერ, ის ყოველთვის დაიწყება ულტიმატუმით, რომელიც ვენის მთავრობამ გაუგზავნა სერბებს და, რაც მთავარია, კარტბლანშით, რომელიც მას გერმანიამ მისცა. გერმანიამ ვენას უთხრა, რაც გინდათ, ქენით, ოღონდ სერბეთის საკითხი საბოლოოდ გადაჭერითო. ისინი მე-19 საუკუნის ტიპის ტრადიციულ ომს ელოდნენ, თუმცა მიიღეს ახალი ტიპის ომი, რომელიც მათთვის ყოვლად გაუგებარი აღმოჩნდა“.

სხვა მკვლევართა აზრით კი, მხოლოდ გერმანიისა და ავსტრიის დადანაშაულება არასწორი იქნებოდა. ჯოერნ ლეონარდი, ფრაიბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და ავტორი წიგნისა „პანდორას ყუთი: პირველი მსოფლიო ომის ისტორია“, ამბობს, რომ არ არსებობს რაღაც განსაკუთრებული გერმანული დანაშაული და საჭიროა იმდროინდელი ვითარების უფრო სიღრმისეული ანალიზი:

„მე მგონი, ამ მსჯელობას დანაშაულის გრძნობაზე ომთან დაკავშირებით არასაჭირო მორალური სარჩული აქვს და ახლა უფრო უტყუარი ისტორიული ანალიზი გვჭირდება. და თუ ამ ანალიზს მივყვებით, ვნახავთ, რომ ბევრი სხვადასხვა პასუხისმგებლობა გამოიკვეთება. გერმანიის მიერ ავსტრიისთვის მიცემული კარტბლანში მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ასევე მნიშნელოვანი იყო რუსეთის კარტბლანში, სერბებისთვის მინიჭებული, რის გარეშეც სერბები ულტიმატუმს ვერ გასცემდნენ ისეთ პასუხს, როგორიც გასცეს. ამას ემატება ასევე ერთგვარი კარტბლანში, რომელიც საფრანგეთმა მისცა რუსეთს“.

კი, ვშიშობ, რომ, პესიმისტურად თუ მივუდგებით, პარალელების დანახვა შესაძლებელია. განსაკუთრებით თუ გადავხედავთ ვითარებას უკრაინაში ან ახლო აღმოსავლეთში, სადაც მოვლენები შეიძლება საშინლად განვითარდეს. ეროვნული ღირსების შელახვის ერთი ინციდენტი და ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს...

სწორია თუ არა პარალელების გავლება 1914 წლის ზაფხულსა და 2014 წლის ზაფხულს შორის? შეიძლება, ვთქვათ, ვითარებამ უკრაინაში ან დაძაბულობამ ჩინეთსა და იაპონიას შორის შეასრულოს ერთგვარი დენთის კასრის როლი და ახალი მსოფლიო კონფლიქტი გამოიწვიოს? ისტორიკოსთა აზრები ამ თემასთან დაკავშირებით იყოფა. ჯონ კეიგერის, კემბრიჯის უნივერსიტეტის ევროპის ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობათ პროფესორის, აზრით, მსგავსება იმდროინდელ მოვლენებსა და დღევანდელობას შორის, მართლაც, იკვეთება:

„კი, ვშიშობ, რომ, პესიმისტურად თუ მივუდგებით, პარალელების დანახვა შესაძლებელია. განსაკუთრებით თუ გადავხედავთ ვითარებას უკრაინაში ან ახლო აღმოსავლეთში, სადაც მოვლენები შეიძლება საშინლად განვითარდეს. ეროვნული ღირსების შელახვის ერთი ინციდენტი და ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს... ისეთივე ინციდენტი, როგორიც იყო ფრანც ფერდინანდის მკვლელობა. წინასწარ განსაზღვრა ძნელია, მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, უკრაინაში რუსეთის ელჩი რომ მოკლან? რა შეიძლება მოჰყვეს ამას?“

ანიკა მომბაუერის აზრით კი, პირდაპირი პარალელების გავლება არ შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანები წარსულს ითვალისწინებენ. მისი აზრით, ისტორიის გაკვეთილების ცოდნა დღეს ადვილი შესამჩნევია:

„არ ვიცი, რამდენად ვსწავლობთ ყველა ამ გაკვეთილს, მაგრამ მგონია, რომ ბევრი რამ ვისწავლეთ, რადგან ამწუთას ევროპაში დიდი ომი არ მინდინარეობს. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენ, მართლაც, ვსწავლობთ ისტორიისგან და ვითვალისწინებთ წარსულის გამოცდილებას. მაგრამ არა მგონია, შეიძლებოდეს წარსულში მომხდარი კრიზისი დღევანდელ კრიზისს პირდაპირ შევადაროთ“.

თუმცა, სხვა ისტორიკოსების აზრით, წარსულის გაკვეთილების სწავლა არც ისე მარტივი საქმეა, რადგან ხშირად ადამიანები გაკვეთილებს არასწორად სწავლობენ. ამ აზრზეა, მაგალითად, შონ მაკმიკინი, სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორი და პირველ მსოფლიო ომზე დაწერილი ორი წიგნის ავტორი:

„ისტორია ზუსტად არასოდეს მეორდება. შეიძლება გავავლოთ პარალელი ჩინეთსა და 1914 წლის გერმანიას შორის, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩინეთი შეიძლება იმდროინდელი რუსეთის ანალოგი იყოს. 1914 წელს რუსეთის ეკონომიკა წელიწადში 9 პროცენტით იზრდებოდა. სხვა პარალელების გავლებაც შეიძლება: ტრადიციული ისტორიოგრაფიის აზრით, მაშინდელი ევროპის დესტაბილიზაციას სწორედ რუსეთის ძალის ზრდა იწვევდა და არა გერმანიისა. ასე რომ, ხანდახან, როდესაც ისტორიის გაკვეთილის სწავლა გვინდა, არასწორად ვავლებთ ხოლმე პარალელებს და, საბოლოოდ, გაკვეთილს არასწორად ვსწავლობთ“.

XS
SM
MD
LG