Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 27 ივნისი, 2012 წ.

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ქართული პრესის გვერდებზე, თითქმის ყველგან, შეხვდებოდით პუბლიკაციას სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ. გაზეთების განწყობას სათაურებიც გადმოსცემენ: ”ახალი თაობა” პუბლიკაციას ასე ასათაურებს - ”სისხლიანი ინციდენტი გორში”. „რეზონანსის“ სათაურია - ”გორელი მაშველების თავდასხმა "ოცნებაზე". გაზეთი წერს: "ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე თავდასხმას შსს-ს ფრიად ორიგინალური რეაქცია მოჰყვა - დააკავეს კოალიციის ორი მხარდამჭერიო”. თუმცა, ავტორი ამატებს, „სრული ჭეშმარიტებისთვის უნდა ითქვას, რომ პოლიციამ ასევე ორი თავდამსხმელიც დააკავაო”.

”ყველა სიახლე” აქვეყნებს ინტერვიუს ირაკლი ალასანიასთან, რომლის სათაურადაც ალასანიას ფრაზაა გამოტანილი: ”არეულობა სამაშველო სამსახურისა და კუდის თანამშრომლებმა მოაწყვეს”. ირაკლი ალასანია ამბობს: ”საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი, რა ესაქმებოდათ სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელსა და კუდის თანამშრომლებს სოფელ მერეთში მაშინ, როდესაც კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის წევრები ამომრჩევლებს ხვდებოდნენ?”

„ყველა სიახლე“ ასევე აქვეყნებს ინტერვიუს ”ქართული ოცნების” კიდევ ერთ წარმომადგენელთან, რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილთან. "ხელისუფლება დღევანდელივით აგრესიული არც ერთი წინასაარჩევნო კამპანიისას არ ყოფილაო”, - ამბობს ის და ამატებს: ” მმართველი გუნდი ხმალამოღებული ებრძოდეს ოპოზიციას, არღვევდეს ყველა კანონს, თითხნიდეს სისულელეს და არქმევდეს კანონს, ამგვარი რამ საქართველოს კი არა, კუბისა და ბირმის ისტორიას არ ახსოვს”.

”ვერსია” კი დღეს ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ვეფხვაძეს გაესაუბრა. მას მიაჩნია, რომ დაპირსიპირება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კიდევ უფრო გამძაფრდება. ”პროცესების რადიკალიზაციაში დარწმუნებული ვარ” - მისი ასეთი ფრაზაა გამოტანილი სათაურად. პასუხისმგებლობას კი ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებასაც აკისრებს და ”ქართულ ოცნებასაც”. ”ივანიშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა”, - ამბობს ის და ამატებს: ”შესაძლოა ივანიშვილის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი არ იყოს, მაგრამ ის კანონიერიაო”.
XS
SM
MD
LG